ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიაბეტის გლობალური საფრთხე


დიაბეტის გლობალური საფრთხე
დიაბეტის გლობალური საფრთხე

შეერთებულ შტატებში დიაბეტით დაავადებულების შორის ყოველმა მეოთხემ საკუთარი დიაგნოზის შესახებ არაფერი იცის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე საშუალოდ 346 მილიონ ადამიანს დიაბეტი აქვს. მათი უმრავლესობა ღარიბ და საშუალო ეკონომიკური მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. თუკი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა ისეთივე სისწრაფით გაიზარდა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, 2030 წლამდე ამ დავადებით დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდება. ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ დიაბეტმა 21-ე საუკუნეში შესაძლოა გლობალური ეპიდემიის სახე მიიღოს და სახელმწიფოთა ჯანდაცვას და ეკონომიკას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

მივეჩვიეთ, რომ ეპიდემიას მხოლოდ ინფექციურ დაავადებს ვუწოდებთ. მაგრამ დროა ვაღიაროთ, რომ საქმე გვაქვს დიაბეტის მსოფლიო ეპიდემიასთან“ - ამბობს ექიმი სიუ კირკმანი, ამერიკის დიაბეტის ასოციაციის სამედიცინო განყოფილების გამგე.

მისი თქმით, მილიონობით ადამიანმა არც იცის, რომ მათ მე-2 ტიპის დიაბეტი აქვს. ანუ ის სახე, რომელიც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დიაბეტით დაავადებულთა შორის, ყველაზე ცოტა - ოთხიდან ერთს დიაბეტი ისე აქვს, რომ საკუთარი დიაგნოზის შესახებ ჯერ არაფერი იცის. მსოფლიოში ეს მონაცემი რიგ ქვეყნებში უფრო დაბალია, მაგრამ უმეტესობაში კიდევ უფრო მაღალი.

მე-2 ტიპის დიაბეტი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოყოფის უნარზე. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას არეგულირებს. დაავადებამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა თვალების, გულის, თირკმლის და ნერვების დაზიანება გამოიწვიოს.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დიაბეტი სახელმწიფოს წელიწადში 174 მილიარდი დოლარი უჯდება. ეს თანხა ძირითადად დაავადების გართულებათა მკურნალობას ხმარდება. მოვუსმინოთ ექიმ ენ ოლბრაითს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან.

ამერიკაში დიაბეტი ყოველ მე-10 ადამიანს აქვს. 2050 წელს ეს მონაცემი ისე შეიძლება გაიზარდოს, რომ ყოველი მესამე ადამიანი დაავადებული აღმოჩნდეს“.

ექიმი ოლბრაითი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთში დიაბეტით 50 მილიონი ადამიანია დაავადებული. ჩინეთში - 40 მილიონი. შეერთებულ შტატებში მათი რიცხვი 26 მილიონს აღწევს. აქედან 90 პროცენტს მე-2 ტიპის დიაბეტი აქვს. ძალიან ხშირად დაავადების მთავარი გამომწვევი მიზეზი ჭარბ წონას, ასაკს, რასობრივ, თუ ეთნიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ექიმი ოლბრაითის თქმით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დიაბეტი შედარებით მცირეწონიან ადამიანებშიც ძალზე ხშირია.

ექიმი მერლინ სტეიტენი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში დიაბეტის კვლევით ცენტრში მუშაობს:

ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ დაახლოებით 30 წლის წინ მე-2 ტიპის დიაბეტი მცირეწლოვან ბავშვებში არ აღინიშნებოდა, ან ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო. დღეს კი ბავშვებს შორის ჭარბწონიანთა მომრავლებასთან ერთად დიაბეტის შემთხვევებიც იზრდება. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია ამერიკაში მცხოვრებ უმცირესობებს შორის, ძირითადად კი სამხრეთ-ამერიკული და აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა შორის“ - აღნიშნავს ქალბატონი სტეიტენი.

დიაბეტისგან სრული განკურნების დადასტურებული მეთოდი მედიცინისთვის ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ცხოვრების წესის შეცვლა, ჭარბი წონის მოცილება, ვარჯიში და სწორი კვების რეჟიმი მე-2 ტიპის დიაბეტის პრევენციის და მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

XS
SM
MD
LG