ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზალიბერალიზაცია ყვითელსა და მწვანე შუქს შორის


საქართველოში ივლისისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის თაობაზე მწვანე შუქის ანთებას ელიან. ამის შესახებ არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთებულა, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაცია ცალსახა იმედიან განწყობას საფუძველს აცლის. ევროსაბჭოს ეგრეთ წოდებულ „კორპერში“, ანუ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში არაა კონსენსუსი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე. ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით ხედავენ საფრთხეს და მოითხოვენ გარკვეული ბერკეტების უზრუნველყოფას კანონმდებლობაში, რაც შესაძლებელს გახდის ვიზალიბერალიზაციის პროცესი მომენტალურად დამუხრუჭდეს და შეჩერდეს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი საფრთხის აღმოჩენისას. თუმცა პროცესი სანამ დამუხრუჭდება, მანამდე ის უნდა დაიძრას.

რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში კორპერის გადაწყვეტილებაზე და რა მოლოდინები აქვთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებლობის ამოქმედებაზე, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან გიგი გიგიაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა: „ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე ჯერ–ჯერობით, ნამდვილად არ გვსმენია, არავაირი კომენტარი ამის თაობაზე არ მიგვიღია. ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტში ვრჩებით პრეზიდენტ ქვეყანასთან, ჰოლანდიასთან, რომელმაც უშუალოდ უნდა მოახდინოს თავიდან ბოლომდე აზრის კონსოლიდაცია როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ყველა იმ სხვა ფორმატში, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის საბჭოს. ჩვენ ასევე მუდმივ კონტაქტში ვრჩებით ევროკომიასთან, რომელმაც გასული წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც არის სავსებით უნაკლო, უნიკალური, მის თანახმად, გადაჭარბებით კარგად აქვს საქართველოს ყველაფერი შესრულებული. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილებაა უნდა ვიცოდეთ მათი მხრიდან, ან თუ არსებობს რაიმე ახალი გარემოება. ჩვენ ხელთ გვაქვს არაჩვეულებრივი ანგარიში, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა და მათი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვასრულებთ და ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ ვიზა–ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ევროპასთან დაახლოების, რეფორმირების კუთხით. ასე რომ, თუ რაიმე ხარვეზია, ამის შესახებ ჩვენ პირველ რიგში, მათგან უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ევროკავშირი ახლა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი მოსაზრება რიგ საკითხთან მიმართებით. მაგრამ, რაც არ უნდა მოსაზრება არსებობდეს თითოეულ წევრ ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევების თაობაზე, სხვადასხვა რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამას არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ საქართველომ თავიდან ბოლომდე, უფრო მეტიც, გადაჭარბებით კარგად შეასრულა ის სამუშაო დავალება, რაც მას ჰქონდა წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა ხელისშემშლელ ფაქტორზე შეიძლება იყოს საუბარი ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ჩვენი მოლოდინია, რომ დამსახურების შესაბამისად, საქართველომ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“.

ერთია, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას 3.5 მილიონიან ქვეყანას აძლევ და მეორე, როდესაც კარს აღებ 45 მილიონი მოქალაქისთვის, თანაც იმ პირობებში, როდესაც ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება არაერთგვაროვანი განწყობები და პრობლემები დევნილთა მოჭარბებული ტალღის მიმართ. ამერიკის ხმასთან კახა გოგოლაშვილმა, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა: „ჩვენ ტექნიკურად არ ვართ თურქეთთან და უკარაინასთან დაკავშირებული ამ მომენტში. ჩვენი საკითხი ცალკე საკითხად განიხილება განიხილება და ცხადია, გადაწყვეიტლება იქნება მიღებული. მაგრამ მთლიანობაში, უკრაინისა და თურქეთის საკითხი, რა თქმა უნდა, ახდენს ამ პროცესზე გავლენას. კერძოდ, რა თვალსაზრისით: ძირითადად თურქეთის, მაგრამ ასევე ნაწილობრივ უკრაინის გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მოითხოვეს იმ მექანიზმის გამარტივება, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შესაძლოა გაუქმდეს სწრაფად ქვეყანასთან, თუ ეს ქვეყანა საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირს თავისი მიგრაციული პოლიტიკით. ამ ეტაპზე, ძირითადად აქცენტი გადატანილია სწორედ ამ კანონის მიღებაზე. ანუ რეგულაციაში ცვლილებაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სწრაფად მოახდინონ ინიცირება სავიზო რეჟმის შეჩერებისა ნებისმიერ ქვეყანასთან, მაშინ როდესაც ასეთი საკითხი იარსებებს. ამის გამო ყოვნდება გადაწყვეიტლება საქართველოსთან მიმართებითაც. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, რომ საქართველოს გაუხსნან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია ამ გუადაწყვეტილების მოხდეს მას შემდეგ, რაც მიიღებენ კანონს უვიზო რეჟმების სწრაფად გაუქმების შესახებ“.

მიიღებს საქართველო ევოკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლებას? თუ ეს შესაძლებლობა გადავადდება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, წლის ბოლოსთვის, ამის თაობაზე პასუხი დაახლოებით ერთ კვირაში გაცხადდება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.

XS
SM
MD
LG