ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული დიპლომატიური დესანტი ამერიკის კონტინენტზე


გრიგოლ ვაშაძე და ანტონიო პატრიოტა
გრიგოლ ვაშაძე და ანტონიო პატრიოტა

გასული თვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ქართული დიპლომატიის უპრეცედენტო აქტიურობით აღინიშნა. გუშინ ბრაზილიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ბრაზილიელმა კოლეგამ ანტონიო პატრიოტამ მიიღო.

ბრაზილიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1993 წელს დამყარდა, თუმცა ამ დონის პოლიტიკური კონტაქტები აქამდე არ ყოფილა.

რუსეთის ლობირებით, ვენესუელსა და ნიკარაგუას მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ კონტინენტის „დიდ მოთამაშეებთან“ ურთიერთობები გააქტიურა.

2010 წლის ივნისში ბრაზილიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი საპასუხოდ ბრაზილიამ გახსნა საელჩო თბილისში. გრიგოლ ვაშაძემ ანტონიო პატრიოტასგან მიიღო დაპირება რომ ბრაზილია ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს ამავე დროს შედგა შეთანხმება ერთობლივი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების თაობაზე.

„ყურადღება დავუთმეთ ორმხრივ ურთიერთობებს და იმას, როგორ გადავიტანოთ, ჩვენი ძალიან პოზიტიური და კარგი ურთიერთობები ეკონომიკურ ჭრილში. ვისაუბრეთ უმაღლესი დონის ვიზიტებზე. ბრაზილია ელოდება საქართველოს პრეზიდენტს და არის გეგმა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ეწვიოს საქართველოს.

ახლო მომავალში, ენერგეტიკულ სფეროში, ქართულ მხარისა და ბრაზილიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის „ელექტრობრაზის“ შეხვედრა შედგება. ამ საქმეში უშუალოდ ჩაერთვება ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო. მასპინძლებს აინტერესებდათ საქართველოში განვითებული მოვლენები და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.“

ბრაზილიაში ვაშაძე მექსიკიდან ჩავიდა, სადაც აუდიენცია ჰქონდა მექსიკელ კოლეგა პატრიცია ესპინოზასთან. ორი დღით ადრე, ვაშაძის მოადგილე დავით ჯალაღანია მონაწილეობდა ჰონდურასის ქალაქ ლა სიებაში გამართულ აფრიკული წარმომავლობის ხალხთა სამიტში.

იმავე დღეებში, ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოლივიის პრეზიდენტს ევო მორალეს აიმას.

ზაფხულის დიპლომატიური აქტივობა კი თბილისში ეკვადორის დღეების გახსნით დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა კუბაში, სადაც ვაშაძე კუბელ კოლეგასა და კუნძულის პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა. ამას მოჰყვა მინისტრის მოადგილე ჯალაღანიას ვიზიტი სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში. მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო გვატემალაში, „ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის“ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.

„საქართველოს დელეგაციამ ოფიციალური ნოტა გადასცა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უსაფრთხოების კომიტეტის სამდივნოს, თხოვნით, რომ შეგვიყვანონ ამ ორგანიზაციის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში.

მქონდა შეხვედრები ჰონდურასის, პანამისა და კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასე, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხდით.“

საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას ემსახურებოდა ივლისის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი პერუში.

სააკაშვილი პერუს ახალი პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო და პანამის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელს პირისპირ შეხვდა.

შარშან, სააკაშვილი ასევე იმყოფებოდა კოსტა რიკისა და კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციაზე. ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კი საქართველოს მთავრობამ 12 აგვისტოს მიკრონეზიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უპასუხა.

საგარეო უწყების აქტიურობის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა მაინც ძალიან სახიფათოა.

„შეიძლება უცბად, ქვეყანა აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ ერთ აღიარებას, თუ დაგროვდა კრიკიტული მასა, აღიარებების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, დრო გავიდა იმდენი, რომ უკვე მოცემულობათ იქცა, რაღაც გარემოებები და მოვლენა, ჩვენ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მივიდეთ.

თუ ვანუატუს და ნაურუს რიგში ჩადგა მაგალითად, ბელორუსი ან რომელიმე მსგავსი ავტორიტარული ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, პოლიტიკური კონიუქტურის ან საკუთარი ინტერესების გამო გაითვალისწინოს რუსეთის პოზიცია, მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით.

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ეს არ არის გასაშარჟებელი ფაქტი. ვენესუელა არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი რესურსების მქონე სახელმწიფო, განსაკუთრებით მისი მეზობლებისთვის, იგივე ბოლივიისთვის.

თუ ხვალ და ზეგ, რაღაც კონიუნქტურამ, სხვა ქვეყნებისგანაც მოითხოვა უფრო მეტი აქტიურობა, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მექსიკაში ჰიბრიდული მანქანებით სეირნობა ამ საქმეს ვერ უშველის.“

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტმა ლიდერებმა კუბა-ნიკარაგუა-ვენესუელაში შარშან ივნისში იმოგზაურეს. სოხუმს კარაკასში საკუთარი საელჩოც აქვს გახსნილი, სადაც ელჩად ყოფილი მოკრივე ზურაბ გვაჯავა მოღვაწეობს.

დღემდე ოკუპირებილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, სულ ოთხმა ქვეყანამ - ვენესულამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვანუატუმ სცნო.

კრემლი კვლავაც აგრძელებს აღიარების პოლიტიკის მაშტაბურ ლობირებას. დღეს, მოსკოვში გამოსვლისას, ბელორუსიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სერგეი გაიდუკევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-ბელორუსიის ძმური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ ორი კვაზისახელმწიფოს დამოუკიდებლობა ბელორუსმაც სცნოს.

XS
SM
MD
LG