ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს აპატურაი: "მომავალი არჩევნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტია“


NATO-ს კვირეული საქართველოში
NATO-ს კვირეული საქართველოში

თბილისში დღეს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, რომელსაც სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ესწრება.

კვირეულს ორგანიზებას ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევენ. მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობს - ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იანის სარტსი.

ძირითადი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგების განხილვაა. ასევე ნატოში საქართველოს გაწევრიანების შანსების შეფასება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გახსნაზე ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება

„საქართველო კარგა ხანია თანამშრომლობს ნატოსთან და მინდა ავღნიშნო ის უდიდესი წვლილი, რაც მას ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ამასთან, გენერალური მდივნის სახელით მინდა მწუხარება გამოვთქვა ავღანეთში დაღუპული 16 ქართველი სამხედროს გამო.

საქართველო არა მარტო მიისწრაფვის გახდეს ნატოს წევრი არამედ მუშაობს ამისათვის. ჩიკაგოს სამიტს დადებითი შედეგი ჰქონდა საქართველოსთვის. ყოველი დღე რა თქმა უნდა ახალი გამოცდასავითაა და მომავალი არჩევნებიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტია.“

დღესვე, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი თავისუფალ უნივერსიტეტში პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

პარალელურად ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი პირისპირ შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ საქართველოში ნატოს კვირეულის გამართვის მნიშვნელობა შეაფასა

თენგიზ ფხალაძე:“ძალიან დიდი პოლიტიკური დატირთვა აქვს ამ ღონისძიებას და ასეთი მაღალი დონის სტუმრის ვიზიტს. შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან სამოქალაქო საზოგადოებასთან მეტყველებს რამდენად არის ნატო დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. მით უმეტეს რომ ჩიკაგოს სამიტის შემდეგ იხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპეტივები ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავების.“

ნატოს მიმდინარე კვირეული საქართველოში ამ სახის რიგით მეხუთე ღონისძიებაა. ჩრდილოეთ ატლატიკური ალიანსისთვის მიძღვნილი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაგეგმილი. ნატოს კვირეულს 16 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ბარამამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუკის იანკაუსკასი დახურავენ.

XS
SM
MD
LG