ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენიმე საათი რჩება ამერიკის არჩევნებამდე. ორივე კანდიდატი ოპტიმიზმს გამოხატავს და დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. კვლევების მიხედვით ჰილარი კლინტონი ქვეყნის მასშტაბით მცირედით უსწრებს დონალდ ტრამპს.

ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვინაობას სავარაუდოდ მერყევი შტატები გადაწყვეტენ. კამპანიის ბოლოს, დონალდ ტრამპი აგრძელებს დატვირთულ კამპანიას. ის ერთ დღეში 5 შტატში ჩავიდა. ხოლო ჰილარი კლინტონი ცნობილი სახეების დახმარებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას. კლინტონის შეხვედრებზე ბარაკ ობამადან დაწყებული ქეითი პერით დამთავრებული, ბევრი ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი გამოვიდა სიტყვით.

ნევადაში წინასწარი ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, ესპანურენოვანი ამომრჩევლის აქტიურობა კლინტონის სასარგებლოდ მეტყველებს. ხოლო ტრამპი იმედოვნებს, რომ ისეთ შტატში, როგორიცაა ოჰაიო, თეთრკანიანი ამომრჩეველი არჩევნებზე მივა და მას მისცემს ხმას. როგორც მკვლევარმა, ნეით სილვერმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, არჩევნების დღეს ორივე კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი. „წინა არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ ცდომილების ზღვარის ფარგლებში სამპროცენტიანი განსხვავება. 2012 წელს ობამამ კვლევების გათვლებთან შედარებით სამი პროცენტით მეტი ხმა მიიღო ბევრ შტატში. თუ კლინტონი 3 პროცენტით უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ამას კვლევები აჩვენებენ, ეს მას მისცემს ზღვრული უპირატესობით გამარჯვების შესაძლებლობას. თუმცა, თუ სიტუაცია ამ სცენარის საპირისპიროდ განვითარდება, ტრამპა შესაძლოა საარჩევნო კოლეგიის დახმარებით გაიმარჯვოს“, - აღნიშნა მან.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია სავსე იყო სიურპრიზებით და სიტუაციის მოულოდნელი განვითარებით. ვერცერთი კანდიდატი ვერ იტყვის იმას, რომ ბოლოს წამს მოვლენების გაუთვალისწინებელი განვითარება გამორიცხულია. მილიონობით ამომრჩეველი, ხვალ 8 ნოემბერს, საარჩევნო უბნებისკენ გაემართება, რათა გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი მომავალი 4 წლის მანძილზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG