ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მიტ რომნის აკრიტიკებს


ოჰაიოს შტატში ბარაკ ობამა დიდი უპირატესობით უსწრებს მიტ რომნის

ოჰაიოს შტატში წინასაარჩევნო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თავისი მეტოქე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში და მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი სამუშაო ადგილების ამერიკიდან საზღვარგარეთ გატანის პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ოჰაიოს შტატში ბარაკ ობამა დიდი უპირატესობით უსწრებს მიტ რომნის. ოჰაიო, ამერიკის მანქანათ-მშენებლობის ერთ-ერთი ცენტრია, სადაც ბარაკ ობამა დიდი პოპულარობით სარგებლობს სამუშაო ადგილების შენარჩუნების გამო.

ცინცინატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დემოკრატების მხარდამჭერი ცნობილი ეკონომისტის კიმბერლი ქლოსინგის ანალიზი განიხილა. ამ ანალიზის მიხედვით რომნის წინადადება, რომელიც უცხოეთში მომუშავე ამერიკული კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, საზღვარგარეთ 800 000 სამუშაო ადგილის შექმნას გამოიწვევს.

ბარაკ ობამას განცხადებით, ეს არ არის გასაკვირი, რადგან რომნის გამოცდილება ბიზნესში, როგორც ნამდვილ კაპიტალისტებს სჩვევიათ, ამერიკელი მუშების ინტერესების იგნორირებაზე დამყარებული.

ბარაკ ობამას თქმით: “ჩვენ არ გვინდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებს და იმ კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, გადასახადებს შეუმცირებს. მე ვაპირებ იმ კომპანიებს შევუმცირო გადასახადები, რომლებიც აქ ოჰაიოში მუშაობენ, რომლებიც ცინცინატში დებენ ინვესტიციებს. მივესალმები მათ, ვინც ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტიციას, ამერიკელთა სამუშაოზე ზრუნავს და ამერიკულ პროდუქციას ქმნის, რომელსაც „Made in America” აწერია."

პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო კამპანია რომნის ბიზნეს-საქმიანობის კრიტიკაზეა აგებული. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს გადასახადების თავიდან არიდების მიზნით საკუთარი კაპიტალის უცხოეთში გატანაში ადანაშაულებენ, რასაც მისი გუნდი კატეგორიულად უარყოფს.

თავის მხრივ, მიტ რომნის საარჩევნო შტაბი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ტელეკომპნაია „Fox News”-ში გამოსვლისას მიტ რომნიმ ბარაკ ობამა, საკუთარი პოლიტიკური მხარდამჭერებისთვის სამთავრობო კონტრაქტების გაფორმებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG