ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: „დასავლეთმა რუსეთი გააძლიერა“


2008 წლის აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავის მოახლოებასთან ერთად ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება საქართველო-რუსეთის ომის ერთგვარი გაგრძელებაა. ამ მოსაზრებას იზიარებს რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

ინტერვიუ რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან

ამერიკის ხმა: ვაშინგტონში ბევრი მიიჩნევს, რომ არ იქნებოდა უკრაინის კონფლიქტი 2008 წელს დასავლეთს რუსეთისთვის სათანადო პასუხი რომ გაეცა, თქვენ იზიარებთ ამ შეფასებას?

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ 2008 წელს, როცა რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და დედაქალაქს მიუახლოვდა ისეთი ამბიციური არ იყო, როგორიც დღეს არის. ის წაახალისა იმის ნახვამ, რომ დასავლეთი ნატოს არაწევრ ქვეყნებში მისი აგრესიის შეჩერებით დაინტერესებული არ იყო. ამან რუსეთი გააძლიერა. ჩვენ მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისასაც ვნახეთ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ როცა დიქტატორს უთმობ, მისი მადა იზრდება, ეს ვნახეთ 30-იან წლებში და სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ დღეს რუსეთთან მიმართებით.

ჩვენ ვისწავლეთ, რომ როცა დიქტატორს უთმობ, მისი მადა იზრდება, ეს ვნახეთ 30-იან წლებში და სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ დღეს რუსეთთან მიმართებით.
ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კინზინგერი

ვლადიმირ პუტინი გაძლიერდა იმით, რომ საქართველოში თავისი გაიტანა, ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი, ჩვენ ევროპელი მოკავშირეები მას აღუდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით დიდ პრობლემას წავაწყდებით.

ამერიკის ხმა: რუსეთი აგრძელებს საქართველოში მცოცავ ოკუპაციას, ადმინისტრაციული საზღვრის ნიშნები ამ ორიოდე კვირის წინ ისევ შეიცვალა, ამდენი საერთაშორისო გამოწვევის ფონზე - როგორიცაა ყირიმი, ისლამური სახელმწიფო, ირანის ბირთვული პროგრამა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცა?

ადამ კინზინგერი:კონგრესს საქართველო არ დავიწყებია, მაგრამ კონფლიქტი საქართველო-რუსეთის საზღვრებს გასცდა და საფრთხე შეუქმნა მთლიანად ევროპას.

ჩნდება კითხვა - რა იქნება შემდეგი? ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკა მკაცრად აღუდგეს წინ ვლადიმირ პუტინს. ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ ის ვერასდროს დაამარცხებს შეერთებულ შტატებს, იცის რომ მისი ქვეყანა ამერიკაზე ბევრად სუსტია. მაგრამ ჩვენ უნდა ავდგეთ და გარკვევით ვუთხრათ მას, რომ თუ ის მეზობლების განადგურებას გააგრძელებს, ის წააწყდება სამხედრო ძალას ან ქვეყანას, რომელიც მის განზრახვებს შეაჩერებს.

ამერიკის ხმა: საქართველოსგან განსხვავებით უკრაინა დიდი ქვეყანაა 45 მილიონი მოსახლეობით და ყირიმი დაახლოებით ნიდერლანდების ზომისაა. ფაქტი რომ უკრაინამ ლეტალური დახმარება არ მიიღო, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩა?

ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი
ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მარტო დატოვეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ამერიკას არ ჰყავს ისეთი ძლიერი პრეზიდენტი, როგორიც ალბათ უნდა ჰყავდეს. უკრაინის საკითხზე ვაშინგტონში დიდი უთანხმოებაა. არსებობს საჭიროება, რომ უკრაინამ ლეტალური იარაღი მიიღოს, ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა, რათა მათ თავდაცვა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლონ.

მე ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ყირიმზე ნაკლებს საუბრობენ. ჩვენ ეს საკითხი უნდა გვახსოვდეს და ის რუსეთთან საუბრის თემა უნდა იყოს. როგორც ჩანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება არ მუშაობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ხმა ავიმაღლოთ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაში დიდითანხები ჩადონ და ყველას დაანახონ, რომ აგრესორის მიერ მათი კონტინენტის დანაწილებას არ შეეგუებიან.

ამერიკის ხმა: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 1240 ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მოითხოვა, ზუსტად იმდენივე, რამდენი ქობინიც უკრაინამ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით დათმო. რას ფიქრობთ მის მოთხოვნაზე?

ადამ კინზინგერი: მე აბსოლუტურად მიმაჩნია, რომ უკრაინამ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის შესაძლებლობა გაანადგუროს რუსეთის არმია, ჩვენ კარგად ვიცით რომ რუსეთს უკრაინაზე ბევრად მეტი შეიარაღება აქვს.

მაგრამ მგონია, რომ თუ ჩვენ რუსულ ჯარს სათანადო დარტყმას მივაყენებთ, ვლადიმირ პუტინი მიხვდება, რომ ყოველი მომდევნო ბრძოლა ძვირი დაუჯდება, რაც საბოლოოდ რუსეთის არმიის დამარცხებით დასრულდება.

ამერიკის ხმა:რუსეთის გავლენა იზრდება ბალკანეთის ქვეყნებშიც, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს რეგიონში ამერიკის ნაკლებმა ჩართულობამ გამოიწვია?

ამერიკას, როგორც 19-ტრილიონიანი ეკონომიკის ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში მეტი პასუხისმგებლობა აქვს.
ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის ქვეშ, ამერიკა საერთაშორისო პოლიტიკაში ნაკლებადაა ჩართული. ეს შეიცვლება. ობამას წელიწადნახევარი დარჩა. იმის მიუხედავად რესპუბლიკელები მოიგებენ არჩევნებს თუ დემოკრატები, ამერიკას უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა ექნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველგან ომს დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვექნება. ამერიკას, როგორც 19-ტრილიონიანი ეკონომიკის ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

ამერიკის ხმა: რუსეთში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის ნაკლებობასთან ერთად იზრდება კრემლის პროპაგანდა, რომელიც ხშირად ანტი-ამერიკულია. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ამის საპასუხოდ?

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ამერიკის ხმაში, რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებაში და სხვა მედია საშუალებებში. არა იმისთვის, რომ რუს ხალხს მიკერძოებული ინფორმაცია მივაწოდოთ, არამედ იმისთვის, რომ ჰქონდეთ წვდომა სიმართლეზე, მიკერძოებულ ინფორმაცის ისინი კრემლისგან იღებენ.

როცა კრემლი მშვიდი სახით ამტკიცებს, რომ არაფერი აქვს საერთო მშვიდობიანი ავიალაინერის ჩამოგდებასთან, ნათელია, რომ რუსული მედიისგან სიმართლეს ვერ გაიგებ. ამიტომაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია როგორც რუსეთში, ასევე რუსეთს გარეთაც ხალხს სათანადო ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რათა გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ, ვფიქრობ ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.

XS
SM
MD
LG