ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ კორტნი საქართველო-რუსეთის ომს აფასებს


უილიამ კორტნი: კანონის უზენაესობის პირობებში არსებული პოლიტიკური კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:28 0:00
ბმული

რუსეთთან ომის ხუთი წლის თავზე, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია აშშ ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ესაუბრა.

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით ომიდან ხუთი წლის თავზე არსებულ მდგომარეობას? შეიცვალა თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა?

უილიამ კორტნი: ურთიერთობები ხუთი წლის თავზე უკეთესია. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი: ქართველებისა და რუსებისთვის ნათელია, რომ მათ საერთო კულტურული, ხალხებს შორის ურთიერთობის, საზიარო ეკონომიკური ინტერესები აქვთ. ორივე მხარეს ეტყობა სავაჭრო კავშირების დამყარების სურვილი. მეორე მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დაკავებული ახალი, უფრო დადებითი პოზიციაა რუსეთთან მიმართებაში.

ამერიკის ხმა: მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი საფრთხე საომარი მოქმედებების განახლებისთვის რეალური არ არის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გრძელდება ქართული მოსახლეობის გატაცების ფაქტები, აფხაზეთში კი რუსეთი სამხედრო ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამ კონტექსტში, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა რუსეთის აგრესიისა და ადამიანთა ტანჯვის აღსაკვეთად?

უილიამ კორტნი: გატაცებებთან დაკავშირებით, აუცილებელია ეს ინციდენტები საერთაშორისო მონიტორებმა შეისწავლონ, უცხოელმა დამკვირვებლებმა, რომლებსაც დასავლეთი ენდობა. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას და დამოკიდებულებას არსებული მოვლენებისადმი, ვიტყოდი, რომ 2008 წლის ომის დროს ამერიკისა და ევროპის რეაქცია ძლიერი იყო და ამ დროს ეს ქვეყნები შეშფოთებას უფრო მეტად იმ ფსიქოლოგიური ტრამვისა და პოლიტიკური გავლენის გამო გამოთქვამდნენ, რომელიც ამ სამხედრო დაპირისპირებამ დასავლეთზე მოახდინა.

5 წლის წინ ომის დროს, დასავლეთის მკაფიო გზავნილებმა განაპირობა ისიც, რომ 2009 წელს, როცა რუსეთს კიდევ ჰქონდა მცდელობა პროვოკაციები ეწარმოებინა, ანალოგიურ შემთხვევასთან აღარ მოგვიწია შეტაკება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რუსეთის შიდა პოლიტიკა დიდწილად საზღვრავს ქვეყნის ცხოვრებას. ჩვენი შეშფოთება მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ იქ ბოლო დროს ნაციონალისტური, ხშირად ქსენოფობიური სენტიმენტებიც კი ჭარბობს ხოლმე. ამ დროს დასავლეთის საუკეთესო მიდგომა იქნება თუ პირველი-მისი ლიდერები სიმტკიცეს გამოიჩენენ რუსეთში მიმდინარე მოვლენების პირისპირ და დაგმობენ არადემოკრატიული ცხოვრების წესს. მეორე-დასავლეთმა უნდა გააგრძელოს დამოუკიდებელი საქართველოს მხარდაჭერა.

ამერიკის ხმა: 2008 წელს, ომის შემდეგ თქვენ წერდით დასავლეთის მკაფიო პოლიტიკის აუცილებლობის შესახებ და რომ ეს პოლიტიკა საქართველოს ნატოში მიღებით უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე, როგორია საქართველოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, რა გამოწვევები რჩება ამ გზაზე?

უილიამ კორტნი: ნატოში გაწევრიანების გზაზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი და სერიოზული ფაქტორი არსებობს. პირველი-აქ არის ის გარემოება, რომ ალიანსის წევრებს შორის არ არის თანხმობა თუ რამდენად ღირს უკრაინისა და საქართველოს შემოერთება. უკრაინაში, ვიცით რომ საზოგადოება გაყოფილია ნატოში გაწევრიანების საკითხში. საქართველოში ამის პრობლემა არ არსებობს, რადგანმოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესს მხარს უჭერს. თუმცა ძალიან დიდ ჩავარდნად რჩება 2008 წელს, რუსეთთან დაპირისპირების დროს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს უჩენს იმის შეგრძნებას, რომ მომავალში თბილისი, შესაძლოა, არასტაბილური პარტნიორი იყოს და ის ალიანსის სახელმწიფოების ჩართვასაც მოახერხებს სამხედრო კონფლიქტში. ამის მიუხედავად, დღეს საერთაშორისო საზოგადოება უკეთ აცნობიერებს, რომ საქართველო უფრო მეტად გამოცდილი ქვეყანაა, რომელიც დაუფიქრებლად არ წამოეგება რუსეთის პროვოკაციებს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის პრობლემაა: საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ბევრად დაბალია ვიდრე ნატოს უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავალი. შესაბამისად, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ეკონომიკური რეფორმები და განავითაროს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი, რათა ალიანსის სრულფასოვანი კონტრიბუტორი გახდეს. ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ხელშეკრულების ორგანიზაცია ძალიან აფასებს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში, აისაფის მისიასა და უფრო ადრე-ერაყში წარმოებულ მისიებში. მაგრამ ამ ეტაპზე, ქვეყნის გაძლიერება ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკურ აქტივობაზე ორიენტაციით უნდა მოხდეს.

ამერიკის ხმა: სოჭში, ოლიმპიადის ჩატარების გეგმები ძალაშია. ფიქრობთ თუ არა, რომ ოლიმპიური თამაშების ორგანიზებით რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა რამენაირად გამწვავდება და რამდენად ხდება საქართველო კოლექტიური რეგიონალური უსაფრთხოების კონტრიბუტორი, მაშინ როცა ის საკუთარ გუნდს მიავლენს ასპარეზობებში?

უილიამ კორტნი: საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილებაა ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. თბილისს ბოიკოტი არცერთ შემთხვევაში არ მართებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ლობირებდნენ იმ იდეას, რომ ამ ოლიმპიადისთვის ბოიკოტი გამოგვეცხადებინა რუსეთში არსებული მდგომარეობის გამო. მე კი ვფიქრობ, რომ ბოიკოტი არაფერს ნიშნავს და მას შედეგად არც არაფერი მოჰყვება. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას, ასპარეზობების მშვიდობიანად წარმართვა, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებში შედის.

ამერიკის ხმა: საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა ტენდენციებს ხედავთ? ამ ფონზე, როგორ დაახასიათებთ ქართული სახელმწიფოს ბოლოდროინდელ მცდელობას დემოკრატიზაციისკენ და რა გამოწვევებს იწინასწარმეტყველებთ?

უილიამ კორტნი: მე, საქართველოში მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ბოლოდროინდელი მიღწევების შეფასებისგან ჩამოშორებული ვარ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ დასავლეთში ერთგვარი დაბნეულობა არსებობს ამ პროგრესის მიმართ. ერთის მხრივ, არსებობს შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური დევნის შეგრძნება, რომელიც გასული ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებებთან არის კავშირში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში სამართალწარმოება ღიად და სამართლიან გარემოში წარიმართოს და ეს უნდა იგრძნოს საქართველომ, ისევე როგორც საერთაშრისო თანამეგობრობამ.
მეორე მომენტია, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ფუნქციონირების საშუალება ექნება. ერთპარტიული გარემო არ ასახავს ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებას. წარსულის გამოცხილებიდან, საქართველომ ეს დაინახა. კოალიციის ჩამოყალიბება და მისი განვითარება სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მან კონკურენცია გაუწია წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მმართველ პარტიას. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდასახვა ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ვიტყვი, რომ კანონის უზენაესობის პირობებში არსებული პოლიტიკური კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.
XS
SM
MD
LG