ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-რუსეთი: რისკი თუ ლოგიკური გათვლები?


რუსეთის მე-7 საოკუპაციო ბაზის ახალი შენობები გუდაუთაში
რუსეთის მე-7 საოკუპაციო ბაზის ახალი შენობები გუდაუთაში

უახლესი ფოტომასალის მიხედვით, რომელიც რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს, გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე, თანამედროვე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა თითქმის დასრულებულია.

თანამედროვე სასაზღვრო პუნქტების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზეც. მათ შორის, კოდორის ხეობის სოფელ გენწვიშში.

რუსი ოკუპანტები სოფელ გენწვიშში, კოდორის ხეობა
რუსი ოკუპანტები სოფელ გენწვიშში, კოდორის ხეობა

2011 წლის ბოლომდე სულ 20 ასეთი სასაზღვრო პოსტის გახსნა იგეგმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 160 კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს დანარჩენ საქართველოსთან მავრთულხლართებით გამოყოფს. პირველი ასეთი თანამედროვე პოსტი უკვე გაიხსნა სოფელ ფიჩორში და იქ რუსი მესაზღვრეები საკუთარი ოჯახებით ჩასახლდნენ.

ოჩამჩირის ნავსადგურიდან რუსეთის საზღვაო ძალების მიერ კონტროლდება აფხაზეთის „საზღვაო საზღვარი.“ ხუთდღიან ომში დამარცხების შემდეგ, ყველა ასეთ ანტიქართულ ქმედებას ოფიციალური თბილისი დიპლომატიური პროტესტის გარდა ვერაფერს უპირისპირებს. დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ამბობს:

„ყველაფერი რაც ხდება აფხაზეთში არის უკანონო. არსებობს საერთაშორისო სამართალი და არსებობს ქართული კანონმდებლობა, რომელიც მომდინარეობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან. ჩვენი კანონებით, ეს ტერიტორია არის ოკუიპირებული რუსეთის მიერ.“

ანალოგიური პროცესები მიდის ოკუპაციის მეორე ზონაში, ცხინვალის რეგიონში. აქ განლაგებულმა მეოთხე რუსულმა სამხედრო ბაზამ რამდენიმე დამატებითი კომპონენტი შეიძინა, საკუთრივ ცხინვალში, ჯავასა და ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში.

თანამედროვე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსი ჯარისკაცებისთვის სამხრეთ ოსეთში შარშან უკვე დასრულდა. რუსეთს 2058 წლამდე აქვს აღებული ვალდებულება, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ოფიციალური მოსკოვი ორივე სეპარატისტული ანკლავის გამალებულ მილიტარიზაციას, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთოების კონტექსტშიც განიხილავს. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე, ოლიმპიადის ნომერ პირველ საფრთხედ სწორედ საქართველო დაასახელა. ანალიტიკოსი კახა კაციტაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ისეთი სტრუქტურა შეიძინა რუსეთის შიდა პოლიტიკურმა სივრცემ, რომ საქართველოს წინააღმდეგ უხეში ქმედებებით ხდება რუსეთში "მაგარი პოლიტიკოსის" იმიჯის დამკვიდრება. მედვედევის ეს განცხადებაც, პირველ ყოვლისა, შიდა პოლიტიკურ პიარზე უნდა იყოს გათვლილი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო შორს მიმავალ და უსიამოვნო პროცესებთან გვქონდეს საქმე.

ყოველ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილი მონიტორინგი სჭირდება ჩრდილოეთ კავკასიურ პოლიტიკას. იგივე ამერიკელებმა საკმაოდ ნათლად მიგვანიშნეს, რომ ჩრდილო კავკასიის მიმართ ეს უვიზო რეჟიმი, ჩრდილო დასავლეთ კავკასიაში გარკვეული ნაბიჯები, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლომდე არც გათვლილია და არც გააზრებული. აი, ამ ყველაფერზე ძალიან ფაქიზი მიდგომებია საჭირო.“

ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება, რუსეთის მიერ ჩერქეზული ტომების და ჩეჩნების გენოციდის საკითხის განხილვა, დაღესტან-საქართველოს საზღვარზე მცხოვრები დიდოელების უფლებების მთელი პრობლემატიკის წამოწევა, და ბოლოს, იაპონიის მხარდაჭერა კურილიის კუნძულების საკითხში - ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ღიად თუ ირიბად გადადგმული, მკვეთრად გამოხატული ანტირუსული ნაბიჯების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ოფიციალური თბილისი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს.

პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ თბილისის ეს ნაბიჯები, პლუს ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება, დასავლეთში ცალსახად სარისკო პოლიტიკად აღიქმება:

„საქართველო ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუთვალისწინებლად იმ პოზიციისა, რომელიც აქვს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. აქ მთავარი ის, რომ ამით დიდი ეჭვები იქმნება, რომ ჩვენ ძალიან სარისკო სიტუაციებს ვქმნით და ვთამაშობთ ძალიან სახიფათოდ იმ საკითხებთან, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთოდ გაუთვალისწინებელი შედეგები, რისკები და დაძაბულობის ზრდა რეგიონში.

ანუ, დასავლეთს არ უყვარს ისეთი თამაშები, რომელიც გათვლების ჩარჩოებში არ ეტევა. აქ ძალიან უჭირთ მათ გათვლა თუ რამდენად არის ეს უსაფრთხო. ამიტომ, რეგიონაური თვალსაზრისით, ევროპაც ასე თვლის და ამერიკაც, რომ საქართველომ გადადგა სარისკო ნაბიჯები.“

ბოლო ასეთი გაფრთხილებით, ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯეიმს კლაპერი გამოვიდა. გასულ კვირას, ამერიკის სენატში კლაპერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე საქართველოს უკმაყოფილება სტატუს ქვოთი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას.

საქართველოს საჯარო მცდელობა, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან ჩრდილო კავკასიაში, ასევე ახდენს გავლენას ამ დაძაბულობაზე. ანალიტიკოსი კახა კაციტაძე ამბობს:

„კლაპერმა ეს განცხადება გააკეთა საფრთხეების შეფასების დოკუმენტში, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით წარმოადგენს ხოლმე. ეს არის ტენდენციის დაფიქსირება. პირდაპირ კავშირში გადატვირთვის პოლიტიკის წახალისებად ან ხელის შეშლად ეს არ უნდა აღვიქვათ.

ეს არის ერთ-ერთი ტენდენციის დაფიქსირება, რომელიც არსებობს მსოფლიოში და აქედან ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კონკრეტულ დასკვნებს გააკეთებს. მე იმ თვალსაზრის, რომ იარაღის მოწოდებაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის დიპლომატიური მხარდაჭერაა, რასაც ამერიკა უწევს საქართველოს, სრულიად ვიზიარებ.

ვითარება არის ისეთი, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ამერიკის პოლიტიკის ძალიან სერიოზული გადაწყობა დაიწყება, თუმცა საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას ეს ხელს არ შეუშლის.

ვიტყოდი, რომ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსული სამხედრო ბაზების, ისევე, როგორც მთლიანობაში საქართველოს მიმართ, მეტ-ნაკლებად ადექვატურობის ჩარჩოებში ჯდება, რაღაც ტექნიკური წუნი ყოველთვის არის.“

ოკუპანტები სოხუმის აეროპორტში
ოკუპანტები სოხუმის აეროპორტში

სად არის გამოსავალი და როგორი შეიძლება ის იყოს?! ბოლო სერიოზული ნაშრომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში „ამერიკის პროგრესის ცენტრში“ მომზადდა. ეს გავლენიანი ანალიტიური ცენტრი პრეზიდენტი ბილ კლინტონის დროს თეთრის სახლის აპარატის ყოფილი მეთაურის, დემოკრატ ჯონ პოდესტას დაფუძნებულია.

ნაშრომში, რომელსაც „ამერიკის უფრო აქტიური მიდგომა საქართველოს კონფლიქტების მიმართ“ ჰქვია, პროგრესის ცენტრის ანალიტიკოსები საქართველოს მთავრობას სეპარატისტულ ანკლავებთან მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის შეთანხმების გააფორმებას სთავაზობენ, სადაც ამ რეგიონების სტატუსზე საუბარი საერთოდ არ იქნება.

როგორც თბილისსა და მოსკოვში, ისე სოხუმსა და ცხინვალში ამ ნაშრომს ხაზგასმულად უარყოფითად შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG