ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ მერაბიშვილის ახალი კაბინეტი


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

პრემიერ-მინისტრის ცვლილებით გამოწვეული მორიგი კარუსელი საქართველოს მთავრობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დაწინაურებაში გამოიხატა.

ახალი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის მოქმედი მინისტრი ბაჩო ახალაია დაიკავებს;

ახალაიას ძმა, დათა ახალაია წლების მანძილზე, კონსტიტუციური უსაფრთოხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, მერაბიშვილის თანამებრძოლი იყო და მის კარიერაზე ყველაზე სკანდალურმა საქმემ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობაც კი ვერ იმოქმედა. თუმცა, დღეს, ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნის გამო, დათა ახალაიამ თანამდებობა დატოვა.

ახალაიას ადგილზე, განათლების მოქმედი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი დაინიშნება, რომლის ყველაზე დიდ მიღწევად - განათლების სფეროში პოლიციის აკადემიის მიერ მომზადებული მანდატურის ინსტიტუტის დანერგვა მიიჩნევა.

შაშკინის ადგილზე კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მოქმედი ხელმძღვანელი დაინიშნება. ხატია დეკანოიძემ ამჟამინდელ სამსახურში სულ ერთი თვე იმუშავა, მანამდე ხუთი წლის მანძილზე იგი პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.

ახალმა პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც შაბათს ნიკა გილაური შეცვალა, ღიად განაცხადა, რომ ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი კანდიდატურა მოეწონა.

„მე გულგრილი, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბედზე და მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია არის საუკეთესო კანდიდატურა, რომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა, ის რეფორმები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს შსს-ს ჰქონდა აღებული.

მე მაქვს გარანტია! მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა. ძაან მიხარია რომ ჩემი ინიციატივა მხარადჭერილი იქნა პრეზიდენტის მიერ.“

საარჩევნო ციკლის მოახლოებასთან ერთად, ისევე როგორც 2008 წელს, კიდევ ერთხელ დატოვა თანამდებობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა. მას აფხაზეთის დევნილი მთავრობის კულტურისა და განათლების მინისტრი დალი ხომერიკი შეცვლის.

კიდევ ერთი ახალი სახე მერაბიშვილის კაბინეტში ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე იქნება, იგი ახალი - დასაქმების მინისტრი გახდება. ტრაპაიძე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორია.

ეს კომპანია ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ტენდერებში უკვე წლებია უალტერნატივო ფავორიტია. 2010 წლიდან „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ქუთაისში მთავრობის ახალ სახლსაც აშენებს. ვანო მერაბიშვილმა ტრაპაიძეზე, კერძოდ, ბრძანა:

„მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დასაქმების დარგში. აქვს გრძელი ბიოგრაფია, აშენებული აქვს ასეულობით კილომეტრი გზა, ხიდები და გვირაბები. შექმნილი აქვს სხვადასხვა ტიპის საწარმოები.

მარტო ერთ საწარმოში, ბატონმა პაატამ, 700 საქართველოს მოქალაქე დაასაქმა! მისი სამინისტრო უახლოეს პერიოდში აღწერს საქართველოში ყველა უმუშევარს და ყველა ვაკანსიას!“

„მეტი სიკეთე ხალხს“ - ასეთია ვანო მერაბიშვილის მთავრობის ახალი შვიდ-გვერდიანი გეგმის მთავარი მესიჯი. მემარცხენე ტონი გეგმაში მოსალოდნელზეც კი მეტია - მერაბიშვილის მთავრობა მომავალი ოთხი წლის მანძილზე ჯანდაცვასა და დაზღვევაზე 3 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს.

მთავრობა, ასევე, გეგმავს ახალი, ამჯერად 1000 ლარიანი, ვაუჩერების ბეჭდვას, რომელიც ყველა ოჯახს გადაეცემა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან ვეფხვაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე აკრიტიკებენ როგორც მთავრობის მემარცხენე სულისკვეთების დაპირებებს, რომელიც მხოლოდ გადამხდელებს შეიძლება დააწვეთ, ისე მთავრობაში პოლიციის კადრების მომრავლებას.

ლევან ვეფხვაძე: „ერთდოულად დაბალი გადასახადები და ამხელა ხარჯები ეს ბიუჯეტს დაანგრევს. მე ვერ დავინახე საიდან მოიტანს მთავრობა ფულს ამ დაპირებისთვის, ეს არ ჩანს მთავრობის დღევანდელ პროგრამაში.“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „რაც შეეხება ახალიასა და შაშკინს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების წინ პრეზიდენტი და პრემიერი გამოდიან საბრძოლო შემადგენლობით. უკან დახევას ისინი არ აპირებენ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის გზითაც, რომლის როგორც დაცვის, ისე დარღვევის გარანტად გვევლინება პრემიერი მერაბიშვილი.“

დღეს, მთავრობის ახალ გეგმასა და მინისტრობის კანდიდატებს საპარლამეტო კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა და უმრავლესობა გაეცნენ. კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, ახალ მთავრობას პარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან.

საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია პრემიერ ვანო მერაბიშვილის კაბინეტს, როგორც მოსალოდნელია, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG