ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი ტრამპის კაბინეტის დამტკიცებას განაგრძობს


ჯონ მაიკეინი, ბენ კარდინი და ბობ მენენდესი

ჯონ მაიკეინი, ბენ კარდინი და ბობ მენენდესი

ამერიკის სენატი კენჭს უყრის დონალდ ტრამპის კაბინეტის შემადგენლობას. ამ კვირის მანძილზე ტრამპი გააგრძელებს ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დაკომპლექტებას. რესპუბლიკელი სენატორები, მათ შორის ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და მარკო რუბიო მხარს უჭერენ რექს ტილერსონის კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.

ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში სენატმა მხარი დაუჭერა ტრამპის არჩევანს პენტაგონისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პოზიციებზე. რესპუბლიკელების უმრავლესობა ახლა „ექსონ-მობილის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს რექს ტილერსონს უჭერს მხარს, რომლის თბილმა ურთიერთობებმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ზოგიერთი კანონმდებლისთვის გადაწყვეტილების მიღება გაართულა. განხილვების შემდეგ, კანდიდატურას მხარს რესპუბლიკელი სენატორები, ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და მარკო რუბიოც უჭერენ.

„ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ უნდა მივცეთ შანსი ახალ პრეზიდენტს, მიუხედავად ეჭვებისა“, - განაცხადა მაკკეინმა.

ტილერსონისთვის პირველი სირთულე გადალახულია, მან სენატის საგარეო კომიტეტის მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა მას მთელს სენატში უყრიან კენჭს.

ამასობაში, სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის კანდიდატს მაიკ პომპეოს კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელმაც პარასკევს ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, რამაც ახალი ადმინისტრაცია უკმაყოფილო დატოვა.

„სენატში დემოკრატები მაიკ პომპეოს ნომინაციას აჯანჯლებენ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხის პოლიტიზირებას ახდენენ. ამაზე უნდა წერდეთ“, - მიმართა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა.

ტრამპის თქმით, ის მოელის მისი წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას.

„ჩვენ ყველა კანდიდატურას გავიტანთ, თუმცა ნაწილს უფრო მეტი დრო დაჭირდება ვიდრე სხვებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ წინა პრეზიდენტების მიერ ნომინირებული კანდიდატების დამტკიცება უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ტრამპის შერჩეული კადრების შემთხვევაში.

„მე კარგად მახსოვს 2009 წლის იანვარი, ინაუგურაციის შემდეგ სენატმა კაბინეტის შვიდი წევრი დაამტკიცა. შვიდი და არა ორი. რატომ არ ვრთავთ ნებას პრეზიდენტს შეკრას ეროვნული უსაფრთოხების გუნდი, მაშინ როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება უახლესი ისტორიის განმავლობაში?“, - აღნიშნა ჯონ მაიკკეინმა.

თუმცა, დემოკრატები განსხვავებულ აზრზე არიან და მიჩნევენ, რომ ტრამპის კანდიდატების მკაცრი შემოწმება აუცილებელია.

“ეს აჩვენებს, რომ სენატი უბრალოდ ბეჭედს არ დაარტყამს და არც უარს იტყვის საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე“, - ამბობს სენატორი რონ ვაიდენი, დემოკრატი კანონმდებელი.

დემოკრატების თქმით, ტრამპის მიერ ნომინირებულ კანდიდატებს დროულად არ წარმოუდგენიათ ფინანსური დეკლარაციები და არ გაუვლიათ ეთიკური შემოწმება.

„თუ ოდესმე საჭირო ყოფილა კაბინეტის მომავალი წევრების მკაცრი შემოწმება, ეს ის შემთხვევაა. არჩეული პრეზიდენტის კაბინეტი „ჭაობის“ კაბინეტია, მილიარდერებით და ბანკირებით სავსე, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი და ეთიკური ჩავარდნები აქვთ“, - აცხადებს ჩაკ შუმერი, დემოკრატი სენატორი.

გარდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდისა, სენატში უთანხმოებას ასევე იწვევს ტრამპის კანდიდატები ხაზინის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის დეპარტამენტებისთვის, ამასთანავე მისი არჩევანი გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

XS
SM
MD
LG