ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი და კონგრესი გუანტანამოს დახურვაზე ვერ თანხმდებიან


გუანტანამოს ციხე
გუანტანამოს ციხე

იმ დროს, როცა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციის მიერ გუანტანამოს ყურეში არსებული ციხის დაკეტვის გეგმის გამოქვეყნებამდე დღეები რჩება, რესპუბლიკელთა მიერ მართულმა კონგრესმა ამ გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ერთი საკვანძო პირობის დაშვება გამორიცხა.

სენატმა, სამშაბათს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კონგრესს საბოლოო დამტკიცებისთვის წარუდგინა, რომელიც წინა კანონის მსგავსად ადგენს, რომ გუანტანამოზე მყოფი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარე ციხეებში გადაყვანა არ მოხდება.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა ამ წინაპირობას „სტატუს ქვოს სამწუხარო შენარჩუნება“ უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ ეს, ადმინისტრაციის მიერ ციხის და

ხურვის გეგმის შემუშავების ძალისხმევას არ ცვლის.

კაპიტოლიუმში პრეზიდენტის ზოგიერთი უახლოესი მოკავშირეც თვლის, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, თეთრი სახლის მიზნის მიღწევას აფერხებს.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უმაღლესი რანგის დემოკრატმა, სენატორმა ბენ კარდინმა„ამერიკის ხმა“-ს უთხრა: „თუ ეს კანონი შეზღუდვებს დააწესებს, იქ დარჩენილი პატიმრების ბედის გადაწყვეტა გართულდება“.

როგორც იუწყებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად გამარჯვებიდან შვიდი წლის შემდეგ, მისი ადმინისტრაცია ამერიკის უმაღლესი დონის დაცულობის ციხეებს იკვლევდა, რათა რამდენიმე ათეული პატიმარი, რომელთა გათავისუფლება საფრთხის შემცველი იყო, იქ მოეთავსებინა. გუანტანამოს ბანაკის დახურვა, ობამას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

გუანტანამოს ციხეში 113 პატიმარი რჩება
გუანტანამოს ციხეში 113 პატიმარი რჩება

რესპუბლიკელმა სენატორმა ორინ ჰეჩმა თქვა: „გუანტანამოზე ნამყოფი ვარ, ის პირველი კლასის ობიექტია. კიდევ სად უნდა მოათავსო ის პირები, რომელთა მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანის მიყენებაა?“

2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მოწყობილი გუანტანამოს ბანაკის პატიმრების რაოდენობა შემცირდა და თავდაპირველი 800-დან, დღეისათვის 100-ზე ცოტა მეტია.

ადმინისტრაცია და ბევრი დემოკრატი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ეს ობიექტი ამერიკის საერთაშორისო რეპუტაციას ვნებს და ტერორისტული ჯგუფების რეკრუტირების იარაღად არის ქცეული. ისინი უარყოფენ მოსაზრებებს, რომ მაქსიმალური დაცულობის ციხეებში მოთავსებული პატიმრები, შეერთებული შტატების შიდა უშიშროებას რაიმე საფრთხეს შეუქმნიან.

მოსალოდნელია, რომ ობამა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ხელს მოაწერს და ის კანონად იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია გუანტანამოს დაკეტვის გეგმის გამოქვეყნებას აპირებს და ეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის კიდევ ახალ ბრძოლას ამზადებს.

დემოკრატმა სენატორმა დაიანა ფაინსტაინმა აღიარა, რომ „კანონპროექტის ენა შეზღუდვას შეიცავს“, თუმცა იქვე დაამატა, რომ მთლიან კანონპროქტზე ხელის მოწერასთან ერთად, ობამას შეეძლებოდა გამოეცხადებინა, რომ გუანტანამოსთან დაკავშირებით ამ კანონის უგულებელყოფას აპირებს. ფაინსტაინმა იქვე დაამატა: „წინა პრეზიდენტებს ასეთი რამ, ასობით კანონპროექტთან დაკავშირებით აქვთ გაკეთებული“.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ გუანტანამოს ობიექტი ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განკარგულებით შეიქმნა და პატიმრების სხვაგან გადაყვანის შემთხვევაში, ობამას განკარგულებით მისი დაკეტვა შესაძლებელი იქნებოდა.

დემოკრატმა სენატორმა ქრის ქუნსმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა: „გუანტანამოს სრულად დაკეტვის არანაირი გზა არ არსებობს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მისაღები იქნებოდა, თუ ზოგიერთი პატიმრის ამერიკის ტერიტორიაზე გადაყვანა არ მოხდა.

გასულ კვირაში, პრეს მდივანმა ერნესტმა, გუანტანამოს თაობაზე საპრეზიდენტო განკარგულების შესახებ არც წინასწარი ვარაუდი გამოთქვა და არც გამორიცხა.

რესპუბლიკელებმა ობამას ერთპიროვნულად მოქმედების უფლება უარყვეს.ჰეჩმა თქვა: „ეს პრეზიდენტი იმით არის ცნობილი, რომ ისეთ საპრეზიდენტო განკარგულებები აქვს გამოცემული, რომლებიც არ უნდა გამოეცა.

შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა: „მან შეიძლება ეს სცადოს, ის კონსტიტუციას პატივს აღარ სცემს“.

სენატორ ფაინსტაინს ადმინისტრაციის წინადადების გაცნობა სურს. მან თქვა: „ვნახოთ რა იქნება, ახლა რაც გვჭირდება, ეს გეგმაა. გეგმა თუ იქნება, ვარაუდების გამოთქმაც შეწყდება.

XS
SM
MD
LG