ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხელი შემოდგომა პარლამენტში


საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე 81 ხმით დაძლია. პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.

„კოლეგებო, ამით საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს, უკვე მეორედ მიღებული, კანონის თანახმად, გადაეგზავნება პრეზიდენტს. შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს კანონი თავისი ხელმოწერით შევიდეს ძალაში,“- განაცხადა დღეს ზვიად ძიძიგურმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე 81 ხმით დაძლია, თუმცა ამ პროცესს შეურაცხყოფების გარეშე არ ჩაუვლია.
შეცვლილი კანონის ერთ-ერთმა თანაავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა საპარლამენტო გამოსვლის დროს საუბარი იმით დაიწყო, რომ კენჭისყრა კატალიზატორის, ერთგვარი წყალგამყოფის როლს ითამაშებდა, გამოიკვეთა, „ვინაა იქით და ვინ აქეთ“. მეჭიაურმა გამოსვლა დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „რაც შეეხება იმას, თუ რაში დავადანაშაულებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: რომ მან ერთი ენჯეოშნიკი-სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის დააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც დღეს-დღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“ (სტილი დაცულია).
საპარლამენტო უმრავლესობისა და კანონის ავტორის რიტორიკა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა როგორც უშუალოდ პრეზიდენტისთვის, ისე არასამთავრობო სექტორის ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლებისთვის. თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი აცხადებს: „ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადებაა არა მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვინც მის მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციაში შეიძლება თავის თავს გრძნობდეს, მათ შორის ჩემთვისაც, პირადად, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ამაყობს იმით, რომ დიდი ხნის, 15 წლის განმავლობაში ვიყავი ეგრეთ წოდებული „ენჯეოშნიკი“.
მეჭიაურის განცხადება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა წევრმა მიიჩნია შეუსაბამოდ. ლევენ ბერძენიშვილი ამბობს: „ცოტა გამაოგნებელია საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი ზუსტად ისეთივე საპატიო საქმიანობაა როგორც სამთავრობო... უკეთესიც, ხანდახან“.
ამერიკის ხმასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა: „ეს კანონი აუარესებს იმ სისტემას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამაზე საუბრობდნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ისეთი პარტნიორები, როგორიცაა იბიარდი (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს ამ კანონის მიღებით, რატომ სურს მმართველ გუნდს ეს? ამის ასახსნელად მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს პერსონალურად აქვს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ და სწორედ ამითაა გამოწვეული ეს ყველაფერი, როგორც ჩანს. მე ამ ყველაფერს ვხსნი მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით. ის, რაც ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ, კანონის სახით, უბრალოდ, უკან გადადგმული ნაბიჯია.“
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ორიოდე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, გუშინ გადაცემა "პოლიტარტში" საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა: „ჩემი განცხადება ვიღაცას შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს, მაგრამ მე ვიყოდი, რომ ეროვნული ბანკის როლი ამ სიტუაციაში (ლარის გაუფასურების თვალსაზრისით, - რედ) შეიძლება იყოს მინიმალური. მე ადრეც განვაცხადე და ახლაც ვიტყვი, რომ იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო, რათა ემოციური ნახტომები ამ კურსის მოძრაობაში მოეხსნა. საბოლოო ჯამში, ეს ემოციურ კომპონენეტს მოხსნიდა იმ მომენტში, მაგრამ გაუფასურების დონეს ვერ შეცვლიდა.“
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მეჭიაურისეული ვერსიის წინააღმდეგ. ამ საქმეში მათი პარტნიორები სამართლებრივი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
XS
SM
MD
LG