ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი საქართველოში დღემდე ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მხირვ პრობლემატურია როგორც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მხრივ არსებული ვითარება, ისე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხარისხი, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით შექმილი რეალობა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ხშირადშეუსაბამო და არასაკმარისი აქტივობა ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მრავალწახნაგოვანია. გარდა ზოგადი მოცემულობისა, რომლის თანახმად საქართველოში ქალებისთვის და მამაკაცებისთვის უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზების მხირვ არათანასწორი გარემოა, რასაც სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშებიც მოწმობს, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით კიდევ უფრო უარეს სურათს ვიღებთ რეგიონებში. გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ ამ საკითხს საგანგებო პროექტით გამოეხმაურა და კონფლიქტის ზონის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ასევე დევნილთა ჩასახლებებში მაცხოვრებელი ქალბატონები გამოკითხა. მათი ისტორიები მოწმობს, რომ ერთია, როდესაც ვსაუბრობთ ურბანულ გარემოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მეორე და გაცილებით მძიმე, როდესაც საქმე გვაქვს რურარულ სივრცეში მაცხოვრებელ ქალბატონებთან. ამის შესახებ რადიო „მოზაიკის“ ხელმძღვანელი გვანცა დოლუაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ერთია, როდესაც პატრიარქალურ სივრცეში და ქვეყანაში კულტურული ჩაგვრის მსხვერპლი ხარ, როგორც ქალი და მეორე, როდესაც სოციალური ნიშნითაც იჩაგრები. სწორედ კულტურული და სოციალური ჩაგვრის კლასიკურ მაგალითებზე საუბრობენ ჩვენი რესპონდენტი ქალები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად. მათ, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერმიიღეს განათლება, ვერ შეძლეს საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზება, შესაბამისად, დღეს მათი უმრავლესობა არის უბრალოდ დედა, უბრალოდ ვიღაცის მეუღლე. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა საკუთარი თავის დამკვიდრება საზოგადოებაში, როგორც გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანმა.“

გიული საბაშვილი 56 წლის არის და კონფლიქტის ზონის სოფელ ქვემო არცევში ცხოვრობს. „გზავნილში სოფლიდან“ ის იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც მისი ცხოვრების ოცნება გამხდარიყო მასწავლებელი აუხდენელი დარჩა: „მასწავლებელი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ არ იყო სახსრები და ვერა, ვერ შევძელი. მოგვიანებით იყო საშუალებები, მაგრამ მერე ოჯახური პრობლემები გაჩნდა ისეთი (მამა ცუდად გამიხდა), რომ ვეღარ შევძელი. 25 წლამდე არ უნდა გათხოვდეს ქალი. სამსახურზე უნდა იფიქროს, კარიერა აიწყოს და მერე გათხოვდეს – ჩემი წესით, ეგრეა“.

გათხოვებამ სწავლის გაგრძელებაში ხელი შეუშალა თედოწმინდაში მცხოვრებ შუშანა აღჩანოღლის: „ბავშვობაში ვოცნებობდი, შოფერი (სტილი დაცულია– ნ.დ.) უნდა გავხდე–მეთქი, მანქანა უნდა ვიყიდო – ეს იყო ჩემი ოცნება. ქალებს რომ ვხედავდი მანქანაზე, მომწონდა და კიდევ სიგიჟემდე მომწონდა სამხედრო პირი ქალები. სწავლით ვერ ვისწავლე, ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება, გავთხოვდი, ოჯახი შევქმენი და აღარ ვიარე სასწავლებელში. ახლა სამი შვილი მყავს. ყოველი დღე ჩემთვის ასეთია: დილით ავდგები, როგორც წესი, საჭმელი მზად უნდა იყოს, საქმეებს ვაკეთებ, მერე ბაღი... არაა პირობები იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ესაა ჩვენი გაჭირვება და ჩვენი ცხოვრება. მომწონს ტელევიზორს რომ ვუყურებ, მომღერლები ძალიან მომწონს, ჟურნალისტებიც, ქართული სიმღერებიც, აზერბაიჯანულიც. ქალიუნდა იყოს ოჯახში ბედნიერი – ესაა მთავარი, რომ ქმართან და შვილებთან იყო ბედნიერი. ესაა ჩემთვის წარმატება“.

74 წლის ლამარა ვალიშვილის ისტორია ოჯახურ ძალადობასაც მოიცავს: „ჩემი მეუღლე როგორი იყო და რომ დათვრებოდა, გაბრაზდებოდა ვინმეზე, ჯავრებს ჩემზე იყრიდა, აი, ეგრე. ეგრე სამი შვილი გავზარდე, რომ ოჯახი არ დავანგრიე, მაინც ავიტანე. სამი შვილი მყავდა, აბა სად წამეყვანა“

ქალთა უფლებების უზრუნველყოფისა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში ყველაზე ეფექტურად, ალბათ პოლიტიკოსი ქალები იბრძოლებდნენ, თუმცა მათი რაოდენობა ქართულ პოლიტიკაში დღეს–დღეობით კრიტიკულად მცირეა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG