ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყველაზე "ნაკითხი" ქალაქები


პირველი ადგილები დიდ საუნივერსიტეტო ქალაქებს ხვდა წილად

ამერიკელებს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს მიგნება და გამარჯვებულების დაჯგუფება განსაკუთრებით იზიდავთ. საგანგებოდ დგება სპეციალური სიები და ვლინდება ყველაზე რეიტინგული რესტორანი, ავიაკომპანია, ბრენდი, საუკეთესო შემსრულებელი, ათასწლეულის 100 საუკეთესო კინოსურათი და ასე შემდეგ. ხშირად ამგვარ მიდგომას საზღვარი არ უჩანს და გეჩვენება, რომ სია ყველაფერს შეიძლება მოარგო. დასამალი არ არის რომ ანალოგიური სიების გამოქვეყნებას საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია ახლავს თან, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მოხვდა ან ვინ ვერ მოხვდა პოპულარულ რეიტინგებში, და რომელმა რედაქტორმა რა წესით მოახდინა მათი დაჯგუფება, სიების გამოქვეყნების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში არ ცხრება ხოლმე.

სწორედ ამიტომ, დანამდვილებით ვერც ჩვენ ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ ფაბულას მორგებული ბოლო ორი სია, რომელიც ამერიკის ყველაზე განათლებულ, და ნაკითხ ქალაქებს აფასებს მაქსიმალურად ზუსტი ან აკურატულია. თუმცა ერთი რამ ფაქტია: საზრიანი დებატებისთვის ახალი სტიმული გვაქვს, თან იმ სფეროში რაც ყველასთვის საინტერესოა.
ელექტრონული ვაჭრობის ყველაზე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ-„ამაზონმა“ და კონექტიკუტის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა ორი განსხვავებული შედეგი მოგვცა მას მერე რაც სხვადასხვა ქალაქში არსებული წიგნის/ჟურნალების გაყიდვების რაოდენობა შეისწავლა.
მაშ ასე: როგორ მოხდა ამ სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა?
„ამაზონმა“ სხვადასხვა ქალაქში, როგორც ვიცით, წიგნის, ჟურნალ-გაზეთების, იოტა რიდერების და ტაბლეტ-კომპიუტერების გაყიდვვების რაოდენობა გაითვალისწინა და სხვადასხვა ქალაქიდან მიღებული მონაცემების შედარება მოახდინა. „ამაზონის“ წარმომადგენელი:
„თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ადამიანები, ჟურნალ-გაზეთების შესყიდვის შემდეგ მათ აუცილებლად წაიკითხავენ, ლოგიკური იქნება იმის ვარაუდი, რომ საზოგადოება უფრო განათლებულია ამ რეგიონში.“

მოულოდნელობის და გაკვირვების განცდა არ გაგიჩნდებათ, თუ სიას ზედაპირულად მაინც გადახედავთ, და აი რატომ: „ამაზონის“ მიერ შეფასებული ქალაქებიდან უმაღლესი ქულები, სხვანაირად, ტოპ ადგილები, მართლაც ხვდა დიდ საუნივერსიტეტო ქალაქებს: მასაჩუსეტის ქალაქი კემბრიჯი, სადაც ჰარვარდის ცნობილი უნივერსიტეტია განლაგებული, და ბერკლი, კალიფორნიის შტატში, რომელიც ბერკლის კვლევებით ცნობილი უნივერსიტეტით იწონებს თავს. შესაბამისად, ისინი მესამე და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

თუმცა, ასეთ პრესტიჟულ საუნივერსიტეტო კამპუსებს მაინც გაუსწრო ქალაქმა, სადაც მხოლოდ მსხვილი უნივერსიტეტების ორი ან სამი კოლეჯი ან ფილიალია განლაგებული და ასევე აქვეა თეოლოგიური სემინარია. ეს არის ვირჯინიის შტატის დედაქალაქი ალექსანდრია. ქალაქს, ვაშინგტონისგან მდინარე პოტომაკი აშორებს. „ამაზონის“ რედაქტორები თვლიან რომ მეტროპოლიასთან არსებული მანძილის და იქ დიდი სასწავლო თუ საკვლევი ცენტრების არარსებობის მიუხედავად, ალექსანდრიაში საზრიანი ადამიანები არიან დასაქმებული. „ამაზონის“ რეიტინგების საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთი ქალაქებიც, რომლებიც სხვა დროს არაფრით იპყრობს ყურადღებას, და მით უმეტეს, არასდროს ჩნდება მედიაში რაიმე განსაკუთრებული პოზიტიური დამსახურების გამო. ასეთი ქალაქებია ტენესის შტატის ქალაქი ნოქსვილი, და ვაშინტონის ქალაქი ბელევიუ.

და კიდევ ერთი სია, რომელიც ანალოგიურ მახასიათებლებს აფასებს:
კონექტიკუტის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, ამერიკის ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქების შეფასებისას განსხვავებული ხედვაა მოცემული და შესაბამისად, რეიტინგებიც სხვანაირად გამოიყურება. ამ სიას ქალაქი ვაშინგტონი ლიდერობს. ავტორები პირდაპირ კავშირს ნახულობენ მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობასა და განათლებას შორის და ასკვნიან, რომ ამ ქალაქის მოსახლეობაა სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით საუკეთესო ინტელექტუალური მომზადება გააჩნია.
XS
SM
MD
LG