ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლარიზებული ქართული მასმედია


"საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია"- აცხადებს ცნობილი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა ელენე ბარათაშვილი, თბილისი

ჟურნალისტი სტეფან ბანდერა საქართველოში წინასაარჩევნოდ მედიის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” მოწვევით ჩამოვიდა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა, თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. მხედველობაში მაქვს ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება.”

სტეფან ბანდერას თქმით, „ღია დემოკრატიის კომიტეტი” ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე დაკვირვებას გააგრძელებს, თუმცა, მისივე თქმით, თვალში მოხვდა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის ნაკლებობა.

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ირაკლი კორძაია წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიაში შექმნილ ვითარებაზე ამბობს:

„იჩაგრება თანაბრად როგორც მედია, ასევე მედიის მომხმარებელი: მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი. რადგან იქმნება ყოველნაირად დაბრკოლებები იმისათვის, რომ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება გაეცნონ ალტერნატიულ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეებს აეკრძალათ სატელიტური თეფშებით ვაჭრობა, ვფიქრობ რომ ყველანაირი კითხვის ნიშანი გაქრა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია GLOBAL TV, რომელსაც დაუყადაღეს დაახლოებით ერთი თვის წინ სატელიტური ანტენები და სულ ახლახანს ტელეკომპანია MAESTRO-ოს კუთვნილი სატელიტური ანტენები. ასეთი ანალოგიები, რამდენადაც ვიცი ირანში იყო, იყო ასევე რამდენიმე ქვეყანაში, როდესაც შეტევა იყო კონკრეტულად სატელიტურ ანტენებზე, ანუ ჩვენ გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის დამალვის მცდელობასთან. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ინფორმაციის მიწოდების არეალი. სწორედ ამისთვის დაყადაღდა GLOBAL TV ანტენებიც, MAESTROS ანტენებიც, რადიომიმღების ჩართვა აეკრძალათ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს.

არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა რეგიონალური მედია, რომელიც პრაქტიკულად დაუცველია. რამდენიმე ადამიანია, რომლებიც არიან გმირები. საბა წიწიკაშვილზე შემიძლია ვთქვა და კიდევ რამდენიმე ადამიანზე...ზოგიერთ ჟურნალისტს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს რაიმე ინფორმაციის მოწოდება. სამწუხარო ის არის, რომ ეს ტემპი სამწუხაროდ არ ცხრება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ფაქტობრივი მასალა, როგორც ვიდეო მასალა, როგორც თვითმხილველების მონაყოლი, სამართალდამცავი სტრუქტურები აბსოლუტურად არანაირ რეაგირებას ამაზე არ ახდენენ. არადა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დასჯას ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისთვის.”


საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორის ნანა ჯაფარიძის თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს როგორც საზოგადოებაა პოლარიზებული, ისევე პოლარიზებულია მასმედია. მასმედიის ასეთმა პოლარიზებამ შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, თვლის ნანა ჯაფარიძე:

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს შავად და თეთრად ერთმანეთისგან გაიყო მასმედია. ანუ, ჩვენ გვაქვს სახელისუფლებო მასმედიის საშუალებები და ოპოზიციური მასმედიის საშუალებები. თუ კი ადრე ოპოზიციური მასმედიის საშუალებები მაინც ცოტა იყო, ახლა გაძლიერდნენ, მადლობა ღმერთს, ძალიან სასიამოვნოა. გაზეთებიც გამოდის ოპოზიციური, მე-9 არხი დაემატა, MAESTRO უფრო გააქტიურდა და ა.შ. მაგრამ, რას ვამჩნევთ?! ვამჩნევთ იმას, რომ ოპოზიციური არხები , როგორებიც იყვნენ, ისეთივენი დარჩნენ, მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო ოპოზიციური არხებისა. ოპოზიციურმა არხებმაც მკვეთრად, ერთ ფერში, ერთ ტონში დაიწყეს მაუწყებლობა. იგივე ეხება ბეჭდურ მედიას. ანუ, ხდება კვლავ და კვლავ დაპირისპირება, მტრული დაპირისპირება მაქვს მხედველობაში და არა დაპირისპირება პაექრობით. კონკურენცია კი არ არის, არამედ არის მტრული დაპირისპირება. თუ სჭირდებათ ადამიანის წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარი - არაფერს არ ერიდებიან. არც მორალი, არც ეთიკა, არც ის, რომ შეიძლება ამ ადამიანის უკან ოჯახი იყოს."

„ამერიკის ხმა"- „კანონი?"

„კანონზე აღარ არის ლაპარაკი. არ არსებობს ჩვენთან შუალედური ტონი. ბევრი ვიფიქრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ერეკლე მეორეს საზოგადოებამ, დავით სოსლანის საზოგადოების წარმომადგენლებმა, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, არასამთავრობოთა ერთმა ნაწილმა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენ ჟურნალისტებს. იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს ვნებები კიდევ უფრო გამძაფრდება და არავინ იცის რაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ გვაქვს სურვილი, ალბათ 200-300 კაციანი ორ დღიანი, სამ დღიანი კონფერენციის ჩატარება სადღაც გასვლით, რომ ყველა არხიდან, თითქმის ყველა გაზეთიდან, რომელიც არსებობს და მოქმედებს საქართველოში, მათ შორის რეგიონალურებიდანაც, თითო ადამიანი რომ მაინც შევძლოთ მოვიწვიოთ და მივცეთ საშუალება, რომ ერთმანეთს თავიანთ საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრონ. როგორც ფორმალურ სიტუაციაში მრგვალ მაგიდასთან ოფიციალურ ნაწილზე, ასევე არაფორმალურ სიტუაციაში ყავის შესვენებაზე, სადილზე. მათ ეს აუცილებლად სჭირდებათ. დღეს ჟურნალისტებს სჭირდებათ მიხვდნენ, რა არის მათი ფუნქცია!”
XS
SM
MD
LG