ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

საქართველო

700 პატიმარი ქსნის ციხეში წამებაზე საუბრობს

x
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე
„ლევან ლეჟავამ არ მომისმინა შემაგინა და დამარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც დანარჩენმა თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა. წავიქეცი, თუმცა მათ გააგრძელეს წიხლებით ჩემი ცემა. როცა კოჭის ტკივილის გამო დავიყვირე, ამის გამო ერთ-ერთმა ამწია და დამანარცხა იატაკზე. შემდეგ ისევ ნატკენ კოჭზე ჩამარტყეს. ლეჟავას ბრძანებით მოიტანეს ხელბორკილები და ორივე ხელით დამაბეს ხელებაწეულ მდგომარეობაში და მიმაბეს ე.წ „ტურნიკზე“. შემდეგ ლეჟავამ მოატანინა ელექტროშოკი და მადებდა მკლავებზე და კისერზე. თან მაგინებდა და ამბობდა - ენაზე დავადოთო! ამავდროულად მაფურთხებდნენ. ასე დაბმულ მდგომარეობაში ვიყავი დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი. მდარაჯობდა მორიგე, რომელიც ლეჟავამ მკაცრად გააფრთხილა, რომ არ მიეცა ჩემთვის მდგომარეობის შეცვლის საშუალება და ასე ვყოფილიყავი ჩამოკიდებული. რამდენიმე საათის შემდეგ გადამიყვანეს ახალი ზონის სამარტოო საკანში, სადაც არ მქონდა არც ტუალეტის ქაღალდი, არც საპონი, არც გადასაფარებელი და არც ლეიბი.“ 

ეს ჩვენება პატიმარ პაატა მოდებაძის ეკუთნის, რომელიც ქსნის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდიდა. მსგავსი შემზარავი ჩვენებები, სადაც საუბარია ელექტრო შოკით წამებაზე, ჯგუფურ ცემაზე, ხელბორკილებით დაკიდებაზე და წამების სხვა ფორმებზე  სახალხო დამცველის ოფისს სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებაში მყოფმა 700 პატიმარმა მისცა. 2004 წლის შემდეგ, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა მიმდინარეობს, ეს კოლექტიური საჩივარი თავისი მაშტაბებით უპრეცედენტოა. 
„პატიმრები ახსენებენ როგორც „ტრადიციულ“ წიხლებით, ხელით და სხვა და სხვა საგნებით გამოყენებით ცემას, ასევე  ახსენეს ელექტრო შოკი„ 


პატიმრები წამებაში ქსნის ციხის ადმინისტრაციის კონკრეტულ თანამდებობის პირებს ადანაშაულებენ. მათ შორის, ქსნის ციხის დირექტორს შოთა თოლორდავას, მის მოადგილეს ბაჩო რუხაიას, რეჟიმის უფროსს ლევან ლეჟავას, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დიმიტრი ჩხეიძეს, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს გელა იოსავას და სხვებს.  რამდენიმე მათგანი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშებში გასულ წლებშიც მოხვდა, თუმცა თითქმის ყველა ასეთი საქმე ჩაიფარცხა (იხილეთ http://www.amerikiskhma.com/content/gorgia-prison-118504439/534487.html). სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და ოფისის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე კერძოდ ამბობენ:

გიორგი ტუღუში: „ამ ჩვენებებს სერიოზულ დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი რომ დაახლოებით 700 პატიმარმა განაცხადა ამის შესახებ. მათ დაასახელეს დირექტორი თოლორდავა, ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა.“ 

ნათია იმნაძე: „პატიმრები ახსენებენ როგორც „ტრადიციულ“ წიხლებით, ხელით და სხვა და სხვა საგნებით გამოყენებით ცემას, ასევე  ახსენეს ელექტრო შოკი. რამდენიმე მათგანი საუბრობს დახჩობის იმიტაციაზე ანუ წყლით სავსე ჭურჭელში თავს გვაყოფინებდნენო. ასახელებ ლევან ლეჟავას, დიმა ჩხეიძეს, რომლებიც ფიგურირებენ გასულ წლებში ჩვენთან შემოსულ საჩივრებში. ჩემი ინფორმაციით, მათზე არაერთი გამოძიებაა დაწყებული,თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.“
 

ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ჩვენება პატიმარ პეტრე ოვანოვს ეკუთვნის, რომელიც ქსნის ციხის მაღალი თანამდებობის პირებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა ვინაიდან პატიმარმა ოვანოვმა სავარაუდოდ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ჩვენება უარყო. სასჯელაღსრულების იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების უპრეცედენტო კოლექტიურ საჩივარზე კომენტარს არ აკეთებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, წამების ფაქტების გახმაურების შემდეგ, სამინისტრომ ყველაზე აქტიური 30-მდე პატიმარი, მათ შორის პაატა მოდებაძე, ქსნიდან ორთაჭალის ციხეში გადაიყვანა და პირობები გაუარესა. გიორგი ტუღუში ამბობს:

„შემიძლია ცალსახად გამოვთქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრების ორთაჭალაში გადაყვანა ცალსახად არის დაკავშირებული ამ ფაქტთან, რომ მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.“

International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 653 პატიმარი გარდაიცვალა, განსაკუთრებით დიდი სიკვდილანობა 2010 და 2011 წლებში აღინიშნა, როცა ქართულ ციხეებში შესაბამისად 142 და 140 პატიმარი დაიღუპა (იხილეთ http://www.amerikiskhma.com/content/georgia-prison-dead-toll-144644925/1208953.html). 700 პატიმრის კოლექტიური საჩივრის გამო სახალხო დამცველმა უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, თუმცა ჯერჯერობით ისევ უშედეგოდ.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.