ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაბუქო გაუქმდა, ტაპი კი ძალებს იკრებს


საქართველო რეალურად გახდება დიდი ინფრასტრუქტორის ნაწილი, რომელსაც ევროპისთვის გეოსტრატეგიული დანიშნულება აქვს, აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ვაშინგტონში დაფუძნებულ ვუდრო ვილსონის ცენტრში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა სამხრეთის გაზის დერეფანზე.“ შეხვედრის მთავარი თემა აზერბაიჯანული ენერგო კონსორციუმის შაჰ დენიზ 2-ის მიერ 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმადაც პროექტი "ნაბუქო" აღარ განხორციელდება და მას ტრანს-ადრიატიკული მილსადენი, იგივე ტაპი, ჩაენაცვლება.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ამოს ჰოჩსტეინმა, კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა დირექტორმა გრეგ სონდერსმა, ვაშინგტონში იტალიის საელჩოს ეკონომიკური და სამეცნიერო დეპატრამენტის ხელმძღვანელმა ლორენზო გალანტიმ და აშშ კონგრესის კვლევითი სამსახურის სპეციალისტმა მაიკლ რატნერმა.

ამერიკის ადმინისტრაცია ტაპის მილსადენს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მას ევროპის ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის სფეროში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ტაპი პირველი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას რეალურად შეცვლის იმის გამო, რომ ამ მილსადენის აშენებით ევრაზიის ენერგო ბაზარზე ახალი გლობალური მოთამაშე - აზერბაიჯანი - შევა.

ამოს ჰოჩსტეინმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის არატრადიციული მეთოდებით მოპოვებამ და ამერიკულ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის გაზის გამოჩენამ მსოფლიოს მასშტაბით ენერგო უსაფრთხოების სურათი შეცვალა. თუ აქამდე შეერთებული შტატები გაზის იმპორტიორი ქვეყანა იყო, მომავალში ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. ეს კი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედებს.

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ამერიკაში ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდასათან ერთად, გაიზრდება ევროპის ენერგო მოთხოვნილებაც. „ბრიტიშ პერტოლიუმის“ გათვლებით, 2030 წლისთვის ევროპას ენერგო რესურსების მოთხოვნილების 2/3-ის იმპორტი დასჭირდება. ეს გაზის თითქმის იგივე რაოდენობაა, რასაც ჩინეთის ეკონომიკა დღეს მოიხმარს. როგორც „ბი-პის“ ერთ-ერთი დირექტორი სონდერსი ამბობს, ევროპის ენერგო ბაზარს 20 წელში ერთი ჩინეთის მოთხოვნილება დაემატება. გაზის მოთხოვნილების ამ სცენარის განვითარების დიდი ალბათობა ტაპის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ევროპა ამ მილსადენის ამუშავებით გრძელვადიან გარანტიებს იღებს იმისთვის, რომ მოთხოვნილების გაზრდის დროს ბუნებრივი აირის სტაბილური მარაგი ჰქონდეს.

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ მსოფლიო ენერგო რესურსების მოხმარების ტენდენციები დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში უმთავრესი ენერგო რესურსი ქვანახშირი იყო, ის მოგვიანებით ნავთობმა შეცვალა, ხოლო მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი უმთავრესი საწვავი ბუნებრივი გაზი გახდება. ეს ტენდენცია სამხრეთის ენერგო დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამყარებს. კასპიის ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოები ევროპისთვის საწვავის სტაბილური მარაგის გარანტიას იძლევა.

მილსადენი საქართველოსთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია. დაახლოებით 45 მილიარდიანი ინვესტიციიდან, რომელიც ტაპის აშენებაში ჩაიდება, 2 მილიარდი დოლარი საქართველოში დაიხარჯება. ეს თანხა სამხრეთ კავკასიური მილსადენის წარმადობის გაზრდას მოხმარდება. ამჟამად, მილსადენი დაახლეობით 7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს წლის განმავლობაში. საქართველოში ორი ახალი საკომპრესორო სადგურის აშენებით კი მილსადენის წარმადობა გასამმაგდება, რაც შაჰ დენიზის საბადოს სრული ექსპლუატაციის შემთხვევაში აუცილებელი იქნება.

კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელი მაიკლ რატნერი აცხადებს, რომ „საქართველო მილსადენისგან სატრანზიტო მოსაკრებელს მიიღებს. იმედია, თბილისი ასევე შეძლებს გაზის შეღავათიან ფასებში შესყიდვას. საბოლოო ჯამში, ტაპი საქართველოს ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დაეხმარება.“

გარდა დამატებითი სატრანზიტო მოსაკრებლისა და მილსადენიდან მიღებული ბუნებრივი გაზის მარაგისა, საქართველო პოლიტიკური კუთხითაც ისარგებლებს. ამოს ჰოჩსტეინი აცხადებს: „საქართველოსთვის ტაპი არა მხოლოდ ეკონომიკურ მოგებას მოიტანს, არამედ ახლა ქვეყანა რეალურად გახდება დიდი ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელსაც ევროპისთვის გეოსტრატეგიული დანიშნულება აქვს.“

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ მილსადენის აშენებით რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მოთხოვნა გაჩნდება: „ჩემი აზრით, ტაპი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. ეს ხომ გაზის პირველი მილსადენია, რომელიც კასპიის ზღვას ევროპასთან დააკავშირებს. 10 წლის ოცნება ასრულდა და მილსადენის აშენების გადაწყვეტილება მიღებული იქნა... ტაპის მარშრუტზე მდებარე ქვეყნები ეკონომიკურ მოგებას ნახავენ და მათ ინტერესში იქნება სტაბილურობის შენარჩუნება და თანამშრომლობა.“

ტაპის აშენებით ევროპა ენერგო რესურსებისა და წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. მილსადენის მარშრუტზე მდებარე ქვეყნები კი ეკონომიკურ სარგებელს ნახავენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ნაბუქოსგან განსხვავებით ტაპი ეკონომიკურად უფრო მომგებიანი პროექტია და საბოლოო ჯამში ნაბუქოს გაუქმებისა და ტაპის აშენების გადაწყვეტილებაც კომერციულ გათვლებზე იყო დაფუძნებული.

ტაპის აშენებით - ისევე როგორც, თავის დროზე, ნაბუქოს ინიციატივით, აზერბაიჯანმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და გაზის გაგზავნა დასავლეთის და არა აღმოსავლეთის მიმართულებით გადაწყვიტა. ეს კი ექსპერტების აზრით, რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG