ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის სტრატეგიას ანახლებს


პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სირიის და ერაყის ქალაქებიდან გასაძევებლად ბრძოლას გააძლიერებს, სირიელი ზომიერი ოპოზიციის დანაყოფების წვრთნების წარუმატებელ პროგრამას განაახლებს და ექსტრემისტების წინააღმდეგ იერიშს გააგრძელებს.

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წარუდგინა სენატს ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა.

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბროლის გამოცხადებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. სტრატეგიის ცვლილებაზე და ამერიკის მეტ ჩართულობაზე კარტერმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ისაუბრა.

მისი თქმით გასულ კვირას ერაყის ციხეში ჩატარებული რეიდის მსგავსი ოპერაციები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ უკან არ დავიხევთ და დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ან გავაგრძელებთ ასეთ პირდაპირ რეიდებს, იქნება ეს საჰაერო შეტევები თუ მოქმედება ხმელეთზე,“ თქვა კარტერმა კომიტეტში გამოსვლისას.

მან დაჯგუფებასთან საბრძოლველად სირიაში წვრთნების გააქტიურების პირობა დადო: „ყველა ამ საჰაერო თუ სახმელეთო შეტევამ საბოლოო ჯამში ისლამური სახელმწიფო უნდა შეასუსტოს და მისი გავლენის ტერიტორია შეამციროს, უნდა გაზარდოს დაჯგუფებასთან ბრძოლის შესაძლებლობები და შედეგად ამ ბოროტ მოძრაობას მშვიდად არსად უნდა დაედგომოდეს.“

სენატში კარტერს თან ახლდა ამერიკის უმაღლესი სამხედრო ოფიცერი, შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე - გენერალი ჯოზეფ დანფორდი.

„ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით კმაყოფილები მანამ, ვიდრე ისლამური სახელმწიფო არ დამარცხდება,“ განაცხადა დანფორდმა.

ბევრი რესპუბლიკელისთვის ობამას ადმინისტრაციის სტრატეგია სუსტი და ძალისხმევა კი არასაკმარისია. მათი თქმით სტრატეგია ასევე უგულებელყოფს სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის გავლენას.

„ახლა, ჩვენი საუბრის პარალელურად, რუსეთის თვითმფრინავები სირიის ოპოზიციის ზომიერ ძალებს ბომბავენ, ჩვენ კი ამასობაში უკან დავიხიეთ,“ უთხრა კარტერს კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

„ბატონებო, თქვენ და პრეზიდენტმა მოახერხეთ, რომ სირია რუსეთისკენ შებრუნდა. ეს სუსტი სტრატეგიაა,“ განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრამმა.

დემოკრატების შეფასებით კი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობიდან ჩამოშორების სტრატეგიამ შესაძლოა ქაოსი და ძალადობა გამოიწვიოს, როგორc ეს ლიბიაში, მოამარ კადაფის გადაყენების შემდეგ მოხდა.

XS
SM
MD
LG