ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენ ეპლბაუმი: „პუტინს უფრო დიდი მიზნები აქვს, ვიდრე უკრაინაა“


ენ ეპლბაუმი
ენ ეპლბაუმი

პულიცერის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი უკრაინაში ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი აზრით მნიშვნელოვანია მედიის გაძლიერება და რუსული პროპაგანდისტული მედიის ხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლება.

„ნათელია რომ პუტინს უფრო დიდი მიზნები აქვს, ვიდრე უკრაინაა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპის კავშირის დეზინტეგრაციის ხელშეწყობაა, ის ამას ფინანსური გავლენების წყალობით აკეთებს, ასევე აფინანსებს ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიებს, ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი საფრანგეთის ნაციონალური ფრონტია. ეს ცხადად მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია,“ ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის განზრახვების შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, პულიცერის ჯილდოს მფლობელი ენ ეპლბაუმი აკეთებს.

მისი თქმით, პუტინი ისე იქცევა, როგორც ადამიანი, ვისაც უკრაინის ანექსიის გაფართოება სურს: „მე მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ და, რა თქმა უნდა, არ ვიცი რას ფიქრობს პუტინი, მაგრამ ცხადია, რომ ის აწარმოებს ინფორმაციულ ომს და უკრაინის საზღვარზე სამხედრო დანაყოფებს აძლიერებს.“

ეპლბაუმი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია რუსეთს ანექსია თუ არა ახალი კრიზის შექმნა სურდეს: „უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მან გვაჩვენა, რომ კრიზისი მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმია. ის იყენებს კრიზისს როგორც პოლიტიკურ მექანიზმს რუსეთის შიგნით,“ დასძენს ეპლბაუმი.

ეპლბაუმის აზრით, დასავლეთ ევროპა პუტინისთვის თეატრის ნაწილია და პუტინი მის დასაშინებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებს, იქნება ეს ავია-სივრცის ზღვარზე რუსული ავიაციის ფრენები თუ ბალტიისპირეთის შეშინება მასიური სამხედრო წვრთნებით.

უკრაინის პრობლემაზე და დასავლეთის დახმარებაზე საუბრისას ეპლბაუმი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მედიის გაძლიერება და რუსული პროპაგანდისტული მედიის ხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლება.

„უკრაინაში ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი მაღალი ხარისხის კომერციული ტელევიზიის საწარმოებლად, ფილმების, დოკუმენტური კინოს, რეალითი შუების და გასართობი გადაცემების შესაქმნელად, რაც რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია,“ ამბობს ეპლბაუმი.

მისი აზრით უკრაინული მედია, როგორც ომში მყოფი ქვეყნის მედია, დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან „ერთის მხრივ ის უნდა იყოს ლოიალური და მხარი დაუჭიროს მთავრობას, მეორეს მხრივ არსებობს მოთხოვნა იყო ობიექტური და თქვა სიმართლე. უკრაინულმა მედიამ მიზნად უნდა დაისახოს ობიექტურობა და რაც შეიძლება მეტი სიმართლე გამოააშკარაოს.“

ის დასძენს, რომ ამ ვითარებაში უკრაინისთვის სასარგებლო იქნებოდა ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი. „აქ არ ვგულისხმობ სახელმწიფო ტელევიზიას, არამედ ბიბისის მსგავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც მთავრობისგან დისტანცირებული იქნება, მაგრამ რომელსაც ასევე აქვს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ვიცი რომ კიევში ამაზე საუბრობენ, იმედი მაქვს ეს მიიღწევა,“ ამბობს ეპლბაუმი.

XS
SM
MD
LG