ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა საქართველოს მუსლიმებისთვის


მუსლიმები აჭარაში
მუსლიმები აჭარაში

უკვე მეორე კვირაა საქართველოს ტერიტორიაზე ორი კონკურენტი მუსლიმური ორგანიზაცია მოქმედებს. ახლადშექმნილი, "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო" და "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლობა", რომლის ცენტრალური ოფისიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს.

ეს ორგანიზაცია საბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ 1937 წლიდან მოქმედებდა, 1996 წლიდან კი, დამოუკიდებელი საქართველოს მუსლიმ მრევლს უკვე საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით მართავს.

ახალი მუსლიმური ორგანიზაციის დაარსება, ბაქოში იმდენად მტკივნეულად აღიქვეს, რომ კავკასიის შეიხმა ალაჰ შუქურ ფაშაზადემ მას „დიდი სომხეთის“ გეგმის ნაწილიც კი უწოდა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში გაერთიანებულ ქართველ შიიტებს და სუნიტებს უკვე ჰყავთ საკუთარი მუფთი, შეიხი და იმამი. პირველი მუფთი სუნიტი ჯემალ პაქსაძე გახდა, პირველი შეიხი შიიტი ვაგიფ აკაფილოვი და პირველი იმამი, თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი იასირ ალიევი. მუფთი ჯემალ პაქსაძე ამბობს:

„ქართველმა მუსლიმებმა რეგიონებისდა მიხედვით, ეს არის აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, წალკა, კახეთი, გურია და სხვა კუთხეებიდან ჩამოსულები მუსლიმების მიერ, იქნა არჩეული სუნიტი ქართველი მუსლიმი და შიიტი მუსლიმების მიერ იქნა არჩეული შიიტი შეიხი.

ეს არის თანაბარუფლებიანობა. გვინდა, რომ დარდი და პრობლემები თუ არსებობს, ჩვენ მუსლიმებს შორის გადავწყვიტოთ ერთ შენობაში და ერთ ჭერქვეშ, ქართველი სუნიტებისა და ქართველი აზერბაიჯანელი შიიტების სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში.“

გამომდინარე იქედან, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს დამფუძნებელთა შორის, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ემილ ოჯახგულიევი არიან, ბაქოში ეჭვობენ, რომ პროექტის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას.

აზერბაიჯანის სასულიერო პირები ამბობენ, რომ თბილისი საკუთარ მუსლიმი მორწმუნეების ნაწილს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მონოპოლიის დასარღვევად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზერბაიჯანელთა დიასპორის ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვაგიფ აკაფილოვს უკვე მიულოცა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხად არჩევა. ახალმა სამმართველომ ბოლოს საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციასაც უმასპინძლა. შეიხი ვაგიფ აკაფილოვი აცხადებს:

„წლების მანძილზე, ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით სად ირჩევენ, ვის ირჩევენ და რა სისტემით ირჩევენ და გვიგზავნიან სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჩვენს საქართველოში.

ახალ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა საშუალება იმის, რომ ვითანამშრომლოთ სასულიერო ორგანიზაციებთან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი სასულიერო პრობლემები და ჩვენი სასულიერი საქმეც ჩვენვე უნდა გავაგრძელოთ. საქართველოში იმ მუსლიმებისთვის, რომლებმაც დღეს ჩვენ აგვირჩიეს.“

საქართველოში მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტი მორწმუნე მუსლიმია, მათი დიდი ნაწილი შიიტია, ნაწილი - სუნიტი. რომელ ორგანიზაციას დაუქვემდებარებენ სულიერი ცხოვრების მართვას საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელთა უმრავლესობა ისევ გაურკვეველია.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გავლენა ქვემო ქართლში ჯერ კიდევ ძლიერია. რაც შეეხება აჭარის სუნიტურ სამუფთოს, ის ამ დრომდე ფორმალურად ექვემდებარებოდა ბაქოს და მას შემდეგ რაც აჭარის მუფთი ჯემალ პაქსაძე საქართველოს მუფთად აირჩიეს, აჭარის სამუფთოზე "საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" გავლენა გაიზარდა.

მეორეს მხრივ, რამდენიმე სუნიტური ორგანიზაცია უკმაყოფილოა ქართველ მუსლიმანთა მიმართ გატარებული ახალი პოლიტიკით და ამაში ღიად ხელისუფლებას ადანაშაულებს. მუსლიმი თეოლოგი თემურ გორგაძე “25 არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს პრეზენტაციაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა, ერთ-ერთ მომხსენებლად იყო დიასპორის საკითხთა მინისტრის მოადგილე.

გამოდის რომ სახელმწიფო აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც პარადოქსი და კანონდარღვევაც არის, იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება სახელმწიფო საჯარო სამსახურის მიერ შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ის თავისივე მიზნებისთვის იყენებს.

გამოდის, რომ სახელმწიფო ერევა რელიგიაში, აშკარად ჩანს, რომ ამ ორგანიზაციის უკან დგას დიასპორის სამინისტრო; ასევე გამოდის რომ ჩვენ მუსლიმებს მიგვიჩნევენ დიასპორად და არა საქართველოს მოქალაქეებად.“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წესდებაში უწერია, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა მეჩეთზე, მედრესზე, სასულიერო პირსა და მრევლზე.

თუმცა, გაურკვეველია როგორ შეძლებს ახალი სამმართველო საქართველოში მოქმედი 200-მდე მეჩეთისა და სამი მედრესის მართვას, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უბრალოდ არ არსებობს.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით, პროტესტის გამოსახატავად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უკვე შეხვდა.

ეს თემა თბილისში შეხვედრისას განიხილეს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. რა იქნება სასულიერი ცხოვრებაში ახალი პოლიტიკის საბოლოო შედეგი - საქართველოს მუსლიმთა ავტოკეფალიის შექმნა თუ სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის.

XS
SM
MD
LG