ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის შემაშფოთებელი ანგარიში


ექსპერტები მსოფლიოს ლიდერებს და რიგით ადამიანებს გლობალური დათბობის პროცესის შესაჩერებლად საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

საკვების წარმოების შემცირება
წყლის უკმარისობა
ექსტრემალურად ცხელი კლიმატის შემოტევები
წყალდიდობათა რაოდენობის ზრდა

მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში აღწერილი სურათი, რომელიც კლიმატური ცვლილებების შესახებ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, ძალზე შემაშფოთებელია. ანგარიშის სახელწოდებაა „უარი დათბობას“ და ის ადრე გამოქვეყნებული კვლევის ერთგვარი გაგრძელებაა. თუკი ადამიანებმა სათბური გაზების ემისიის შეზღუდვა ვერ შეძლეს, მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, დედამიწაზე ტემპერატურა მარტო ერთი თაობის ცვლის მანძილზე დაახლოებით 2 გრადუსით მოიმატებს, საუკუნის ბოლოსთვის კი, სავარაუდოდ, 4-ით. დღეს ტემპერატურა ცელციუსით 0.8 გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიული განვითარების პერიოდს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:57 0:00
ბმული

მსოფლიო ბანკის დირექტორი ინდოეთში, ონო რაჰლი ამბობს, რომ კლიმატური ცვლილებები, კერძოდ კი გლობალური დათბობა, ყველაზე დიდ ზიანს უღარიბეს მოსახლეობას მიაყენებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ღარიბი მოსახლეობა ბევრად უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი კატაკლიზმების და ეკოსისტემების ცვლილებებთან მიმართებაში. უღარიბეს ფენას შედარებით ღარიბი მოსახლეობის ნაწილისგან განსხვავებით, თავის დაცვის არანაირი საშუალება გააჩნია. ეს ჩვენი ანგარიშის ყველაზე მძიმე ნაწილია. უღარიბესი მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდება“ - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

ანგარიში ყურადღებას იმ რეგიონებზე და ქვეყნებზე ამახვილებს, რომლებსაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგება. მსოფლიო ბანკის მკვლევარების დასკვნით, ესენია სამხრეთ აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და სუბსაჰარის აფრიკის რეგიონი. აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებს ტემპერატურის მხოლოდ 2 გრადუსით მატება უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის. მნიშვნელოვნად შემცირდება ნათესების და მოსავლის რაოდენობა. შეიზღუდება საძოვრების რაოდენობა, რაც მეცხოველეობასაც პრობლემებს შეუქმნის. ეს ყოვლივე კი საკვების უსაფრთხოების საკითხებთან პირდაპირ კავშირშია.

სამხრეთ აზიაში ექსტრემალური სიცხის შემოტევები რეგიონს წყალდიდობებით და გვალვებით ემუქრება. ზოგიერთ მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად დაიწევს, რაც რეგიონში მცხოვრებ 63 მილიონ ადამიანს კვების პროდუქტების უკმარისობის რისკის ქვეშ აყენებს. სანაპირო ქალაქებში, როგორიცაა კალკუტა, ბანგლადეში და მუმბაი ამის საპირისპიროდ, ზღვის დონის მატება და წყალდიდოებების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ყველა ქვეყნის ხელისუფლებას და თითოეულ ადამიანს მოუწოდებენ გააკეთოს სწორი არჩევანი, რათა დედამიწაზე მაქსიმალურად შემცირდეს სათბური გაზების ემისია. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ყოველდღიურად დაზოგოს ენერგია და შეიძინოს ისეთი პროდუქტები, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, იმგზავრონ უფრო მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა კერძო ავტომობილებით. ონო რაჰლი, მსოფლიო ბანკის დირექტორი ინდოეთში, აღნიშნავს, რომ განვითარებადი ქვეყნები უკვე მეტ ყურადღებას უთმობენ იმ ზიანს, რაც ინდუსტრიულ ზრდას მოაქვს, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო.

„როცა მთავრობებს ელაპარაკები ამ პრობლემების შესახებ, მათი უმრავლესობა კლიმატური ცვლილებების საკითხს გაგებით ეკიდება. მაგრამ შემდეგ, როცა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ, იქცევიან ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ. ჩვენ ხომ ყოველთვის ვყიდულობთ უფრო პრიალა და ლამაზ მაცივარს და არა იმას, რომელიც მეტ ენერგიას დაზოგავს. ამაში მდგომარეობს მთავარი გამოწვევა“ - აღნიშნავს ონო რაჰლი.

მსოფლიო ბანკის ანგარიში პოლიტიკურ ლიდერებს, თუ წარმოების ხელმძღვანელებს მოუწოდებს სასწრაფო ზომები მიიღონ. ბანკის ექსპერტებმა რეკომენდაციების მთელი სია შეიმუშავეს. მათ შორისაა: ახალი ნაგებობების კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით აგება, საკვების უსაფრთხოების პროგრამების ზრდა, სიცხისადმი და გვალვებისადმი უფრო გამძლე კულტურების გამოყვანა, წყლის მართვის პროგრამების დახვეწა, სანაპირო ინფრასტრუქტურების შეცვლა და ასე შემდეგ.
XS
SM
MD
LG