ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობა უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე


ოთხი წლის წინ დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგია “დემოკრატიისთვის კატასტროფაა,” გასულ კვირას კი ამ სისტემით გამართულ არჩევნებს ის თეთრ სახლში შეჰყავს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იანვრის ბოლოს დაიწყებს, მანამდე კი მომავალი კაბინეტის დაკომპლექტებაზე მუშაობს. ეს იმის მიუხედავად, რომ 8 ნოემბრის არჩევნებში მან მეტოქე - ჰილარი კლინტონზე 233 000 ხმით ნაკლები - 59.7 მილიონი ხმა მოიპოვა. კლინტონის ხმები შეიძლება გაიზარდოს კიდეც, რადგან იმ შტატებში, სადაც მან გაიმარჯვა, საბოლოო ხმებს ისევ ითვლიან.

სამაგიეროდ საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც პრეზიდენტს ირჩევს, ტრამპმა 290, კლინტონმა კი 228 ხმა მოიპოვა. გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოვლენილა ორ შტატში.

პოპულარულ კენჭისყრაში გამარჯვების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გახდება იმ მოდელის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტის ასარჩევად ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს.

ამერიკის საარჩევნო სისტემის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატები 50-ივე შტატში ცალ-ცალკე იბრძვიან და შესაბამისად, შტატში გამარჯვებული იღებს შტატის ყველა წარმომადგენლის, ანუ საარჩევნო კოლეჯში ამ შტატის ყველა წარმომადგენლის ხმას. კოლეგიაში შტატების წარმომადგენლების რაოდენობა შტატის მოსახლეობის მიხედვითაა განსაზღვრული, მაგალითად კალიფორნიას კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, ქვეყნის დედაქალქ ვაშინგტონს კი, რომელიც ოლქია და არა შტატი, მხოლოდ 3.

სამშაბათის არჩევნებში ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის წევრების რაოდენობით გაიმარჯვა, მათ შორის ისეთ შტატებში, სადაც წარსულში მხარი დემოკრატ ბარაკ ობამას დაუჭირეს. ამ შტატებს შორის იყო ფლორიდა, პენსილვანია და ოჰაიო. კლინტონმა მთლიანობაში ამომრჩევლის მეტი ხმა დააგროვა, დიდწილად ორ უმსხვილეს შტატში - კალიფორნიასა და ნიუ-იორკში გამარჯვების შედეგად.

ამერიკის ისტორიაში ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როცა კანდიდატი პრეზიდენტი ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე გახდა.

იგივე მოხდა 2000 წელს, როცა დემოკრატმა ალ გორმა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ უმცროსზე ნახევარი მილიონით მეტი ხმა მოიპოვა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად ბუში აირჩია.

წელს, ისევე როგორც 16 წლის წინ, არჩევნების შედეგმა ბევრი დემოკრატი ამომრჩევლის ბრაზი გამოიწვია. საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით წარმოებულ ერთ-ერთ პეტიციას უკვე 240 000 ადამიანი შეუერთდა.

საარჩევნო კოლეგიას კატასტროფას უწოდებდა უკვე არჩეული პრეზიდენტი. “ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ვაშინგტონში მასობრივი მსვლელობა უნდა მოვაწყოთ და ეს უმსგავსობა უნდა დავასრულოთ. ჩვენი ერი დაყოფილია,” ტრამპი ტვიტერზე წერდა.

სააჩევნო სისტემის შესაცვლელად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რაც შეერთებულ შტატებში რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამას კი კონგრესის დიდი უმრავლესობის მხარდჭერა სჭირდება. ახლა კი, როცა კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ეს ცვლილებები უმრავლესობის ინტერესებში არ არის.

XS
SM
MD
LG