ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განათლების პრობლემა კონფლიქტურ ზონებში


გაეროს მონაცემებით დღეს მსოფლიოში 19 მილიონი დევნილია.

უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ომებში 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 6 მილიონზე მეტი უუნაროდ დარჩა. ათობით მილიონ ბავშვს დღეს კონფლიქტურ ზონებში განათლების მიღება არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში სკოლაში სიარულს ისინი ფიზიკური თუ ემოციური ტრავმის გამო ვერ ახერხებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში განათლების დეფიციტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და სიღატაკის მაჩვენებლის ზრდას იწვევს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ჩვენებით, რუსული ანტონოვის ტიპის თვითმფრინავებიდან დაბომბვა განურჩევლად ხდება და ძალიან ხშირად მათი მსხვერპლი სოფლის სკოლის შენობებია. „ნაგებობას თუკი დაინახავენ, პირდაპირ ბომბებს უშენენ“ - ეუბნება ის არასამთავრობო ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“. მისი მონათხრობი სხვა მრავალ დოკუმენტურ მასალასთან ერთად გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს, უახლეს პუბლიკაციაშია შესული, რომელიც სათაურით -„განათლება ყველასთვის - გლობალური მონიტორინგის ანგარიში“- გამოქვეყნდა.

ყოველწლიური ანგარიში საყოველთაო საშუალო განათლების 3-წლიანი გლობალური კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მისი მიზანია იმ ქვეყნების წარმოჩენა, რომლებიც გაეროს საერთაშორისო პროგრამას „ათასწლეულის განვითარების მიზნებს“ ყველაზე მეტად ჩამორჩებიან. რაულინ როუზი მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის დირექტორია.

“35 კონფლიქტით დაზარალებული ქვეყანა შევისწავლეთ. 28 მილიონზე მეტ ბავშვს -42 პროცენტს- სკოლაში სიარულის საშუალება არ აქვს. მიზეზი სხვადასხვაა, ზოგან სკოლაა კონფლიქტის ზონაში და ბავშვებისთვის იქ მისვლა სახიფათოა, ზოგან კი მასწავლებლები აღარ არიან. ხშირ შემთხვევაში გოგონები სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და სკოლაში ამიტომ ვერ დადიან“ - აღნიშნავს ანგარიშის ხელმძღვანელი.

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი არამარტო გოგონები, არამედ ბიჭებიც ხშირად ხდებიან. გაეროს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რამდენიმე ქვეყნიდან აქვს. მათ შორისაა სუდანი, კონგოს დემოკრატიურლი რესპუბლიკა, ჩადი და დარფური. მსხვერპლი ასეთ შემთხვევაში სოციალურად იზოლირებული ხდება და სკოლაში აღარ ბრუნდება.

გაეროს ანგარიშით სიერა ლიონეში საშუალო განათლების ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურებული იყო. ერწლიანი ომის შემდეგ სკოლების ნახევარზე მეტი აღსადგენი გახდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებს ჟენევის კონვენციაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელიც საჯარო ადგილების, მათ შორის სკოლების და საავადმყოფოების დაბომბვას კრძალავს. მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამბოხებული მხარე ხშირად ხელისუფლების ძალაუფლების სიმბოლოდ თვლის და შეტევებს პოლიტიკური თვალსაზრისით ახორციელებს. ამის მაგალითი არაერთია იემენში და სომალიში. არის შემთხვევები, როცა სკოლები რელიგიური ან იდეოლოგიური პროპაგანდის სამიზნე აღმოჩნდება ხოლმე.

ავღანეთში გოგონების განათლება სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სარწმუნოებრივ შეურაცხყოფად აღიქმება. ამიტომ ქალთა სკოლები მათი პირდაპირი სამიზნე ხდება. მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში სკოლები ორმხრივი ცეცხლის ეპიცენტრია - ამბობს ქალბატონი როუზი.

პრობლემად რჩება იძულებით გადაადგილებულთა განათლებაც. გაეროს მონაცემებით დღეს მსოფლიოში 19 მილიონი დევნილია. მათი დაახლოებით ნახევარი 18 წლის ასაკის, ან უფრო პატარაა. საერთაშორისო შეთანხმების საფუძვლეზე მათი განათლება გარანტირებული უნდა იყოს, მაგრამ კანონი ყველგან ერთნაირი წარმატებით არ მოქმედებს. ქალბატონი როუზის თქმით, ის ჩრდილოეთ კენიას ეწვია, სადაც სომალიდან დევნილი 250 ათასი ადამიანი სახლობს.
იუნესკოს ანგარიშის მიხედვით კონფლიქტურ ზონებში შეიარაღების დაფინანსება როგორც წესი განათლების სისტემის დაფინანსებას ბევრად აღემატება.


ბავშვების ნახევარი სკოლაში არ დადის. ვინც დადის, მათთანაც ხშირად თითო კლასში 300 ბავშვზე მეტია. მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად თანდათან უარესდება. და მათთვის ეს დროებითი გამოსავალი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დევნილთა ბანაკები იქ უკვე 20 წელიწადს ითვლის, სიტუაციის ტრაგიკულობას უფრო ადეკვატურად აღვიქვამთ“ - ამბობს გაეროს წარმომადგენელი.

იუნესკოს ანგარიშის მიხედვით კონფლიქტურ ზონებში შეიარაღების დაფინანსება როგორც წესი განათლების სისტემის დაფინანსებას ბევრად აღემატება. ზოგიერთ შემთხვევაში - ორჯერ, ან მეტად: ეთიოპიაში ის ორჯერ მეტია, ჩადში - ოთხჯერ, პაკისტანში კი - შვიდჯერ მეტი. გაეროს ექსპერტების თქმით, პაკისტანმა სამხედრო შეიარაღების ბიუჯეტი მხოლოდ ერთი მეხუთედით რომ შეამციროს, დაზოგილი თანხა საყოველთაო საშუალო განათლებას მთლიანად უზრუნველყოფდა.

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში პოზიტიური შედეგიც არის დაფიქსირებული: ბოცვანას ხელისუფლება ალმასის ექსპორტიდან შემოსულ თანხას საყოველთაო საშუალო განათლებას ახმარს და ამით საფუძველს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას უყრის. თუმცა, გაეროს ექსპერტების თქმით, ბოცვანა ანგარიშში მხოლოდ ერთეული გამონაკლისის სახით ფიგურირებს.
XS
SM
MD
LG