ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ქუჩის აქციების მომხრეთა რიცხვმა იმატა


უჭერთ თუ არა მხარს 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას? - ამ კითხვას 36%-მა უარყოფითი პასუხი გასცა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

არჩევნები, მედიის დამოუკიდებლობა, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დარჩენა, საგარეო პოლიტიკა და სხვა აქტუალური საკითხები გახდა NDI -ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 4-დან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის საგანი, რომელშიც მონაწილეობა 6 299-მა მოქალაქემ მიიღო.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, უარესობისკენ შეიცვალა მოქალაქეთა აზრი ქართულ დემოკრატიაზე. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია დადებითი პასუხი გამოკითხულთა 38%-მა გასცა, მაშინ როცა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ანალოგიურ კითხვას დადებითად რესპოდენტთა 49%-მა უპასუხა.

უჭერთ თუ არა მხარს 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას? ამ კითხვას 36%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

კვლევის შედეგების მიხედვით ,ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ გამოკითხულთა 53%-ი მხარს არ დაუჭერს, 71%-ი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ამ შედეგთან დაკავშირებით ამბობს, რომ ”მოსახლეობას სურს, ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს საბოლოო განაჩენი გამოუტანოს”. მისივე თქმით, მოსახლეობას ივანიშვილის გამოწვევა საარჩევნო ბატალიებში სურს სწორედ საბოლოო განაჩენის გამოსატანად.

პოლიტოლოგი კახა კახიშვილი ამბობს:

"თუ ასეთ კითხვას უსვემდნენ კვლევების დროს, რომ ივანიშვილის წაგების შემთხვევაში გავალთ თუ არა მის მოწოდებაზე ქუჩაში? რატომ არ იყო მეორე კვლევა, სააკაშვილის არჩევნების წაგების შემთხვევაში სააკაშვილის მოწოდებაზე გახვალ თუ არა ქუჩაში? მესმის, რომ გარკვეულწილად ჩვენში ხდება იმ აზრის დამკვიდრება, რომ ივანიშვილი აპირებს რაღაც რევოლუციურად განახორციელოს პროცესები, რომ მათთვის უფრო ადვილი იყოს შემდგომში ქუჩაში გასული ხალხის, ელექტორატის თუნდაც დარბევა, ან სხვა მიდგომები.”

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, 42%-ს სჯერა, რომ არჩევნები მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 17%-ი ფიქრობს, რომ ნაწილობრივ გაყალბდება, 20%-ი მიიჩნევს რომ სრულად გაყალბდება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან, ეროვნულ საკითხად უმუშევრობას მიიჩნევენ. შემდეგ პრიორიტეტად ტერიტორიულ მთლიანობას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

გამოკითხვის თანახმად, შემცირდა ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდამჭერა. პარტია ”მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს:

"ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ NDI-ი აქვეყნებს იმ პოზიციას და იმ კვლევებს, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ხელისუფლების სურვილებს - ყოველ შემთხვევაში, მასთან არის ძალიან დაახლოვებული. მათ შორის, პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით -თითქოს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოპოზიციური ძალების რეიტინგი. ვფიქრობ, რომ ამ კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს, ვინაიდან NDI-ი ყოველთვის გამოხატავს გარკვეულწილად ხელისუფლების სიმპათიებს. ასევე მინდა ვთქვა კვლევის შედეგზე ნატო-სთან დაკავშირებით - თითქოს საქართველოში ნატო-ს მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა. ასე ნამდვილად არ მიმაჩნია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს აქვს არჩეული ევროპის გზა, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა აქვს არჩეული. თუმცა გარკვეული იმედგაცრუება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არსებობდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ძირეულად ჩვენი ქვეყნის კურსი ამ ღირებულებებთან დაკავშირებით იყოს შეცვლილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მტკიცედ მხარდამჭერი ევროპული ღირებულებების, ვართ ორიენტირებული ნატო-ზე. ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არის ასეთი განწყობა, თუმცა, გვინდა კეთილმეზობლობა და მეგობრობა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მას შემდეგ, რაც მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. ფაქტი ერთია, ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა იყოს განმკარგავი საკუთარი ბედის, ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ და მოვიპოვოთ. საერთოდ, წლების განმავლობაში ასე ყოფილა, რომ ბრძოლის შედეგად ხდება ყველაფრის მოპოვება. ჩვენი ხალხი ბრძენია, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი მივა და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. შესაძლოა ეს არჩევანი რადიკალურად იყოს განსხვავებული, მათ შორის, NDI-ის კვლევებისგან.”

კვლევის თანახმად, 10%-ით მოიმატა ქუჩის აქციების მომხრეთა რიცხვმა. გამოკითხულთა 87%-ს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები არ მოსწონს.
XS
SM
MD
LG