ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი ევროპის საგარეო დახმარებაზე ახდენს გავლენას


ახალი კვლევების თანახმად, ევროკავშირის დახმარება მცირდება

ევროპის ფინანსური კრიზისის შედეგები შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს პლანეტის უღარიბეს ქვეყნებზე. ახალი კვლევების თანახმად, ევროკავშირის დახმარება მცირდება და მილიარდობით დოლარი გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებამდე ვერ აღწევს. “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ლიზა ბრაიანტი მოგვითხრობს პარიზიდან.
ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის - “კონკორდის” მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ვერ ასრულებს დანაპირებს, რაც ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 0.7 პროცენტის განვითარების პროგრამებისთვის თანხის გაღებას ითვალისწინებს.

“კონკორდის” დახმარებების კოორდინატორის, სუზანა სლადკოვას თქმით, გაცილებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან ევროპული სახელმწიფოები უკვე მესამე წელია ფინანსურ კრიზისს ებრძვიან.

“ვფიქრობთ, რომ ფინანსური კრიზისის დროსაც კი, წევრ სახელმწიფოებს შეუძლია აღებული ვალდებულებების შესრულება. ტენდენცია კი საპირისპიროს აჩვენებს.“

“კონკორდის” ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თერთმეტმა ქვეყანამ 2011 წელს დახმარებები შეამცირა. მიმდინარე წელს კიდევ ცხრა ქვეყანა გეგმავს ანალოგიურ შემცირებებს.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლმა ჯგუფმა - “უან”-მა მსგავსი შედეგების მქონე კვლევა გამოაქვეყნა. ჯგუფის განცხადებით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დახმარების ბიუჯეტს ამცირებენ, არიან [ფინანსურ] შეჭირვებაში მყოფი საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, თუმცა, ასევე, ევროპის ორი უდიდესი ეკონომიკის სახელმწიფო - საფრანგეთი და გერმანია.

“კონკორდი” ასევე ამბობს, რომ 9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებამ გასულ წელს ღარიბ სახელმწიფოებამდე ვერ მიაღწია და, სანაცვლოდ, სხვა სფეროებში - ქვეყნაში მყოფი ლტოლვილების ან ვალის შემსუბუქების მიმართულებებით დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული ანგარიში სრულიად უიმედო არ არის. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბრიტანეთი და შვედეთი, განვითარების პროგრამებში თავიანთი დახმარების წილს ინარჩუნებენ ან ზრდიან. იგივე შეიძლება ითქვას კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ირლანდიაზეც.

“ფინანსურმა კრიზისმა ირლანდიაზე მნიშვნელოვანი [უარყოფითი] ზემოქმედება მოახდინა. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ქვეყანა განაგრძობს დახმარების გაცემას,” - ამბობს სლადკოვა.

ევროკომისიის სპიკერის, კეთრინ რეის თქმით, ევროკავშირის აღმასრულებელი გუნდი შეთანხმდა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დახმარებები უნდა გაზარდოს.

“კრიზისის ჟამს, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს მსოფლიოს უღარიბესი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, დანაპირების შესაბამისად, ყოველწლიურად უზრუნველყონ დახმარების ბიუჯეტის ზრდა,” -
თუმცა, ამავდროულად, კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ერთობლივად, მსოფლიოს უდიდეს დონორს წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG