ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პარტიული ყრილობების მოლოდინში


President Barack Obama greets the crowd after speaking at the 113th National Convention of the Veterans of Foreign Wars in Reno, Nevada, July 23, 2012.
President Barack Obama greets the crowd after speaking at the 113th National Convention of the Veterans of Foreign Wars in Reno, Nevada, July 23, 2012.

პოლიტიკური კონვენციებიც კი, რომლებიც სავარაუდოდ ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ან დალასში უნდა გამართულიყო, ახლა შედარებით პატარა ქალაქებში ინაცვლებს.

როდესაც ამერიკელს საკონვენციო ცენტრს უხსენებ, მის თვალწინ ყრილობებისთვის და სხვა მრავალათასიანი კონფერენციებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი კომპლექსი დგება. ისეთი, როგორიც მოკაშკაშე ლას ვეგასში, რომანტიულ ახალ ორლეანში, მუდამ ხმაურიან ნიუ იორკში, ცივ ჩიკაგოში, ან კოპწია სან ფრანცისკოშია.

ზოგიერთი მათგანი წარმოუდგენლად დიდი ზომისაა: მაგალითად, ორლანდოს საკონვენციო კომპლექსი 650 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. აქედან საგამოფენო დარბაზებს თითქმის 200 ათასი კვადრატული მეტრი უჭირავს. სან-დიეგოს კომიკ-კონის საკონვენციო დარბაზს ერთდროულად 130 ათასი ყრილობის დელეგატის მასპინძლობა შეუძლია.

ამერიკულ რეალობაში დრო აშკარად შეიცვალა. ეკონომიკურმა კრიზისმა ტრადიციულ საკონვენციო ცენტრებსაც თავისი კვალი დაატყო. კერძო კორპორაციები და სამთავრობო ორგანიზაციები მოგზაურობის და კონფერენციების დანახარჯებს ზღუდავენ. შესაბამისად, მასობრივი თავყრილობებისთვისაც უფრო მცირე ზომის და ეკონომიურად გამართლებულ კომპლექსებს არჩევენ.

პოლიტიკური კონვენციებიც კი, რომლებიც სავარაუდოდ ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ან დალასში უნდა გამართულიყო, ახლა ადგილს იცვლის და პატარა, შედარებით იაფ ქალაქებში ინაცვლებს. სულ რამდენიმე კვირაში დაგეგმილი რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობა ფლორიდის პატარა ქალაქ ტამპაში გაიხსნება. მასზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის საბოლოო ნომინაცია საზეიმოდ გამოცხადდება. დემოკრატთა ეროვნული ყრილობაც ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში გაიმართება.

პოლიტიკური პარტიების მაგალითს კერძო კომპანიებიც მიმართავენ. თანდათან უფრო პოპულარული ხდება ისეთი საკონვენციო ცენტრები, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფარგოში, ან ტენესის ჩატანუგაშია. ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითად ოკლაჰომას ქალაქ ტულსაში მდებარე კომპლექსი შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქის მოსახლეობა 400 ათასს არ აღემატება, თუმცა მათი საკონვენციო კალენდარი წლის ბოლომდე თითქმის სავსეა.

რატომ შეიძლება ვინმე დაინტერესდეს ქვეყნის სიღრმეში მდებარე ნავთობმწარმოებელი ქალაქით, რომლის შესახებ ადრე არაფერი სმენიათ? სწორედ იმ ნიშნით, რომ მისი არსებობა ბევრმა არ იცის და იქ ტურისტები ან სხვა შემთხვევითი მგზავრები იშვიათად ხვდებიან. შესაბამისად ბილეთის ფასიც ნაკლებია და დარბაზების ქირაც. სასტუმროს და მაღაზია-რესტორნების ხარჯი ნიუ-იორკის და ჩიკაგოს ფასებს არც შეედრება, რამდენჯერმე იაფია.

ტულსას ნებისმიერ კუთხეში 20 წუთის განმავლობაში მოხვდები ყოველგვარი საცობების და პრობლემის გარეშე, ასე რომ დრო და საწვავის ფულიც იზოგება. ვისაც გამოფენები, ისტორია, მუზეუმები და სუვენირები აინტერესებს, არც უმაგისობაა: ქალაქში რამდენიმე გამოფენა, დიდი აკვარიუმი, უამრავი კავბოური მაღაზია და ინდიელთა ისტორიული მუზეუმია.

ვიზიტორების მთავარი შთაბეჭდილება კი როგორც წესი, უზომო სტუმართმოყვარეობაა. ტულსაში ყველა გიღიმის და ყველა გესალმება. თითოეული სტუმარი მათთვის დიდი მოვლენაა. ამჟამად აეროპორტში თუ ქალაქის ნებისმიერ კუთხეში უამრავი ბანერია გაკრული, რომელზეც წერია: მივესალმებით პოდიატრთა საერთაშორისო კონფერენციას. შეცდომა არ გეგონოთ, პოდიატრია მედიცინის მეცნიერებებს შორის შედარებით ახალი დარგია, რომელიც ფეხის ტერფს და მის პათოლოგიებს შეისწავლის.

ტულსა არც ისე პატარაა, რომ სოფლად ჩაითვალოს. ამერიკული მასშტაბებით ის საშუალო ზომის ქალაქია. თუმცა, საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ათასობით სტუმარს ერთდროულად უმასპინძლოს. 1964 წელს აშენებულ ყრილობის დარბაზში, რომელიც ქალაქის ყოფილი მერის, ჯეიმს მაქსველის სახელს ატარებს, 9 ათასამდე მონაწილე ეტევა. ერთჭერქვეშ მოთავსებული საგამოფენო დარბაზების ფართობი 21 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და 23 საკონფერენციო დარბაზს მოიცავს.
XS
SM
MD
LG