ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა "ფიფას" წევრების ექსტრადირებას ითხოვს


შეერთებული შტატები შვეიცარიიდან „ფიფას“ 7 ოფიციალური პირის ექსტრადირებას ითხოვს. ამერიკელი გამომძიებლები ბრალს ჯერჯერობით „ფიფას“ 9 ოფიციალურ პირს და 5 კორპორატიულ მაღალჩინოსანს უყენებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები „ფიფასთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო შვეიცარიიდან 7 ოფიციალური პირის ექსტრადირებას ითხოვს. შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, საუბარია ციურიხში მაისში დაპატიმრებულ პირებზე, რომლებიც ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილი. ამერიკა ბრალს „ფიფას“ 9 ოფიციალურ პირს და 5 კორპორატიულ მაღალჩინოსანს უყენებს. ბრალდებებს შორისაა: ფულის გამოძალვა, ყალბი გადარიცხვები და ფულის გათეთრება.

პარალელური გამოძიება მიმდინარეობს შვეიცარიაში. იქ 2018 და 2022 წელს რუსეთისთვის და ყატარისთვის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ გარემოებებს იკვლევენ. შვეიცარიელი პროკურორები 53 შემთხვევას იძიებენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში განაცხადების შეტანისას, სავარაუდო ფულის გათეთრების ინციდენტებს უკავშირდება.

შვეიცარიის გენერალური პროკურორის მიშელ ლუბერის განცხადებით, გადარიცხვები შვეიცარულ ბანკებში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული განგაშის სისტემამ გამოავლინა და სიგნალი გააგზავნა. მისი თქმით, ბანკებმა საკუთარი მოვალეობა შეასრულეს და ამის შესახებ სათანადო უწყებებს აცნობეს. გენერალური პროკურორის ცნობით, „უზარმაზარ და რთულ საქმეზეა“ საუბარი. „ფიფამ“ მიმდინარე გამოძიების ფონზე თავად შეწყვიტა 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადების შეტანის პროცესი.

XS
SM
MD
LG