ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილი ტერაქტიდან მეთხუთმეტე წელს ისევ ხარაჩოებშია. სიდიდით მეორე, 382 მეტრის, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე ცათამბჯენის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. პირველი- 417 მეტრის სიდიდის შენობა ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა. ტერაქტის ადგილას ისევ მტვერია, სამშენებლო მტვერი, მშენებლები, პოლიციის მანქანები და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები.

რაც უფრო უახლოვდებით „Ground Zero“-ს, სამშენებლო მტვერში ქათქათა თეთრი ფერის კონსტრუქციას ხედავთ, რომელიც ფრთებს გაგონებთ. ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას დიზაინით შექმნილი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სატრანსპორტო კვანძი ნიუ-ჯერსის შტატის სატრანსპორტო -გადამყვან სამსახურს და ნიუ-იორკის მეტროს რამდენიმე ხაზს ფულტონის სადგურში აკავშირებს. ამერიკულმა მედიამ 2016 წლის მაისში გახსნილ ამ შენობას ფულის ყრაც უწოდა, თუმცა გახნის დღიდანვე აქ ტურისტების ნაკადი არ წყდება. ეს არის სავაჭრო მოლი კაფეებით, რესტორნებით, საბანკო და სამთავრობო ოფისებით და ისევ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებით. რამდენიმე-სართულიან სატრანსპორტო სადგურში ლიფტები და ესკალატორები მოძრაობენ. მათი დახმარებით ჩადიხარ პირველ სართულზე, რომელიც არის უზარმაზარი ცარიელი სივრცე, რაც ფრთების ქვეშ თავისუფლების შეგრძნებას იწვევს.

ახალ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ზოგიერთი ამერიკელი კრიტიკულად აფასებს.

ადამი ამბობს: „არ ვიცი რა ვთქვა ეს ულამაზესი შენობაა და დაუთმეს მაღაზიებს. რაღაც უცნაურია ჩემთვის, რომ ამ მიზნით იყენებენ ამ ადგილს. ალბათ შეიძლებოდა აქ სხვა რაღაცეების გაკეთებაც.“

19 წლის ჰოლი, დიდი ბრიტანეთიდან ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად არდადეგებზე ჩამოვიდა. ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ბავშვები იყვნენ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 15 წლის წინ ტელევიზორიდან შექმნილმა მძიმე შთაბეჭდილებამ მოიყვანა.

ჰოლი: მე ხუთის ვიყავი როდესაც ეს მოხდა. ტელევიზორში ვუყურებდი. რა შეიცვალა ამ დღის შემდეგ? ტერაქტის შემდეგ მსოფლიოში გაიაზარდა უსაფრთხოების ფასი. თუმცა მუსლიმური სამყაროდან დღეს დასავლეთს უფრო მეტი საფრთხე ექმნება. მანამდე, ტერაქტები უმეტესად ახლო აღმოსავლეთში ხდებოდა. ახლა ტერორისტების სამიზნე უფრო დასავლეთი და სუპერსახელმწიფოები გახდნენ. ვფიქრობ უსაფრთხოება მთელს მსოფლიოში უფრო გამკაცრდა, "აი-სი-სის" ფაქტორის გამოც.

11 სექტემბრის ტერაქტიდან მეთხუთმეტე წელს, ადამიანებში ისევ ცოცხალია ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებული მოგონებები და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი.

მაია კილაძე „ტყუპების“ ახლოს მდებარე შენობაში მუშაობდა და ყოველდღიურად დილის 9 საათისთვის ფულტონის სადგურიდან გამოდიოდა, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში რამდენიმე გამოსასვლელი ჰქონდა. ის კბილის ექიმთან დილას დანიშნულმა შეხვედრამ გადაარჩინა. მისი შემცვლელი კი იმან, რომ სამსახურში მისასვლელად მეტროთი მგზავრობა არ უწევდა.

მაია კილაძე: 9 საათზე, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, მე მაგ დროს მეტროში ვიყავი ხოლმე ყოველი კვირის ყოველ დღეს. ასეთი გრაფიკი მქონდა. მაგრამ ეს იყო ღვთის განგება, რომ იმ დღეს თანამშრომელს გადავუცვალე. ისიც გადარჩა, რადგან სამსახურში მისასვლელად მეტრო არ სჭირდებოდა. ტერაქტის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანების მიახლოვება იმ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა. მტვერი და ნანგრევები იყო და არ უშვებდნენ ხალხს. თითქოს მუზეუმივით ინახავდნენ. ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის ნახვა ჩემთვის და გააზრება.

მაია კილაძე რესტორანში, რომელიც ტერაქტის ადგილიდან ძალიან ახლოს მდებარეობდა, 1998 წლიდან მუშაობდა. ტერაქტის დროს მისი სამსახურის შენობაც დაზიანდა. აღდგენის შემდეგ მან მუშაობა ისევ იქ გააგრძელა, თუმცა მძიმე და სევდიანი განწყობით. ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე 5 წლის განმავლობაში სამსახურში მიიჩქაროდნენ და მას მეტროში ხვდებოდნენ, ის სახეები ტერაქტის შემდეგ აღარ უნახავს.

მაია კილაძე: რათქმა უნდა, ახლაც ემოცია მაქვს, მიუხედავად იმისა რომ, ბევრი წელი გავიდა. რამდენიმე პიროვნება, რამდენიც მეგულებოდა, რომ ვნახავდი ვეღარ ვნახე. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.

ცრემლების გარეშე ამ დღეს ვერ იხსენებს თამარ ჯანგულაშვილიც. 11 სექტემბრის დილას ბლიქერის ქუჩა სახანძრო მანქანების გამაყრუებელმა ხმაურმა გამოაღვიძა. თამუნა იმ დროს ბიზნეს ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სასწავლებელში მიდიოდა.

თამარ ჯანგულაშვილი: ნელა გაიარეს იმ მონაკვეთში და დავინახე ხალხი ხელს უქნევდა მეხანძრეებს. მეც მივესალმე. როგორც მერე გავიგე, ესენი იყვნენ პირველი მეხანძრეები, რომლებიც ტერაქტის ადგილზე გამოიძახეს. არავის ეგონა, რომ რაიმე სერიოზული ხდებოდა, თუმცა ბევრი მანქანა მიდიოდა. კოლეჯში რომ მივედი, იქ ვუყურე როგორ დაინგრა პირველი თაუერი. მერე სულ მახსენდებოდა მეხანძრეებმა რომ გაიარეს და ხელი დავუქნიე. ის ბიჭები, ყველა დაიღუპა იქ.

თამუნა ყვება, რომ ტერაქტის შემდეგ ბლიქერის ქუჩაზე, რომელიც ტერაქტის ადგილის რაიონში მდებარეობს, საშინელი მტვერი და სპეციფიური სუნი დარჩა, რის გამოც იძულებული გახდა თბილისში ჩასულიყო და რამდენიმე თვე დარჩენილიყო.

თბილისიდან ჩამოსულს კი უბანი შეცვლილი დახვდა. დაიხურა ბევრი „ისტ ვილიჯის“ ხასიათის და სულის შესაფერისი მაღაზია და კაფე, რესტორანი, რომელიც შემდეგ აღარ გაუხსნიათ. გაჩნდა ახალი ბიზნესი, ახალი რესტორნები, მათ შორის ქართული „ოლდ-თბილისი გარდენ“.

მსახიობი ცუცა კაპანაძე 11 სექტემბერს გასტროლებით სირიაში იმყოფებოდა და ტრაგედიის შესახებ ტელევიზორიდან შეიტყო. ამერიკაში მცხოვრები მეგობრები მან სწორედ იქიდან მოიკითხა. ცუცა კაპანაძე ამბობს, რომ იმ ტრაგიკულ წუთებში დამასკოს მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში შამპანურის გასახსნელად გავიდა.

ცუცა კაპანაძე: გარეთ მანქანების საშინელი სიგნალი იყო. ვიფიქრე რომ ამერიკელებს უთანაგრძნობდნენ , მაგრამ გამოვედით და რას ვხედავთ - გამოაქვთ დროშები, ხსნიან სასმელებს და ამბობენ, რომ ასე მოუხდებათ ამერიკელებს.

მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ტერაქტის დროს ნიუ-იორკში „ტვინსებზე“ შეჯახებისას 2606-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლად მიიჩნიეს ის ადამიანებიც, რომლებიც ტერაქტის დროს გადარჩნენ, თუმცა მოგვიანებით ფილტვების სიმსივნით ან სასუნთქი ორგანოების დაავადებით, სხვადასხვა ტრამვებით გარდაიცვალნენ.

ტერაქტის მსხვერპლთა სახელები ამოტვიფრულია მემორიალური შადრევანის გარშემო, რომელიც 11 სექტემბერს ბოინგის შეჯახების დროს ჩამოშლილი ერთ-ერთი ცათამბჯენის ადგილზე ააშენეს. ეს არის სიმბოლო მარადიული ხსოვნის, მშვიდობის სურვილის, თავისუფლებაზე ოცნების და ტკივილის, რომელიც ამერიკელებს არასდროს გაუნელდებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG