ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირებები შიდა ქართლში


სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას ვითარება მოულოდნელად დაიძაბა

შიდა ქართლში პოლიტიკური აქტივობის პროცესს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მიმდინარე კვირას ერთბაშად სამი ანალოგიური ხასიათის ინციდენტი დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეხვედრას დაუკავშირდა. 26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას ვითარება მოულოდნელად დაიძაბა. უნდა აღინიშნოს, რომ მერეთი ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. ამ სოფლის მოსახლეობა ომის დროს და შემდგომ პერიოდში უკიდურესად დაზარალდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები პოლიტიკოსების, მიმართ და აქ იგულისხმება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებს ყურადღების მიღმა ტოვენ და მათ საარჩევნო კამპანიის დროსაც კი არ იხსენებენ. ივანიშვილს მერეთში დიდი სიხარულით შეხვდნენ. მოსახლეობა მის სახელს სკანდირებდა. ინციდენტი კი მას შემდეგ განვითარდა, რაც ბიძინა ივანიშვილთან მოსაუბრე ქალბატონს თანასოფლელი დაუპირისპირდა და უსაყვედურა, რომ იგი ომის დროს გაიქცა.

მერეთში ივანიშვილს ისიც კი განუცხადეს, რომ პუტინის მოკავშირეა და ამის გამო მხარს არ დაუჭერენ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ივანიშვილისადმი ანტაგონისტურად განწყობილი ადამიანები მერეთის მკვიდრნი არ იყვნენ.

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბშიც ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები. აქაც, ისევე როგორც მერეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ინციდენტის პროვოცირება აქაც უცხო ადამიანებმა მოახდინეს. დირბელები აცხადებდნენ, რომ დიდი სურვილი ჰქონდათ „ქართული ოცნების“ პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. მათივე თქმით, არ იციან ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შეკრებილებს მუშტებით გაუსწორდნენ. როგორც მერეთის, ასევე დირბის შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა შორის ქალბატონებიც არიან. ინციდენტების ამსახველი ვიდეო კადრებიდან და თვითმხილველთა განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ ორივე შემთხვევაში დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „ინფო 9“–ის მიერ გადაღებულ ვიდეოში დირბის გამგებელი ჰამლეტ დავრაშელიძე ამბობს:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში დაპირისპირება სოციალურ ნიადაგზე დაიწყო. მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქციებს მართავდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ–ერთ აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მათ მხარი დაუჭირეს და აქვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები გამოჩნდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამივე ინციდენტის დროს დაზარალებულ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. ქეთი ბებიაშვილი, ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ვითარებას შემდეგნაირად აფასებს.

ქეთი ბებიაშვილი: "ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ [აქციაზე] მივიდნენ საჯარო მოხელეები და გარკვეული ინციდენტები შეიქმნა რა დროსაც მოხდა ჩხუბი და, შესაბამისად, ადამიანები დაზარალდნენ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კადრებში, რომლებიც გადაღებულია არაერთი კომპანიის მიერ, ნათლად ჩანს, რომ მონაწილეობენ უშუალოდ საჯარო მოხელეები - [ისინი] უშუალოდ ურტყამენ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიკვლია აღნიშნული კადრები და მოახდინა იდენტიფიცირება, დააკავა რიგითი მოქალაქეები და მათ შორის, “ქართული ოცნების” ორი ისეთი წარმომადგენელი, რომელთაც ფიზიკურად ხელი არ გაუნძრევიათ ჩხუბის დროს და ეს იქნა შეფასებული, რომ [ინციდენტს] მოჰყვა რეაგირება. ხელოვნურად ინსცინირებასთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუმცა, იქ არის აღნიშნული, და კადრები ნათლად მეტყველებს ამაზე, რომ მასში მონაწილეობენ საჯარო მოხელეები და, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც არანაირად არ ევალებოდათ და არ იყვნენ ვალდებულნი, მოსულიყვნენ შეხვედრაზე და მოეხდინათ, ასე ვთქვათ, გარკვეული გარჩევა შეხვედრასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეს არის ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლება."
XS
SM
MD
LG