ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2014

ახალი ამბები

ინგილოები - „სტრატეგიული ძმობის“ მსხვერპლნი

აზერბაიჯანში ქართველთა უფლებები მასობრივად ირღვევა

ზაურ ნაცვლიშვილის ფოტო/ Zaur Natsvlishvili's Photo
ზაურ ნაცვლიშვილის ფოტო/ Zaur Natsvlishvili's Photo
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე

ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი დღეს ისევ დაკეტილია. გუშინ, გიორგობის დღესასწაულზე, ქურმუხში, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში, წირვა დილიდან აღევლინა, მრევლიც მრავლად იყო, თუმცა საღამოს, ტაძარი, ისევ ექვსი თვით დაიკეტა.  ქურმუხის უძველესი ქართული ეკლესია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიული ჰერეთის მიწაზეა. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული წარმოშობის, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ტაძრებში ლოცვის უფლება, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აქვთ.  40 ათასამდე ქართველი, ინგილოები, როგორც მათ ასევე ეძახიან, საქართველოს მოსაზღვრე სამ რაიონში ცხოვრობენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ისტორიკოსი თემურ ტარტარაშვილი:

„აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში, კახის, ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებმა ქართველებმა იციან აზერბაიჯანული ენა, თუმცა ეს მათ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის. ინტეგრაციის, საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი და დონე არის ძალიან დაბალი. ეს თუნდაც, იქიდანაც ჩანს, რომ ამ რეგიონში. ქართველები არ ინიშნებიან თანამდებობებზე. თუ არ ჩავთლით, ქართული სკოლის დირექტორისა და ქართველებით დასახლებულ რამდენიმე სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებს.“

ზაურ ნაცვლიშვილის ფოტო/Zaur Natsvlishvili
ზაურ ნაცვლიშვილის ფოტო/Zaur Natsvlishvili

ჰერეთი, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მოსწყდა ერთიან ქართულ სივრცეს. ტერმინმა საინგილომ ამ მხარის აღსანიშნავად, აქტიურად მოგვიანებით მოიკიდა ფეხი. განსაკუთრებით, 1921 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა რუსეთის მოთხოვნით და ქართველი ბოლშევიკების ღალატით, ეს მხარე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცეს. ინგილო, თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. 20-იანი წლებიდან მოყოლებული ადგილობრივ ქართველებს, ხან თურქულ სკოლებს უხსნიდნენ, ხან აზერბაიჯანულს. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ქართული სკოლების მასობრივი გახსნა-დახურვა გასულ საუკუნეში, მინიმუმ შვიდჯერ მაინც მოხდა. ურჩ ქართველთა დიდი ნაწილი 30-იან წლებში უბრალოდ დახვრიტეს ან გადაასახლეს.  საბჭოთა პერიოდში, ბოლოს, 1982 წელს დაიხურა ზაქათალის ქართული სკოლა-ინტერნატი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. ლოცვის აკრძალვას, გასულ წელს, სოფელ ალიაბადში ერთადერთი ქართული კულტურის ცენტრის შენობის დაწვა მოჰყვა. კახში მცხოვრები ზურაბ პაპიაშვილი:

„კულტურის სფერო, ფაქტიურად, აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე, ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა. მე ვიცი, რომ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. საქართველომ შარშან გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა კახში ქართული კულტურის ცენტის აღდგენას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისფლებამ ეს შემოთავაზება უარყო და თითქოს საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის აღდგენა. სამწუხაროდ, დღეს კულტურის ცენტრის ადგილზე ისევ ისეთივე დანგრეული შენობაა.“

კიდევ უფრო მძიმეა ის დისკრიმინაციული პრობლემები, რომლებზეც საჯარო საუბარს, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები გაურბიან. ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში, ქართველებს არ აქვთ უფლება ბავშვს ქართული სახელი დაარქვან. მშობელმა ბავშვის სახელი მხოლოდ ადგილობრივი ბიუროკრატიის მიერ შედგენილი სპეციალური სიიდან უნდა შეარჩიოს. აზერბაიჯანელთა მოთხოვნით, უკვე ხუთი ქართველი მღვდელი იქნა გამოძევებული საინგილოდან. ქართველობის გამო, დისკრიმინაციას განიცდიან არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ  მუსლიმი ქართველებიც. მათ არ აქვთ უფლება აღიდგინონ ისტორიული გვარი, არ აქვთ შანსი, თბილისში მიღებული განათლებით, აზერბაიჯანში სამსახური იშოვონ. ამის გამო იძულებულები არიან შვილებს თავიდანვე, განათლება ქართულის ნაცვლად, აზერბაიჯანულ ენაზე მისცენ.  25 წლის რამინ ჯაბრაილოვი, წარსულში ჯაფარიძე, სოფელ მოსულიდან არის და დღეს  თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. რამინი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანში ქართველს, საქართველოში კი თათარს ეძახიან:

„რაკი ქართველები ვართ, აზერბაიჯანელების მხრიდან არის ზეწოლა. ღია, არა, მაგრამ არის. არ მოსწონთ, რომ განათლებას იქ ქართულ სკოლაში, შემდეგ კი რომ საქართველოში ვიღებთ. ვინც აქეთ ამთავრებს უნივერსიტეტს და იქ ჩადის, პრობლემებს უქმნიან რომ სამსახური დაიწყოს. ან თუ შეძლო დაწყება, თანამდებობას არ აძლევენ. ჩვენი ხალხს ყველანაირად, აქეთ მოგვიწევს გული. აქეთ მოვრბივართ. რაიმე გასაჭირი რო გვექნება, საქართველოს მხარეს გადმოვდივართ. გული მწყდება. გულდასაწყვეტია რომ ასეთი ძმური ურთიერთობა არის თითქოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მაგრამ ჩვენ ხელშეწყობა საერთოდ არ გვაქვს, თუნდაც იმ დონეზე, როგორც აქ, აქაურ აზერბაიაჯნელებს აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა.  ერთო რაღაცაც მინდა ვთქვა - ჩვენი ორი რაიონიდან რომ ჩამოვდივართ საქართველოში, ქართველები გვეუბნებიან, რომ თათრები ხართო, იქით წავალთ - ქართველები ხართო. ვეღარ გავიგეთ, ჩვენ ვინ ვართ და რა ვართ.“

საზოგადოებაში ინტეგრაციის სერიოზული პრობლემები საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც აქვთ. ბევრ შემთხვევაში სრულიად სამართლიანია, მათი პრეტენზიები მიწის და განათლების რეფორმებთან დაკავშირებით. თუმცა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრობლემები აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. აზერბაიჯანის სხვადასხვა ფონდები, მათ შორის ჰეიდარ ალეივის სახელმწიფო ფონდი სრულიად თავისუფლად აფინანსებს საქართველოში უამრავ ღონისძიებას, მათ შორის მეჩეთებისა და მედრესების მშენებლობას. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საინგილოში ქართული ლიტერატურის შეტანა, კულტურული ღონისძიებების გამართვა, ქართველი სასულიერი პირების, ენათმეციერების, არქეოლოგების შესვლა საშინელ წინააღმდეგობას აწყდება.  ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელდარ ნამაზოვი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობა ამ პრობლემებზე მაღლა დგას:

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ესმით, რომ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს პრობლემები და დავებია, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული კავშირი. თუ ჩვენ გვექნება ეს სტრატეგიული ურთიერთობები, გარწმუნეთ, რომ ყველა პრობლემა დაკავშირებული ეროვნული უმცირესობების კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან, მათი უფლებებთან - საკუთარი ენის და კულტურის განვითარების თაობაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ დარეგულირებული იქნება. ეს ეხება როგორც ქართულ ეროვნულ უმცირესობას აზერბაიჯანში, ისე აზერბაიჯანულ ეროვნულ უმცირესობას საქართველოში. ეს არ არის პრობლემები, რომლებსაც შეუძლია იმ სტრატეგიული პარტნიორობის გადახაზვა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„საქართველოში აზერბაიჯანელების უფლებები რელიგიური და ეთნიკური კუთხით არ ირღვევა, ჩვენ თავისუფლად ვლოცულობთ ჩვენს მეჩეთებში. ჩვენგან განსხვავებით, საინგილოში მცხოვრებ ქართველებს იქაური ბიუროკრატია უამრავ პრობლემებს უქმნის. მათ არა აქვთ უფლება თავისუფლად იარონ და ილოცონ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ჩვენ მივმართავთ თხოვნით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, საინგილოს ქართველობაზე ზეწოლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობის დონეზე დასვას საკითხი,“ - ეს არის ნაწყვეტი მიმართვიდან, რომელიც  საქართველოს მორწმუნე მუსლიმანთა კავშირმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ თვეში, თბილისში ვიზიტისას გადასცა. ორი საგარეო მინისტრის ტრადიციულ ბრიფინგზე, შეკითხვა ამ მიმართვასთან დაკავშირებითაც დაისვა, თუმცა, ელმარ მამედიაროვმა და გრიგოლ ვაშაძემ  შეკითხვას დიპლომატიურად გვერდი აუარეს. შედეგად, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი დღეს ისევ დაკეტილია.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 18 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ჰოლივუდში აუქციონზე მერლინ მონროს საყურეებია გატანილი; მომავლის მანქანები - შესაძლებელია თუ არა, რომ ავტომანქანებმა საკუთარი თავი მძღოლის გარეშე მართონ? ვიზუალური ეფექტების ინდუსტრია იმდენად ვითარდება, რომ მალე მან შეიძლება კინოინდუსტრია ძირეულად შეცვალოს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 11 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვაშინგტონიდან დანახული სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში; როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავი? სონორას უნიკალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს უდაბნოს გაცნობის საშუალებას აძლევს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.