ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა


რადიო თავისუფლების ფოტო, 6 ივლისი, 2016

რადიო თავისუფლების ფოტო, 6 ივლისი, 2016

„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მონდომებულია გააღრმავოს ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა,“ ესაა ამონარიდი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმიდან, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობას მოიცავს. მემორანდუმს ხელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს.

ამავე მემორანდუმში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისადმი ამერიკის მხარდაჭერა:

„შეერთებული შტატები მყარად დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს როგორც სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს რეგიონში და აგრძელებს მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი არჩევანის მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკა აფასებს საქართველოს მიერ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მისი მოქალაქეები შეუერთდნენ ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებას.“

„შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და აფასებს ქართველი ძალების მონაწილეობას ავღანეთის და მსოფლიოს სხვა ოპერაციებში. აშშ ღრმად აფასებს საქართველოს გამორჩეულ კონტრიბუციას გლობალური მშვიდობის მიღწევის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხში,“ ვკითხულობთ მემორანდუმში.

ნატოს ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე სახელმწიფო მდივანი თბილისში ჩავიდა, სადაც პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გამართა.

2009 წელს შექმნილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ხალხთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად სახელმწიფო მდივანმა დღეს რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა.

თავდაცვა და უსაფრთხოება - სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა კვირიკაშვილმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა - კერიმ 5-წლიანი 15 მილიონიანი ეკონომიკის სიმტკიცის პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდი განახორციელებს და რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში ბიზნეს უნარების განვითარებაა. პროგრამის მთავარი სამიზნეები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული და კონფლიქტის ზონების მოსაზღვრე რეგიონები იქნება.

დემოკრატია და მმართველობა - საქართველოში შრომის კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად შეერთებული შტატები 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

ხალხთაშორისი კავშირები - სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები და საქართველო დააფინანსებენ ფულბრაიტის პროგრამას და გაორმაგდება ქართველი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამერიკაში ისწავლიან. 2016 წელს ფულბრაიტის პროგრამით შეერთებულ შტატებში სასწავლებლად 3 ქართველი სტუდენტი გაემგზავრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG