ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუჩინარებული ქართველი სამხედრო რუსეთში დევნილის სტატუსით ცხოვრობს


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწყობილ თეთრ კარვებში მხარეებმა რამდენიმე საათი ითათბირეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები ჟურნალისტებთან როგორც ქართული, ისე დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ერგნეთის შეხვედრებზე უმეტესწილად საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური თემატიკა იხილება, ის, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი, დაწყებული სოფლის მეურნეობის სამუშაოებისთვის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებით და დასრულებული დაკავებებით, რასაც, ასევე ორივე მიმართულებით აქვს ადგილი.

ფედერაციაშია და ჯანმრთელადაა. მან მიიღო დევნილის სტატუსი. რაც შეეხება გურამ გეგელაშვილის საკითხს, ოსური მხარის მიერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მას დღეს საღამოს, წითელი ჯვრის დახმარებით გაათავისუფლებენ.
შალვა ენუქიძე, შსს

დღევანდელ შეხვედრაზე ხურვალეთში სამიოდე კვირის წინ შექმნილი დაძაბულობაზეც ისაუბრეს, როცა რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიერვე უწინ მონიშნული საზღვარი უფრო ღრმად, ქართული მხარის მიმართულებით გადმოწიეს. მაშინ ამ ინციდენტს ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოხსნეს, მის ნაცვლად კი საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. თუმცა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, რუსი მესაზღვრეების მიერ დროშა ისევ მოიხსნა.

სწორედ ამ, სახელმწიფო დროშის გამოხსნას ელოდა დღეს საზოგადოება ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა ენუქიძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი მოლოდინის თანახმად, რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული დროშა, შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ქცეულიყო. მოლოდინები გამართლდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარისთვის არავის დაუბრუნებია.

„დროშას რაც შეეხება, ვფიქრობ რაღაც სავაჭრო ფორმას მისცემენ და დღეს დიდი იმედი იმისა, რომ გადმოგვცემენ, არ გვაქვს. სანაცვლოდ მოთხოვნას არ დააყენებენ. ერთადერთი, წინა შეხვედრაზე რაც მოითხოვეს, ესაა მარგიევის ექსპერტიზის დასკვნა. მათი მხრიდან ეს საკითხი, ალბათ დღესაც დაისმება“,- განაცხადა ენუქიძემ.

ერგნეთის შეხვედრაზე ნათელი მოეფინა ორი მოქალაქის საკითხს. ერთი მათგანის გურამ გეგელაშვილის გადმოცემას ქართული მხარე უკვე ერთი წელია ითხოვდა, მეორეს კი - რომან შიტიკოვს, რომელიც საქართველოში სამხედრო ნაწილში მსახურობდა, 2014 წლის აპრილიდან ეძებდნენ. მასზე ინფორმაციას ოსური მხარე რამდენიმე წელი არ ასაჯაროებდა, საბოლოოდ კი უარყო მისი ცხინვალის ციხეში პატიმრობა, რასაც ტყვედმყოფი თვითმხილველები ადასტურებდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შიტიკოვი რუსეთის ფედერაციაშია.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული რომან შიტიკოვი ამჟამად რუსეთის ფედერაციაშია და ჯანმრთელადაა. მან მიიღო დევნილის სტატუსი. რაც შეეხება გურამ გეგელაშვილის საკითხს, ოსური მხარის მიერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მას დღეს საღამოს, წითელი ჯვრის დახმარებით გაათავისუფლებენ,“- ამბობსენუქიძე.

კონფლიქტის ზონაში, იმ მონაკვეთზე, სოფელ ხურვალეთთან, სადაც ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა, ამ დროისთვის მოსავალს ის ფერმერები იღებენ, ვინც საკუთარ მიწის ნაკვეთზე დაუბრკოლებლად გადაადგილებას ახერხებს.

ხოხ გაგლოითიმ, დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრებზე დღეს განაცხადა, რომ საზღვრის დემაკრაციის სამუშაოები, რასაც რუსი მესაზღვრეები ახორციელებენ გაგრძელდება და მისი შეთანხმება ქართულ მხარესთან საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან დემარკაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„წინა შეხვედრიდან დღემდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და ვითარებას ვაფასებთ, როგორც სტაბილურს. მოსახლეობას მიეცემა მოსავლის თავისუფლად აღების შესაძლებლობა. რაც შეეხება, როგორც თქვენ ამბობთ, საზღვრის გადმოწევას, ესაა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად გავაგრძელებთ სამუშაოებს, ამას ჩვენი სასაზღვრო სამსახური გადაწყვეტს,“- ამბობს გაგლოითი.

მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში 23 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG