ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი: "სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას"


რობერტ ჰერმანი, "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი
რობერტ ჰერმანი, "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი

"ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტის თქმით, "რუსთავი 2-ის" საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

“საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა,” ასეთი მოწოდებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" რუსთავი 2-ის საქმეს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის ორ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებით მმართველებად არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, ასევე ნაციონალური მაუწყებლის - ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნენ.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულებელყოფს სამართლებრივ პროცესებს და უარყოფს კანონის უზენაესობას. ჰერმანი ამ ყოველივეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ცენზურის მცდელობად აღიქვამს.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება, ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია.
რობერტ ჰერმანი, ფრიდომ ჰაუსის ვიცე პრეზიდენტი

“ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია. ყველასთვის ცნობილია, რომ "რუსთავის 2" ოცნების მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია. სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი,” ამბობს ჰერმანი.

მისი თქმით, სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც რეგიონში პროგრესის მაგალითი იყო, უკან გადადგმული ნაბიჯია.

“საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. "ფრიდომ ჰაუსის" და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა. ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების და ამერიკის მთავრობის.”

ჰერმანის ამბობს, რომ "რუსთავის 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს იმედებს უცრუებს და არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული დემოკრატიული სტანდარტების ამაღლებას.

საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში, ვფიქრობ ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი.

“საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში, ვფიქრობ ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი. საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან. ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს. ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. ქართული ოცნების მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა, სწორედ ამიტომ არის ასეთი იმედგაცრუება."

ექსპერტს უჩნდება კითხვა, ხომ არ არის "რუსთავი 2"-ის საქმე ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მომასწავლებელი:

“როცა სამართლებრივი პროცესების გვერდის ავლა ხდება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს კანონის უზენაესობის მოშლის და საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლის მომასწავლებელი შეიძლება იყოს.”

ჰერმანის თქმით, მსგავსი საქმეები საქართველოს მიერ რამდნეიმე წლის განმავლობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს არ შეესაბამაება. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოხმაურებების შედეგად მიხვდება, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს.

XS
SM
MD
LG