ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა პოლიტიკური ჩართულობის საკითხი ქართული პოლიტიკის ბნელი მხარეა. რა სურათი გვექნება მომავალ პარლამენტში, ამის განსაზღვრის საშუალებას პოლიტიკური სუბიექტების საარჩენო სიები გვაძლევს, რომლის თანახმად, ვითარება ასეთია: რეიტინგის მიხედვით მესამე პოლიტიკურ ძალას – „ბურჭულაძის სახელმწიფოს ხალხისთვის“ პარლამენტში ქალი კანდიდატი არა თუ პირველ, არამედ მეორე ათეულშიც არ ჰყავს. ქართული ოცნების პირველი ათეულიდან 4 ქალია, მეორე ათეულში 2 და მესამეში არც ერთი. ნაციონალური მოძრაობის პირველ და მეორე ათეულებში 3–3 ქალი კანდიდატია, მესამეში კი 2, ალასანია –თავისუფალი დემოკრატებიდან პირველ ათეულში 3, მეორეში 4 და მესამეში სამი ქალია, ნინო ბურჯანაძის – დემოკრატიული მოძრაობიდან – პირველ და მეორე ათეულებში 3–3 ქალი კანდიდატია, მესამე ათეულში კი 4. რესპუბლიკელების პირველ ათეულში 4 ქალი კანდიდატია, მეორე და მესამე ათეულებში კი 3–3. პირველი სამი ათეულიდან ეს საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა ქალთა თანაბარი ჩართულობისთვის არც ერთი პარტია რეალურად მზად არაა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ის ეძებს პარტიებიდან კანდიდატს, რომელიც მომავალ პარლამენტში ქალთა საკითხებზე ინიციატივას აიღებს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე არც ერთმა ქალმა პოლიტიკოსმა ასეთი დაპირება არ გასცა: „დანაპირები არსებობდა ზოგიერთი პარტიის მხრიდან, რომ მართალია, კვოტირებას მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ გაითვალისწინებდნენ ამას თავიან სიებში. ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ ეს არ მოხდა და ის წარმომადგენლობა, რაც ვიხილეთ ჩვენ პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში, პირდაპირ გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა თუ ნაკლები არა, შეიძლება იგივე იყოს და არანაირი სურათი არ შეიცვლება. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშნველოვანი იყო ჩვენთვის. მოვისმინეთ პოლიტიკოსების მესიჯები, მაგრამ დავინახეთ ისევ ის სურათი, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით. ესაა კონსოლიდაციის ნაკლებობა ქალებს შორის. ზოგადად, კონსოლიდაციის და შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ ქალთა თუ სხვა საკითხებზე. ჩვენს კონკრეტულ კითხვაზე კანდიდატებთან იმის შესახებ, გახდებით თუ არა ინიციატორი კვოტირების კანონმდებლობის ლობირების, მკაფიო პასუხივერ დავინახეთ. ჩვენ გვჭრდება კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პარლამენტარი, რომელიც იქნება ჩვენი თანამოაზრე, მოკიდებს მას ხელს და გაიტანს ამ საკითხს ბოლომდე.“

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც პარტიებს გენდერული პოლიტიკის მათეული ხედვა უნდა წარედგინათ დასწრება მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა შეძლო: ქართულმა ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფომ ხალხისთვის, საიდანაც მამაკაცი კანდიდატი მოვიდა შეხვედრაზე, რადგან პირველ ოცეულში ქალი არაა და რეაპუბლიკურმა პარტიამ. თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნების წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან ამბობს: „კვოტირებაზე ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არაფერი გვიწერია, ასეთი ვალდებულება აღებული არ გვაქვს, მაგრამ, მე როგორც ვხვდები, შესაძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტში მსჯელობა ამ საკითხზე და ჩვენთანაც იქნებიან ადამიანები, ვინც პრობლემის მოგვარების ასეთ ფორმას მხარს დაუჭერენ. ჩემი პირადი მოსაზრება შემდეგია: ცოტა ხნის წინ წინააღმდეგი ვიყავი კვოტირების, მაგრამ შემდგომ, დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა მოსაზრება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი ეფექტის მისაღწევად ზოგჯერ გამართლებულია ხოლმე კვოტირების სისტემა და ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მას მოუტანია პოზიტიური შედეგი. ამიტომ, ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ერთ–ერთ მექანიზმად. ეს ჩემს პირად მოსაზრებას რაც შეეხება, თუმცა როგორც აღვნიშნე, ჩვენ პროგრამაში ამაზე საუბარი არ გვაქვს. ამიტომ ვნახოთ, წინ გველოდება დისკუსია ამ საკითხზე.“

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტიიდან ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „კვოტირებას მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა. ჩვენ პარტიულადაც მიღბული გვაქვს კვოტირების საკითხი. კვლევების თანახმად, ჩვენმა პარტიამ ყველაზე მეტად წარადგინა ქალები მაჟორიტარების კანდიდატებად, ასევე ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის გვყავს“.

2012 წლის მოწვევის პარლამენტში 18 ქალი დეპუტატია, რაც პროცენტულად 11.3შეადგენს. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამჯერად გამოდის სლოგანით: „ქალის ხმა გადამწყვეტია“ და ამომრჩეველ ქალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა ეს სიტყვები არა მხოლოდ გაფრენილ ფრაზად, არამედ რეალიზებულ ფაქტად შედგეს მომავალ პარლამენტში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG