ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს. დელეგაცია საქართველოდან პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების შემადგენლობით ჩინეთის საზღვაო ქალაქ დალიანში იმყოფება, სადაც ეკონომიკური ფორუმი იმართება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი კეციანის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ.ჩინეთში სამოცზე მეტი საქართველოს წარმომადგენელი იმყოფება, ვინც ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას ქალაქ სიანსა და პეკინში.

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩინეთი მზადაა ქართული ღვინის მისაღებად:„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის ევროპაშიც, რომელთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს, პირველ რიგში ესაა ჩვენი პროდუქციის ექსპორტთან მიმართებით, მათ შორის ღვინის ექსპორტი და სხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენ მთელი რიგი ასევთქვათ სარგებელი. ჩვენს კომპანიებს გაუადვილდებათ ქართული ნაწარმის შემოტანა ჩინეთში და ამავდროულად, ეს ჩვენს ურთიერთობებს გააუმჯობესებს. მიმაჩინა, რომ ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს: „სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მოლაპარაკებებს. თავის მხრივ, შესაძლებლობების შესწავლა უკვე დასრულებულია. ძირითადი საქონელი, რომლის გატანასაც ჩვენ ჩინეთში ვაპირებთ, ესაა ღვინო. დღეს-დღეობით საკმაოდ მაღალია დამატებითი მოსაკრებელი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნება სრულად.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარჩიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელსა და საფრთხეებზე, რასაც ჩინეთთან ურთიერთობისას არსებული ხელისუფლების პირობებში მოელის. „მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობა, ბუნებრივია და ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის საინტერესოა, ეს გარდაუვალია და საჭიროცაა ამავე დროს. წინა ხელისუფლების დროს ამგვარი დაინტერესება იყო და ახლაც გრძელდება, უბრალოდ, ამ ხელისუფლების დაინტერესება ჩინეთით, ასე ოპერატიულად რაღაც კითხვებს აღძრავს, რომ აქ მხოლოდ ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების სურვილი კი არაა, არამედ კიდევ რაღაც სხვა. ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ აქვს იმის რესურსი და არც ნდობა, რომ ეს ინვესტიციები გამოიყენოს სწორად. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ლაპარაკი და ეს ყველაფერი შეაჩერეს, გალანძღეს, გათათხეს, მათ შორის ჩინური ეგრეთ წოდებული სოფელი თბილისში, მათ შორის ლაზიკის პორტის იდეა, ყველაფერი იყო იგნორირებული. ახლა, სამი წლის შემდეგ, უცებ, ამ ყველაფერს ისევ უბრუნდებიან. რატომ ასე ოპრეატიულად? ხომ არაა ეს ყველაფერი დაკავშირებული რუსულ-ჩინური ურთიერთობების ინტენსიფიკაციასთან და რუსული „ეფესბეს“რჩევასთან, რომ თქვენს ეკონომიკას თუ უჭირს, ჩვენც სიტყვას შეგაშველებთ და იქნებ ჩინელებმა რაღაც გიშველონო. არ გამოვრიცხავ“,- ამბობს დავით დარჩიაშვილი.

2015 წლის იანვარში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა და ჩინური ინვეტიციების მოცულობა საქართველოშიგაიზრდება, რაც იქცევა ერთგვარ ახალ სუნთქვად ისტორიულად არსებული აბრეშუმის გზის თანამშრომლობის შემდგომ.

საქართველოს პრემიერი მომავალ შეხვედრებს უკვე პეკინში გამართავს. ვიზიტი გუშინ დაიწყო და ხუთ დღეს გასტანს.

XS
SM
MD
LG