ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის განცხადებით F-16-ები უკრაინის ომში გამარჯვებას უზრუნველყოფს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება ნიშნავს, რომ უკრაინა ომში გამარჯვებას შეძლებს.

კვირას დანიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ უკრაინას პირველ F-16-ებს მიაწვდიან. პირველი ექვსი მოიერიშე, უკრაინას ახალი წლისთვის მიეწოდება. ვაშინგტონმა თვითმფრინავების მიწოდება ზელენსკის კოპენჰაგენში მოგზაურობის წინ დაამტკიცა.

„დღეს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი წააგებს ამ ომს“, - უთხრა ზელენსკიმ დანიის პარლამენტის წინ მისი გამოსვლის მოსასმენად შეკრებლ ხალხს.

რუსეთი აცხადებდა, რომ თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ ომის ესკალაციას გამოიწვევდა.

„ის ფაქტი, რომ დანიამ ახლა გადაწყვიტა უკრაინას 19 F-16 თვითმფრინავი გადასცეს, იწვევს კონფლიქტის ესკალაციას“, - თქვა რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ბარბინმა საინფორმაციო სააგენტო Ritzau-ს მიერ ციტირებულ განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კონტრშეტევის წარმატებისთვის, რომელიც ივნისში დაიწყო და მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს.

"ჰაერში უპირატესობა არის ადგილზე წარმატების გასაღები", - თქვა საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა, უკრაინული მედიისთვის მიცემულ განცხადებაში.

დანიის თავდაცვის მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მიწოდებული F-16-ები გამოიყენოს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე.

"ჩვენ გადავცემთ იარაღს იმ პირობით, რომ ის იქნება გამოყენებული მტრის უკრაინის ტერიტორიიდან განსადევნად“, - განაცხადა ორშაბათს ელემან-იენსენმა. ეს პირობები ეხება ყველა იარაღს, "იქნება ეს ტანკები, მოიერიშე თვითმფრინავები თუ სხვა რამ“, - თქვა მან.

დანია უკრაინას 19 თვითმფრინავს მიაწვდის. ნიდერლანდებს 42 F-16 მოიერიშე თვითმფრინავი აქვს, მაგრამ უცნობია, გადაეცემა თუ არა ყველა მათგანი უკრაინას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილებას "გარღვევა" უწოდა.

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა შაბათს განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები წვრთნებს გადიან, მაგრამ ინჟინრებისა და მექანიკოსების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG