ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს


კონფლიქტის ზონების შესახებ ჟენევაში მოლაპარაკებებზე შეთანხმებების უდიდესი უმეტესობა კვლავ იმის დეკლარირებას ახდენს, რომ მხარეებს შორის კონსენსუსი მიღწეული არაა.

ჟენევაში კონფლიქტის ზონების თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 32 რაუნდი დასრულდა. მხარეები აღნიშნავენ, რომ საუბრები კონსტრუქციულობის ჩარჩოებს არ სცილდება, თუმცა შეთანხმებების უდიდესი უმეტესობა კვლავ იმის დეკლარირებას ახდენს, რომ კონსენსუსი მიღწეული არაა. უკანასკნელი რაუნდი ჟენევაში დაძაბული აღმოჩნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს: „იყო მცდელობა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემარშის, როდესაც განიხილებოდა მეორე ჯგუფში ლტოლვილების დაბრუნების საკითხი, რამდენიმე მონაწილე გავიდა დარბაზიდან, მეორე ნაწილი დარჩა, შესაბამისად, სრულად იქნა განხილული ეს საკითხი, ისევე როგორც, სხვა ყველა საკითხი. დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ამოვწურეთ ყველა თემა, რაც იყო საინტერესო“.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ორი სამუშაო ჯგუფი იღებს. პირველი ჯგუფის ფარგლებში განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციდან.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ინტეგრაციისა და თანამშრომლობის დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, რითაც რუსული მხარე იქცა ფაქტობრივ თანამონაწილედ ამ ტერიტორიებზე როგორც ძალოვანი უწყებებისა, ასევე საზღვრის დაცვასა და საბაჟო სფეროში, რეალობა შეიცვალა. ამ დოკუმენტების საფუძველზე, რომელსაც ლეგიტიმურად მიიჩნევს რუსეთი და დე-ფაქტო ადმინისტრაციები პასუხიმგებლობის საკითხების რეგულირება რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და საბაჟო კონტროლის მიმართულებით პირდაპირ ეკისრება.
მიუხედავად ასეთი ფუნდამენტური ხასიათის ცვილებებისა, რუსეთი, ისევე, როგორც დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებზე არსებული ფორმატის ჩარჩოებს არ სცილდებიან და შეხვედრებს ხელშეკრულებამდელი, რომელიც მათ შორის გაფორმდა, ფორმატით ესწრებიან. საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი მაშინ, როდესაც პასუხია გასაცემი შეთანხმების იმპლიმენტაცის საკითხზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტვირთების ბრუნვასა და გადაადგილებაზე კონტროლს, ასევე საბაჟო ადმინისტრირებას ითვალისწინებდა და რომელსაც ამოქმედების სამწლიანი ვადა 2015 წლის ბოლოს უმთავრდება. შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2011 წელს გაფორმდა იმის სანაცვლოდ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა, ამბობს: „ახალი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რითაც მთლიანად მოშალა მათ შორის საზღვრები, პირველ რიგში ეკონომიკურ საზღვარზეა საუბარი აქ. მათი, რუსული კანონმდებლობით კონტროლდება ტვირთების გადაადგილება ყოველგვარი დაბეგვრისა და საბაჟო წმენდის, პროცედურების გარეშე. ფაქტობრივად, ერთიანი ეკონომიკური სივრცე შექმნეს, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება. საქართველომ რომ ამ თვალსაზრისით დავა რომ გამართოს რუსეთთან, რას მიღწევს, არ ვიცი, მაგრამ ამის სრული უფლება აქვს. ირღვევა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის პირობები იმით, რომ მისი საბაჟო ტერიტორია არის სხვა და მითითებული ხელშეკრულებაში არის სხვა.“
ჟენევის მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის კამათი გამოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულმა ანგარიშმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG