ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიალოგი რიგითი მონაწილეების თვალით


ვთვლი, რომ ეს დიალოგები ძალიან შედეგიანია და რატომ: ჩვენთან ერთად მოდიან ქართველი და ოსი ახალგაზრდებიც" - მაყვალა ბერიშვილი, დევნილი ცხინვალიდან.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00

ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური შეხვედრები კონსპირაციულად იმართება და მასპინძელი სხვა, ეგრეთწოდებული ნეიტრალური ქვეყანებია. დიალოგის პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება. შეხვედრების ორგანიზატორებს ამ ყველაფრის მოწყობისთვის არაერთი ბიუროკრატიული წინაღობის დაძლევა და მონაწილეთა სურვილის გათვალისწინება უწევთ. რამდენად იგრძნობა პროგრესი ურთიერთობებში, როგორც ქართულ-ოსურ, ისე ქართულ-აფხაზურ შეხვედრებზე, ამის შესახებ ამერიკის ხმა ორმხრივი დიალოგების მონაწილეებს ესაუბრა.
მაყვალა ბერიშვილი ცხინვალიდან დევნილია. ის შეხვედრებს 2008 წლიდან ესწრება და მათ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, რადგან ღრმად სწამს, დადგება უკეთესი დროც, როდესაც ქართველებსა და ოსებს ერთმანეთთან მისასვლელად შემოვლითი გზა აღარ დასჭირდებათ, სწორედ მაშინ უკიდურესად სასარგებლო აღმოჩნდება ის კონტაქტები, რაც ამგვარ შეხვედრებზე ყალიბდება. „ვთვლი, რომ ეს დიალოგები ძალიან შედეგიანია და რატომ: ჩვენთან ერთად მოდიან ქართველი და ოსი ახალგაზრდებიც, ისინი, ვისაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ არ უცხოვრიათ და ეცნობიან, თუ რას საქმიანობენ ესენი აქეთ და ისინი იქით. ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით, შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ვემზადებით: ჩვენ აქეთ და ისინი იქით - ღმერთმა ქნას და შერიგება რომ მოხდეს, ჩვენ გვქონდეს დასაყრდენი მათზე და მათ ჩვენზე“,- ამბობს მაყვალა ბერიშვილი.
ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დინამიკაში პროგრესს ნაკლებად ხედავს ამგვარი შეხვედრების მონაწილე, ლია ჩლაჩიძე. მისი მოსაზრებით, საქმეს ართულებს ის, რომ შეხვედრებიდან უკან დაბრუნებულ კოლეგები ურთიერთობების გაღრმავების მხრივ ენთუზიაზმს ნაკლებად იჩენენ. „როცა ვხვდებით ერთმანეთს, ურთიერთობები ძალიან თბილია, მაგრამ როგორც კი ისინი მიდიან ადგილებზე, ურთიერთობებიც ცივდება. მესმის, რომ ესაა უბრალოდ მათი შიში, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებითაც გააგრძელებდნენ ჩვენთან ურთიერთობებს. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ პრივატული ურთიერთობები და შეხვედრები არის ძალიან პოზიტიური, ძალიან თბილი, შეიძლება დასახო რაღაც გეგმებიც, მათი და ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდეს საკითხებიც, რაზეც შეიძლება თანამშრომლობა. მაგალითად, მათ აქვთ სურვილი გაკეთდეს ერთობლივი, ქართულ-ოსური პროექტები, სურვილი აქვთ, მაგრამ ამის ნება არ აქვთ... რუსეთიდან, ვლადიკავკაზიდან, უნდა მოუარონ, აიღონ რუსული პასპორტები და ასე, შემოვლითი გზით, ლარსის საბაჟოდან შემოვიდნენ საქართველოში. მათ აქვთ სურვილი, იყოს შესაძლებლობა, ასე, ორ ნაბიჯზე, ცხინვალიდან ერგნეთზე გამოვიდნენ და შემოვიდნენ საქართველოში. ასე არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, ესეც იმ დიდი რუსული პოლიტიკის ნაწილია, რასაც ახორციელებენ,“- ამბობს ლია ჩლაჩიძე.
მაყვალა ბერიშვილის მოსაზრებით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც დიალოგის პროცესს მოაქვს, მტრის ხატის მსხვრევაა. „შეხვედრების შემდეგ გვეუბნებიან, რომ ქართველები არც ისე ცუდები ვყოფილვართ“, -ამბობს იგი. „რაც უფრო მეტი ადამიანი დაჯდება ერთმანეთის პირისპირ და დაინგრევა მტრის ხატი, მით უკეთესია ჩვენი ურთიერთობებისთვის. შეხვედრებზე თავიდან მოდიან აგრესიული განწყობით, განსაკუთრებით ახალგაზრდები და შემდეგ, ხუთი დღის მანძილზე, როდესაც ისინი ურთიერთობაში შემოდიან, ცრემლებით გვემშვიდობებიან ხოლმე და არც მალავენ, ამბობენ: არ გვეგონა, თუ ქართველები ასეთი კარგები იყვნენო. ამას რომ გეტყვის მეორე მხარე, რომელიც შენი „მოწინააღმდეგეა“ და რომელთანაც ასეთი გათიშული ხარ, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შედეგი ესაა“, - გვითხრა მაყვალა ბერიშვილმა.
პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, დიალოგის პროცესის ოსი და აფხაზი მონაწილეები ქართველებთან ერთობლივი შეხვედრების შესახებ ღია საუბარს ერიდებიან.
XS
SM
MD
LG