ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში: უკრაინის კრიზისი, ევროკავშირი, აშშ


დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში
დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში

კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჰარიმანისა და ევროპის ინსტიტუტებმა უკრაინის კონფლიქტის შესახებ მრგვალი მაგიდა გამართეს. რა სარგებელს მოუტანს რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკური სანქციები უკრაინას? ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პიერ ვიმონტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა ტარიკ ამარამ და ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ქულიმ ისაუბრეს.

პიერ ვიმონტი კოლუმბიის უნივერსიტეტში უკრაინის კონფლიქტსა და სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარებზე სასაუბროდ მიიწვიეს. კონფლიქტის დაწყებისთანავე, ევროკავშირმა თავი ვალდებულად ჩათვალა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულიყო. რამდენად გაართვა თავი ამ გამოწვევას 28- წევრი სახელმწიფოს გაერთიანებამ?

პიერ ვიმონტი: ევროკავშირი რუსეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას ცდილობდა, თუმცა რუსეთმა, უფრო სწორედ პუტინმა, მის არცერთ მცდელობას შემხვედრი ნაბიჯით არ უპასუხა. რუსეთის პოზიცია ყოველთვის სიტუაციის ესკალაციისკენ იყო მიმართული. უკრაინის პრობლემა ევროპის პრობლემაცაა. ევროკავშირი მოლაპარაკებებში ამიტომ ჩაერთო. მისი სამშვიდობო ინიციატივების უგულვებელყოფის შემდეგ კი, შეერთებულ შტატებთან ერთად, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აამოქმედა. არ მახსენდება ევროკავშირის ისტორიაში არცერთი გადაწყვეტილება, რომელსაც მისმა წევრმა 28 სახელმწიფომ ასე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. თითოეულმა წევრმა გაიაზრა, რომ ევროპის დაცვა მხოლოდ ასეთი ზომებით შეიძლებოდა.

გეოპოლიტიკური ინტერესები და გავლენის სფეროს დაკარგვის შიში - რუსულ ისტებლიშმენტში ასეთი განწყობები მას შემდეგ გაჩნდა რაც, ევროკავშირმა პოსტ-საბჭოთა სივრცის ექვს ქვეყანას, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასოცირების ხელშეკრულებები შესთავაზა. გვესაუბრება ალექსანდრ ქული:

ალექსანდრ ქული: ნატოს განცხადებამ, რომ ყველას შეუძლია, გახდეს მისი წევრი, თუ შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს; ევროკავშირის განცხადებამ, რომ რომ ყველას შეუძლია, გახდეს მისი ასოცირებული პარტნიორი, თუ ევროკავშირის პრინციპებს გაიზიარებს, რუსეთი გავლენის სფეროების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითები გვაფიქრებინებს, რამდენად შესაძლებელია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა გაატაროს და ამავე დროს, ალიანსში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვას. ეს ყველაფერი ძალიან რთულად მოჩანს.

ბუნდოვანებაა მინსკის ხელშეკრულების შესრულების საკითხშიც. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის ხმაურიანი გადადგომის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიმართ ნდობა იკარგება. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტარიკ ამარა ამბობს, რომ ყოფილი მინისტრის განცხადებები კორუფციის შესახებ დასავლეთის თვალში უკრაინის პრეზიდენტის სანდოობას ამცირებს.

ტარიკ ამარა: უკრაინის ეკონომიკაში სტატუს-კვოს შენარჩუნება გამორიცხულია. ვითარება ან უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, ან უარესობისკენ. ეს უკრაინის მთავრობაზეა დამოკიდებული. რეფორმების გასაგრძელებლად ვადამდელი არჩევნების ჩატარებამ, შესაძლოა, ძალიან საშიში პროცესები გამოიწვიოს. საინტერესოა შესაძლო პოლიტიკური კოალიციის კონტურებიც, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ აბრამოვიჩუსისაგან უარი მიიღო. პრემიერ-მინისტრ იაცენუკის პოზიცია სუსტია. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხოლო ბრალდებები უმაღლესი დონის კორუფციის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს რეპუტაციას ურტყამს. ასე რომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

პიერ ვიმონტი: რთულია, იწინასწარმეტყველო, რამდენად შედეგიანი იქნება უკრაინული რეფორმები. სკეპტიციზმი ახლდა საქართველოში დაწყებულ ცვლილებებსაც. ეჭვობდნენ, რამდენად მოახერხებდა ხელისუფლება მაღალ ეშელონებში არსებული ტოტალური კორუფციის აღმოფხვრას. ბევრს არ სჯეროდა საქართველოს წარმატების, თუმცა იყვნენ ოპტიმისტებიც. მეორე ფაქტორია რუსეთი. შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტთან გამკლავებას და მისი გავლენის შესუსტებას? მოახერხებს თუ არა ევროკავშირი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებას და უსაფრთოხების სფეროში თანამშრომლობის აღდგენას? დღეს საამისო პერსპექტივა თითქმის არ ჩანს.

გაეროში უკრაინის ყოფილი ელჩი ვალერი კუჩინსკი, რომელიც ახლა კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს, აცხადებს რომ უკრაინის კრიზისისას ევროკავშირს უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმაც შეეძლო.

ვალერი კუჩინსკი: შეიძლებოდა, ევროკავშირს უფრო ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ მისასალმებელია, რომ რუსეთის, როგორც აგრესორის წინააღმდეგ, სანქციები ზაფხულამდე გაგრძელდა. იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის პოლიტიკური წრეების წინააღმდეგობის მიუხედავად, სანქციები არ შეწყდება. სანქციებმა აგრესორი უნდა აიძულოს, დატოვოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორია.

XS
SM
MD
LG