ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია " ბეინ კაპიტალი" ყურადღების ქვეშ მოექცა


კერძო კორპორაციები დიდ როლს თამაშობენ შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების ყურადღება ერთ-ერთმა ამგვარმა კომპანიამ „ბეინ კაპიტალმა“ მიიპყრო, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ბოსტონში მდებარეობს.

ბეინ კაპიტალის დამაარსებელი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიტ რომნია და კომპანიის ხელმძღვანელობამ მას მრავალი მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.

ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რომნის მეტოქე, შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ კომპანიაში რომნის მოღვაწეობას კრიტიკულად აფასებს.

ბეინ კაპიტალი კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მილიონერებს და ფინანსურ ორგანიზაციებს მათი კაპიტალის კერძო კორპორაციებში დაბანდებაში უწევს დახმარებას. შემდეგ ისინი ამ კორპორაციების აქციების გაზრდაზე ზრუნავენ, სანამ მათ უფრო მომგებიან ფასად გაყიდიდნენ.

ბეინ კაპიტალი და მისი პარტნიორი კომპანიები შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი კაპიტალის მფლობელები არიან. მათ 65 კომპანიაში 60 მილიარდი დოლარი აქვთ დაბანდებული.

ახლახანს ბეინ კაპიტალმა რამდენიმე კერძო კომპანიასთან ერთად ამერიკაში სიდიდით მეორე კინოდარბაზების ქსელი ეი-ემ-სი 2,6 მილიარდ დოლარად მიყიდა ჩინურ კორპორაციას.

ბეინი კეპიტალი მიტ რომნი პარტნიორებთან ერთად 1984 წელს დააფუძნა. 1999 წელს რომნიმ დატოვა კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა. მისი თქმით კომპანიში მოღვაწეობის დროს მათ 100 000 სამუშაო ადგილი შექმნეს.

მიტ რომნის განცხადებით კომპანიაში მიღებულმა გამოცდილებამ მას დიდად შეუწყო ხელი მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორობის დროს.

მიტ რომნი აკრიტიკებს პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან, რაც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდა.

მისი თქმით:“ ეს არის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პერიოდი და ამერიკელი ხალხი ზარალდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო.“

რომნის განცხადებით მისი არჩევის შემთხვევაში ის დაბალნსებული ბიუჯეტის მიღებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი ობამა და მისი გუნდი განსხვავებულად უყურებენ ბეინ კაპიტალის მოღვაწეობას შეერთებულ შტატებში. მათი თქმით, როდესაც ბეინ კაპიტალის ინვესტიციები არ ამართლებდა ათასობით ამერიკელმა სამსახური დაკარგა, თუმცა ინვესტორების მცირე ჯგუფმა დიდი მოგება ნახა.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით:“ შეიძლება ეკონომიკის კერძო სექტორში დიდ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ეს არ არის, ამერიკის პრეზიდენტის საქმე. ამერიკის პრეზიდენტი 10-20 წლით წინ უნდა იყურებოდეს და ისე წარმართავდეს თავის პოლიტიკას.“

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ბეინ კაპიტალი და მიტ რომნის მოღვაწეობა ამ კომპანიაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

XS
SM
MD
LG