ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში ოთხმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო


უკრაინა კონფლიქტის მოგვარების ერადერთ გზად მოლაპარაკებებს მიიჩნევს

ჟენევაში ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის არსებული კრიზისის შემდგომი გაღრმავების პრევენციას ისახავს მიზნად. მასში მონაწილეობას შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ.

უკრაინის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში, იური კლიმენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენა იოლი საქმე არ იქნება. მისი თქმით, ძნელია რუსეთი აიძულო ტერიტორიული ექსპანსიის გეგმებზე ხელი აიღოს. თუმცა, ელჩს სჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე შესაძლოა კრიზისის სამშვიდობო მოგვარებისკენ მიმართული მუშაობა ნაყოფიერი გამოდგეს.

ამასთან კლიმენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ფედერალური მოწყობის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ძალაუფლების დეცენტრალიზების პოლიტიკის ერთგულია და რეგიონებისთვის მეტი უფლებების მინიჭების მომხრედ რჩება. თუმცა, უკრაინის მთავრობა რუსეთის მხრიდან მათი ქვეყნის ფედერალიზების მოთხოვნის წინააღმდეგია, რადგან ეს მოსკოვის მიერ კიევში ცენტრალური ხელისუფლების როლის დასუსტების ჩანაფიქრად აღიქმება.

ეს შეხვედრა არ განიხილავს საკითხებს, რომელიც უკრაინის საშინაო საქმეებს ეხება. არამედ, საუბარია უკრაინის საზღვრებზე შექმნილი ზეწოლის ესკალაციაციის მოხსნის გზებზე, ისევე როგორც - უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე. ამასთან, ეს ურთიერთობა ორმხრივ მომგებიან საბაზრო პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. უკრაინა მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკების შეფერხების ნებისმიერ ყალბ წინაპირობას“ - აცხადებს უკრაინის ელჩი გაეროში.

კლიმენკოს განცხადებით, უკრაინა კონფლიქტის მოგვარების ერადერთ გზად მოლაპარაკებებს მიიჩნევს. თუმცა, ის ამერიკის ხმასთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ თუკი რუსეთი აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს, უკრაინა მზად არის თავი ნებისმიერი გზით დაიცვას. ისევე, როგორც ეს გაეროს წესდების 51-ე მუხლშია მითითებული, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვის მიზნით შეიარაღებული ძალების გამოყენებასაც გულისხმობს.

„ნებისმიერი სახის აგრესიის შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგ აშკარა აგრესია იქნება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, უკრაინა თავდაცვის უფლებას გამოიყენებს. ამას გეუბნებით, როგორც დიპლომატი... არამარტო უკრაინის არმია დაიცავს ქვეყანას, არამედ თითოეული უკრაინელი დადგება სამშობლოს დასაცავად“ - აცხადებს იური კლიმენკო.

ჟენევაში ოთხმხრივ მოლაპარაკებაზე შეკრებილი საგარეო უწყების ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მათი ერთობლივი დიპლომატიური მცდელობა ნაყოფიერი იქნება და რომ ისინი შეძლებენ მოსკოვს და კიევს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. მაგრამ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების კიდევ უფრო მეტი გამკაცრებით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG