ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შედეგები აქვს ამერიკაში ლტოლვილთა მიღების შეჩერებას?


გაერთიანებული ორგანიზაციის სააგენტოები შემაშფოთებლად მიიჩნევენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დროებით შეაჩეროს ლტოლვილთა განსახლების პროგრამები. სააგენტოები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ლტოლვილებზე უდიდესი გავლენა აქვს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით მარტო ამ კვირას შეერთებულ შტატებში 800-ზე მეტი ლტოლვილი უნდა ჩამოსულიყო. სააგენტოსვე მონაცემებით პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება დაახლოებით 30 000 ლტოლვის შეეხევა, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შემოსვლა მომდევნო 120 დღის განმავლობაში ეკრძალებათ.

ლტოლვილთა პროგრამის შეჩერება პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების ნაწილია, რომელმაც, ტრამპის თქმით, ქვეყანა „რადიკალი ისლამისტი ტერორისტების“ შემოსვლისგან უნდა დაიცვას.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპიკერი ვანინა მესტრაჩი ამბობს, რომ ლტოლვილები ქვეყანაში შემოსვლამდე ორწლიან შემოწმებას გადიან.

“საწყის ეტაპზე ჩვენ ინტერვიუები ჩავატარეთ და მოკვლევები ვაწარმოეთ, შემდეგ უკვე უშუალოდ ის 30 ქვეყანა ჩაერთო, რომელიც განსახლებას აწარმოებს. შეერთებული შტატები არ არის განსახლების მაწარმოებელი ერთადერთი ქვეყანა. საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, თუ ვინ ჩამოდის შეერთებულ შტატებში, სწორედ ეს ქვეყნები იღებენ. უნდა ითქვას, რომ ის ლტოლვილები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოდიან, ყველაზე მეტ შემოწმებას გადიან,” ამბობს მესტრაჩი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სპიკერი ლეონარდ დოილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი უსაფრთხოების შესაბამისად სასაზღვრო პოლიტიკა განსაზღვროს. ამის მიუხედავად დოილი ამბობს, რომ იმ ლტოლვილების ბედი ანაღვლებს, ვინც შემოწმების ეტაპი წარმატებით გაიარა და ქვეყანაში შემოსვლას მაინც ვერ ახერხებს.

„ეს ადამიანები წლობით ელოდნენ აქ ჩამოსვლას. მოთმინებით ელოდნენ ამ დღეს, გაყიდეს შემორჩენილი ნივთები გაყიდეს და დათმეს ლტოლვილთა ბანაკები, სადაც წლობით ცხოვრობდნენ. ამ ადამიანებმა ცხოვრება დაკარგეს და მათი ბანაკებში დაბრუნება სისასტიკეა,“ ამბობს დოილი.

მისი თქმით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია პატივს ცემს შეერთებული შტატების როლს, რომელსაც ის ლტოლვილების საქმეში ათწლეულების განმავლობაში კისრულობდა. დღეს კი ორგანიზაციას კედლების ნაცვლად, ხიდების აშენების სჯერა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG