ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აუქმებს


უკრაინის მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა აღდგომას მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსულ სეპარატისტებთან.

პრემიერ მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიტალი იარემამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოთხშაბათს გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიღებული იქნება „შესაბამისი ზომები,“ რომლებსაც შედეგები მალე მოჰყვება.

იარემას თქმით, უკრაინამ ამერიკისგან გარანტიები მიიღო, რომ ქვეყანა არ დარჩება მარტო რუსეთის მხრიდან აგრესიისთვის თავის გასართმევად. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის დახმარება უფრო მასშტაბური იქნება.

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესები და რუსი მოსახლეობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ლავროვის თქმით, რუსეთის რეაგირება ისეთივე იქნება, როგორიც 2008 წელს საქართველოში იყო, რომლის შემდეგაც რუსეთმა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები შეიყვანა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 600 ჯარისკაცის დისლოცირებას მოახდენს მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გასაგზავნად და მოკავშირე ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტიის დასადასტურებლად.
XS
SM
MD
LG