ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალებს პარტიები აბრკოლებენ


რადიო თავისუფლების ფოტო
რადიო თავისუფლების ფოტო

გენდერული თანასწორობის საკითხი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქალებისთვის ყველაზე „შესაფერის“, მყარ და ურყევ პოზიციებად კვლავ სახლი და სამზარეულო მიიჩნევა. ქვეყნისთვის წარმატების რეცეპტში კი სულ სხვა პროპორციებია ჩაწერილი, რასაც წარმატებული დასავლური დემოკრატიების მაგალითები ნათლად მოწმობს.

მიუხედავად თვალსაჩინო რეცეპტებისა, წლიდან წლამდე და არჩევნებიდან არჩევნებამდე სურათი საქართველოში, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მხოლოდ მცირედით იცვლება. მმართველ პოზიციებზე ქალებისთვის ადგილის დათმობა არა მხოლოდ პოლიტიკაშია პრობლემა. მაგრამ პოლიტიკა მაინც მთავარი მიმართულებაა ამ თვალსაზრისით, რადგან პოლიტიკაში გენდერული ბალანსი თავისთავად მოახდენს გავლენას და შეცვლის სურათს სხვა სფეროებშიც.

ეს ზოგადი დისკურსისთვის. უფრო კონკრეტულად კი გამოსავალი ისევ პოლიტიკოსებთანაა კავშირში, მაგრამ არა იმდენად მმართველობის ბერკეტების ხელში აღების შემდეგ, რამდენადაც მანამდე, როდესაც პარტიული სისტემა ყალიბდება. პარტიებმა ქალები „გამსვლელ ადგილებზე“ რომ არ დაბლოკონ და პირიქით, წაახალისონ, პოლიტიკური სურათი მთლიანად შეიცვლება: ვიხილავთ მეტ ქალს პარლამენტშიც და ზოგადად, პოლიტიკაშიც.

კვლევაში, რომელიც ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა და რაც გენდერულ თანასწორობას აფასებს პოლიტიკურ პარტიებში, სწორედ ეს საკითხებია ხაზგასმული. ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „სიახლე ისაა, რომ პრინციპული სიახლე არ გვაქვს. ვგულისხმობ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას თანასწორობის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.სამწუხაროდ, ამგვარი რამ არ შეიმჩნევა. ყოველწლიურად იგივე მეორდება, მიუხედავად, ძალიან ხშირი განცხადებებისა პოლიტიკური პარტიების მიერ იმის თაობაზე, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სამწუხაროდ, არ გვაქვს. პარტიები ამბობენ, რომ აკეთებენ გარკვეულ საქმეებს ამ მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი მონაცემები ან დოკუმენტები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გადაგვემოწმებინა რეალურად მართლა არის ეს ისე, რასაც ამბობენ, თუ არა.“

პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანი ბაკურ კვაშილავა ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ერთ–ერთი, რასაც ჩემთვის, კვლევის შემდგომ, შეიძლება ვუწოდო აღმოჩენა, ან ვარაუდების დადასტურება, გახლავთ ის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები არიან ნაკლებ ტრანსფარენტულები, ნაკლებ ანგარიშვალებულები საკუთარი წევრების მიმართ. ბიუჯეტი, როგორც ასეთი, რომელიც შედგენილი აქვთ, ძირითადად შემოიფარგლება ზოგადი მუხლებით. ასე მაგალითად, არც ერთ პარტიას არ ჰქონდა გამოყოფილი თანხა ბიუჯეტში, რომელიც მიმართული იქნებოდა გენდერული თანასწორობისკენ. არა მარტო გენდერული თანასწორობისკენ, არამედ, ბიუჯეტებში, როგორც პარტიების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ძირითადად, გამოყოფილია, მივლინებები, ხელფასები და საარჩევნო ხარჯები და ამას უნდა დავუმატოთ ეგრეთ წოდებული „გაუთვალისწინებელი ხარჯები“. ჩამოწერილი აქტივობების მიმართულებით, პარტიებს არ აქვთ არც შიდა ვალდებულებები და არც საგარეო ვალდებულება რომ წარმოადგინონ უფრო დეტალური რამ. ეს ასახავს იმასაც, პარტია დემოკრატიულადაა მოწყობილი თუ არა“.

ამერიკის ხმა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ელენე რუსეცკაიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს: „პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პარტიებში დასაქმებულია 30 პროცენტი ქალი, მაგრამ ისინი არ არიან წამყვან თანამდებობებზე. შემდგომი პრობლემა არის ის, რომ ეს ქალები პარტიულ სიებში მოხვდნენ იმ ათეულსა თუ ხუთეულში, რაც ეგრეთ წოდებული სიით გამსვლელია. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გენდერული კვოტირება აუცილებელია. პარტიები რომ ხვდებოდნენ ამას, თავად გააკეთებდნენ შიდა პარტიულ კვოტებს და არ დაგვჭირდებოდა ბრძოლა სისტემაში, სადაც ახლა ადვოკატირებას ვუწევთ კვოტირებას. უფრო უკეთსი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ რიტორიკა შეიცვალა და ახლა დეკლარირებულად ამბობენ, რომ უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, თუმცა პრაქტიკამ უჩვენა, რომ მთლად ასე არაა. პრინციპში, ამას მოწმობსპარლამენტში ქალთარაოდენობა. ის კი გაზრდილია, მაგრამ ისეც არა, როგორც უნდა იყოს.“

კვლევა აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოშიპოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებები განაპირობებს. ჯანსაღი დამოკიდებულებების პირობებში კი სურათი სასიკეთოდ შეიძლება შეიცვალოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG