ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა კავშირია სიგარეტის მოწევას და ტუბერკულოზს შორის?


რა კავშირია სიგარეტის მოწევას და ტუბერკულოზს შორის?
რა კავშირია სიგარეტის მოწევას და ტუბერკულოზს შორის?

სიგარეტის მოწევა ტუბერკულოზით გარდაცვლილთა რაოდენობას 2050 წლისთვის 34 მილიონ ადამიანამდე გაზრდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის მიხედვით, პირველად ისტორიაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვმა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მთელ მსოფლიოში კლება დაიწყო. თუმცა, ორგანიზაცია პარალელურად მეორე საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს: მსოფლიოს თითქმის მეხუთედი სიგარეტის მწეველია, თითქმის ერთი იმდენი კი - პასიური მწეველი.

ეს უკანასკნელი მონაცემი მნიშვნელოვნად აუფერულებს ტუბერკულოზის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობას. საქმე იმაშია, რომ იმავე ანგარიშის მიხედვით, სიგარეტის მოწევა ტუბერკულოზით გარდაცვლილთა რაოდენობას 2050 წლისთვის 34 მილიონ ადამიანამდე გაზრდის.

აქამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი ყურადღება დაავადების დიაგნოსტირებაზე და აქტიური ტუბერკულოზის ინფექციების მკურნალობაზე იყო კონცენტრირებული. გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ ძალზე გადამდები რესპირატორული დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მის დამამძიმებელ ფაქტორებს.

შეერთებული შტატების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ანტონი ფაუცი, აღნიშნავს, რომ ამ გლობალური პრობლემის წინააღმდეგ კამპანიის გასაძლიერებლად აუცილებელია ბრძოლა სხვა მიმართულებებითაც წარიმართოს. კერძოდ, ხალხის ფართო მასებმა უნდა გაიგოს, თუ როგორ იწყება ტუბერკულოზის ინფექციით დაავადება, და რატომ ხდება ადამიანი ავად?

„დაავადების კონტროლის ძალისხმევის მიუხედავად წელიწადში ტუბერკულოზით მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება და კიდევ უფრო მეტი ავადდება. ყველას კარგად გვესმის, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა. ავადმყოფების მკურნალობის პარალელურად დრო სამეცნიერო კვლევების გაფართოებაზეც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს“ -აცხადებს ექიმი ფაუცი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სან ფრანცისკოს ფილიალში მსოფლიოს მასშტაბით, ახალი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ თამბაქოს წევა, რომელიც თავისთავად მსოფლიო ჯანდაცვის ისედაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ტუბერკულოზის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაში.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის და ხელმძღვანელის, სტენტონ გალანცის თქმით, მსოფლიოში ტუბერკულოზის პრობლემის მოგვარება სიგარეტის მოწევის გაკონტროლების გარეშე შეუძლებელია. დაავადებას რა თქმა უნდა, ბაქტერია იწვევს და არა თამბაქოს წევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოწევა იმუნიტეტს აქვეითებს. შედეგად კი, ფილტვის დაავადების არა შედარებით მსუბუქ, არამედ უკიდურესად მძიმე და ხშირად მომაკვდინებელ ფორმას ვიღებთ. საუბარია ორივეზე: აქტიურ და პასიურ მწეველებზე, დასძენს ბატონი გალანცი.

„ეს ფაქტორი დაავადებულთა რიცხვს 7 პროცენტით ზრდის. იმ ავადმყოფების რიცხვს კი, რომლებიც 2050 წლამდე ტუბერკულოზით დაიღუპებიან - 26 პროცენტით“ - აღნიშნავს მკვლევარი.

მეცნიერები აღიარებენ, რომ ეს ერთერთი პირველი კვლევაა, რომელმაც სიგარეტის მოწევას და ტუბერკულოზით დაღუპვას შორის პირდაპირი კავშირი მეცნიერულად დაადასტურა. შედეგი უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ჯანდაცვის, თუ ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობაზე მომუშავე ადამიანებისთვისაც, რომლებიც ტუბერკულოზის კონტროლის პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

კვლევის მიხედვით, ტუბერკულოზის დაავადების კონტროლის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც პარალელურად სიგარეტის მოხმარებაც იზრდება. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აგრძელებენ აგრესიულ ზრდას განვითარებად სამყაროში. რაც იმის მომასწავებელია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო, სიკვდილიანობის უმაღლეს მაჩვენებელს სიგარეტი კიდევ რამდენიმე მილიონი ადამიანის ტუბერკულოზით გარდაცვალებას დაუმატებს.

XS
SM
MD
LG