ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამერიკაში მცხოვრებმა ტერორისტებმა მოაწყვეს

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში ჯერ კიდევ არის სუსტი ადგილი, რომელიც შესაძლოა პოტენციური ტერორისტების სამიზნე გახდეს.

არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებმა მომავალშიც განახორციელონ საჰაერო თავდასხმები ამერიკის სამთავრობო ობიექტებზე.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები სწორედ ამერიკაში მცხოვრებმა ტერორისტებმა მოაწყვეს, რომლებმაც მფრინავის ლიცენზია შეერთებულ შტატებში აიღეს.

შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმაციით, პილოტების მოსამზადებელ კომერციულ კურსებზე შესაძლოა დღესაც სწავლობდნენ პოტენციური ტერორისტები.

მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფრენის დ„აუფლების მსურველთა პირადი მონაცემების შემოწმება მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ ხდება.

შეერთებული შტატების კონგრესში აღნიშნული საკითხის განხილვის დროს სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა შეშფოთება გამოთქვა ამ პრობლემის გამო. მისი თქმით:

„ჩვენ ერაყის ომის ვეტერანებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს და კიბოთი დაავადებულ პაციენტებს თვითმფრინავით მგზავრობის დროს ვაიძულებთ ყოველმხრივი შემოწმება გაიარონ, ამავე დროს უცხოეთის მოქალაქეებს, 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის მუჰამედ ატას მსგავსად შეუძლიათ შემოწმების გარეშე აიღონ მფრინავის ლიცენზია.“

11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პილოტების მომზადების კომერციულ კურსებზე უცხოელი სტუდენტების გულდასმით შემოწმებას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს პროგრამა ხარვეზებით მუშაობს.

როგორც სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კერვინ ოლსონი ამბობს, ფრენის სასწავლო კურსების გავლა შეუძლებელია, თუ უცხოელ სტუდენტს არ აქვს ადმინისტრაციის ნებართვა, რომელიც მხოლოდ ამ პიროვნების მონაცემების შესწავლის შემდეგ გაიცემა.

თუმცა, როგორც მინესოტას შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩიპ კრავააკი აცხადებს, შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერია მფრინავების მომზადების საქმეში, ამიტომ თითქმის შეუძლებელია ადგილობრივი, თუ უცხოელი პოტენციური ტერორისტებისგან მომავალი საფრთხის თავიდან აცილება.

შეერთებული შტატების მთავრობის განხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომავალი სამი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG