ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა კავშირშია აშშ-ს "შავ სიაში" მოხვედრილი ქართული კომპანიები, სსტც „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან?


ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company ლევან კოტიაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაფუძნებულია
ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company ლევან კოტიაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაფუძნებულია

საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული სამი კომპანია, ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering, რომლებსაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიურომ (BIS) სანქციები დაუწესა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვან სპეციალისტს, ლევან კოტიაშვილს და მის მეუღლეს ეკუთნით. დირექტორი კი ლევან კოტიაშვილის შვილია.

ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company-ის იურიდიულ მისამართად, თბილისში, კოტიაშვილების საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული - იოსელიანის 2. BIS-ის ცნობით, ამ მისამართს იყენებს Gensis Engineering-ის ქართული ფილიალიც, თავად Gensis Engineering კი თურქეთში, სტამბულის რაიონში, პენდიკშია რეგისტრირებული, ასევე საცხოვრებელ სახლში.

აშშ-ს შავ სიაში მოხვედრილი "ქართული" კომპანიები
აშშ-ს შავ სიაში მოხვედრილი "ქართული" კომპანიები

ამერიკული მხარის ცნობით, საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია საექსპორტო კონტროლს არღვევდა, კერძოდ, მათი საშუალებით ხორციელდებოდა "ან იყო მცდელობა" - ირანის თავდაცვის ძალების სამხედრო პროგრამებისთვის, ამერიკული წარმოების ტექნიკის ან ტექნოლოგიის არალეგალური გზებით მიწოდებისა.

ლევან კოტიაშვილმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ამ კომპანიებში, მისი პარტნიორი ნამდვილად იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა ირანისთვის ამერიკული წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას კოტიაშვილი უარყოფს.

„ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მასოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია..შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“.
ლევან კოტიაშვილი, აშშ-ს შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების დამფუძნებელი და "დელტას" წამყვანი სპეციალისტი

„ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მახსოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია“- გვითხრა ლევან კოტიაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამ ფიქტიური კომპანიების საფარქვეშ შესრულებულიყო უკანონო ოპერაციები - ირანის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ, კოტიაშვილმა გვიპასუხა - „ალბათ, შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“.

კოტიაშვილი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაცია აქვს შესრულებული ირანელ პარტნიორებთან ერთად. „2013 წელს შემოვიტანეთ კომპიუტერის აქსესუარები, ეს იყო და ეს, ისიც ირანიდან არ შემოგვიტანია.“

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვანი სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირანელი პარტნიორების დაინტერესება მისი პერსონით, შესაძლოა, „დელტაში“ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. „მე ეს ხალხი გავიცანი მანამდე, სანამ დელტაში დავიწყებდი მუშაობას“ - ამტკიცებს ლევან კოტიაშვილი.

ROV Solutions-ის ვებ გვერდი, რომელიც სავარაუდოდ, ფიქტიული კომპანიაა
ROV Solutions-ის ვებ გვერდი, რომელიც სავარაუდოდ, ფიქტიული კომპანიაა

ლევან კოტიაშვილის მიერ 2012 წელს, თბილისში დაფუძნებულ კომპანია ROV Solutions-ს, რომელსაც ოფისის მისამართად, ტაშკენტის ქუჩა 12ა აქვს მითითებული, საკუთარ ვებ გვერდზე უწერია, რომ კომერციული-ტექნიკური დაივინგის სფეროში ოპერირებს, ნავთობისა და გაზის სექტორში წყალქვეშა სამუშაოებისა და ინსპექტირებისთვის. ასევე ჰყავს აგენტები ტაილანდსა და ჰონკონგში. კომპანიის მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს, ეს ნომერი სატელეფონო ბაზებში რეგისტრირებული არ არის.

სატელეფონო ინტერვიუს დროს ლევან კოტიაშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ROV Solutions საქმიანობის შესახებ, ამ დროს საუბარი მოულოდნელად გაწყდა, რესპოდენტმა მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელით.

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა, საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ დაივინგის კომპანიის მეპატრონეს, რომელიც ქვეყანაში უკვე წლებია მუშაობს და გამოცდილება კომერციული დაივინგის მიმართულებითაც აქვს, მან გვითხრა, რომ ROV Solutions-ის შესახებ არაფერი სმენია.

ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომლებიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდნენ ამერიკულ ტექნიკას ან ტექნოლოგიას. ეს ჩვენი საგარეო ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია
გიორგი ნონიაშვილი, "ევროპული საქართველო"

„ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მნიშვნელოვანია გაირკვეს რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომლებიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდნენ ამერიკულ ტექნიკას ან ტექნოლოგიას. ეს ჩვენი საგარეო ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიკაშვილი.

მისივე თქვით, „ჩვენ აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ვართ და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მიექცია ჩვენს ხელისუფლებას ყურადღება ამ კომპანიებისთვის და არა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ამ კომპანიებს სანქციებს დაუწესებდა. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ჩვენმა ფინანსთა და საშემოსავლო უწყებებმა გაარკვიონ ეს კომპანიები რას საქმიანობენ და რით ოპერირებენ“ - აცხადებს ნონიკაშვილი.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც ლევან კოტიაშვილი წამყვან სპეციალისტად მუშაობს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ იმყოფება.

გენშტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი და პრემიერი "დელტაში"
გენშტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი და პრემიერი "დელტაში"

„დელტა“, რომელიც ქართული სამხედრო მრეწველობის ცენტრია, თბილისის საავიაციო ქარხანასთან ერთად, შემდეგ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს აერთიანებს: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტს; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს; მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტს; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს და ინსტიტუტ „ოპტიკას“.

ლევან კოტიაშვილი აკადემიური დოქტორის ხარისხს ფლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ეს ინფორმაცია სტუ-ში დაგვიდასტურეს. ამავე დროს, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან, რომელიც „დელტას“ შემადგენლობაშია.

2016 წელს, მეცნიერთა ჯგუფს, რომელშიც ლევან კოტიაშვილიც შედიოდა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევისთვის გრანტი გამოუყო. პროექტის სახელწოდებაა „ლოკალიზებული პლასტიკური არეებისა და პლასტიკური ზონის კვლევა, ბირთვულ ენერგეტიკაში და მრეწველობაში გამოყენებული მარტენსიტული კლასის Cr-იან ფოლადებში, დაბალციკლური დაღლილობითი დეფორმაციისას“.

ლევან კოტიაშვილს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, რამდენიმე ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე (გამოგონებაზე) პატენტი აქვს მიღებული, მეტალურგიაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, რომელიც დღეს რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ცენტრ - როსპატენტშია დაცული.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს გადაწყვეტილებით, თბილისში რეგისტრირებული ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company და თურქეთში რეგისტრირებული Gensis Engineering, რომელსაც ქართული ფილიალი აქვს (და „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან არის დაკავშირებული), აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამავე მიზეზით, აშშ-მ „შავ სიაში“ შეიყვანა კიდევ 37 კომპანია და საწარმო, რომლებიც ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთშია რეგისტრირებული.

ჩვენ დავუკავშირდით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ აკონტროლებს, მასალა განახლდება, როგორც კი სამინისტროდან კომენტარის მივიღებას შევძლებთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG