ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის მორიგი პროვოკაცია


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას თიბილოვის განცხადებაზე მოსკოვს აკისრებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:13 0:00
ბმული

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართულ სოფლებს მთლიანად დაანგრევენ და სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დაწესებულებებს ააშენებენ: „ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული ადგილები აღარ იარსებებს,” - განაცხადა მან. თიბილოვის სიაში 8 სოფელი მოხვდა, მათ შორის თამარაშენი, ქურთა, აჩაბეთი და კეხვი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას თიბილოვის განცხადებაზე მოსკოვს აკისრებს. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა ისევ გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან გამოდევნის შემდეგ, გრძელდება დარჩენილი სოფლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება, რაც პირდაპირ არის ეთნიკური წმენდის მაგალითი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია არა მარიონეტული რეჟიმი, მათ შორის თიბილოვის სახით, არამედ მოსკოვი. სწორედ მოსკოვი არის ოკუპანტი და აკონტროლებს ყველა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღეს ცხინვალის რეგიონში. ამიტომ, თუ ეს მართლა განხორციელდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის და იქნება მოსკოვი.”

საგარეო უწყების განცხადებით, ქართულმა მხარემ უკვე შეატყობინა ეს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და მათ პასუხს, რეაგირებას ელოდება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ვასილ ჭყოიძე ამბობს:

„ეს პროცესი რომ ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა გასაგებია, უბრალოდ თვითონ ასეთი ტიპის პოლიტიკოსების გონებაშეზღუდულობა იწვევს გაოცებას. ღიად ამბობენ ამას, ჩუმად კი არ ანგრევენ და კი არ ამბობენ თავისით დაინგრაო, ღიად ამბობენ: ჩვენ ვანგრევთ, ვხოცავთ, ვშლით ყველაფერს და ვაგრძელებთ ეთნიკურ წმენდას. ამ ხალხს რომ მოუწევთ საერთაშორისო სისხლის სამრთლის სასამართლოში პასუხისგება, მათ როგორც ჩანს ეს არ იციან, ან არავინ აფრთხილებს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინი წარსდგებიან სასამართლოს წინაშე.”

კოალიცია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული სოფლების განადგურებით ისინი ცდილობენ მოსპონ ლაპარაკი დევნილების დაბრუნებაზე:

„თიბილოვის მსგავსი განცხადებები სჩვევიათ ისეთ მმართველებს, რომლებიც ცდილობენ ეთნოწმენდა ჩაატარონ და ეთნიკური ნიშნით მოქლაქეების საკუთრების ან კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით შეცვალონ ისტორია.”

ერეკლე მეორეს საზოგადოების ლიდერი არჩილ ჭყოიძე ამბობს, რომ ძირძველი ქართული 8 სოფელი, ქურთა, თამარაშენი, რომლებიც საუკუნეების მანძილეზე არსებობდა, საქართველოს ისტორიის არცერთ დროს დაკარგული არ ჰქონდა:

„ეს არის ვანდალური ფაქტი, ეს არის ეთნოწმენდა. ეთნოწმენდას ემატება ის, რომ შეიძლება არ მოსწონდეს თიბილოვს ან იმ დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფალი, საქართველოს პოლიტიკა ან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ებრძოლო ძირძველ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე ამ მიწა-წყალზე, ჰქონდა აშენებული სახლ-კარი, ააფეთქონ ეს სახლები, დაანგრიონ და რაღაც სავაჭრო ცენტრები თუ საწარმოებები ააშენონ.

გარდა ამისა, მეორე უდიდესი დანაშაულია, რომ ირღვევა ადამიანების უფლებები. ეს არის იმ ადამიანების პირადი ქონება, რომლებიც ცხოვრობდნენ, დაიბადნენ და გაიზარდნენ იქ. მათ სხვა სამშობლო არ აქვთ, ისინი დაიბადნენ ქართველებად და ცხოვრობდნენ საქართველოში. მათ ერთმევათ არა მხოლოდ სამშობლო, ერთმევათ ასევე, თავიანთი კერძო საკუთრება. მრავალმხრივ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას, პირიქით, კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ერეკლე მეორეს საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე საზოგადო მოღვაწე ვამზადებთ მიმართვას, სადაც რუსეთის ხელისუფლებას და ასევე რუსეთის კათალიკოს-პატრიარქს კირილეს მივმართავთ. ჩვენ გვინდა მას ვთხოვოთ, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნის პატრიარქს, რამენაირად თავისი ავტორიტეტის გამოყენებით შეჩერებული იქნას ეს ვანდალიზმი.”


მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული, შესაბამისად, იქ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება:

„ეს ყველაფერი კი, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დასრულდება, ამის გარანტი მათი პოლიტიკისა და იმ განცხადებების აბსურდულობაა, რომელსაც ისინი აკეთებენ.”
XS
SM
MD
LG