ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრთხილი ოპტიმიზმი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაში


ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, რამდენად შენარჩუნდება დღემდე არსებული მხარდაჭერა და როგორ უნდა დაანახოს თბილისმა ვაშინგტონს საკუთარი მნიშვნელობა.

საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ტრადიციული კავკასიური ტიპის პრობლემები გვაქვს. სხვებისგან განსხვავებით, საქართველო პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას ცდილობს.

ამერიკის ხუთგზის ელჩი, მათ შორის, გაეროში და რუსეთის ფედერაციაში, ტომას პიკერინგი აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. ტრამპის ადმინისტრაციისთვის მისი რჩევა წარსული პოლიტიკის გადახედვაა.

„ბუშსა და ობამას შორის საქართველოზე გარკვეული განგრძობითობა გვქონდა. როცა ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს განიხილავს - და ეს თემა არ იქნება პრიორიტეტული პოლიტიკის სიაში - უნდა გადახედონ წარსულს და შეაფასონ რატომ გატარდა ესა თუ ის პოლიტიკა, რა შედეგს მივაღწიეთ და რას ვერა, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ რა არის შესაცვლელი,“ განაცხადა კარიერულმა დიპლომატმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

პიკერინგი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ახლო ურთიერთობის გაგრძელებას იმედიანად უყურებს, რადგან ორ ქვეყანას ბევრი საერთო ღირებულება და ინტერესი აქვს. თუმცა, ის დასძენს, რომ „ქართველებმა უნდა განუმარტონ ადმინისტრაციას, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად ამ ურთიერთობაში, რამდენად ახლოსაა საქართველო ამერიკასთან და რატომ."

დღეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი პრობლემა არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, არამედ ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი არ არის.

პიკერინგის თქმით, "ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ უნდა მოისმინოს საქართველოს მთავრობის პოზიცია," რადგან "საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ტრადიციული კავკასიური ტიპის პრობლემები გვაქვს. სხვებისგან განსხვავებით, საქართველო პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას ცდილობს.“

ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს და კონგრესთან აქტიურ ურთიერთობას თბილისისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარმატების და სამომავლო გეგმების შესახებაც უნდა გაიგოს, ამბობს უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

„საქართველოს მთავარი გზავნილი მტკიცე ეკონიმიკური რეფორმები უნდა იყოს, რომ ყველამ დაინახოს, რომ ნატოს უსაფრთხოებაში თბილისს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლება," აცხადებს კორტნი.

საქართველომ წარმატებით გადაიტანა წინა ორი ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკა. არ მგონია ამ ეტაპზე ნერვიულობა ღირდეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ნამდვილად აუცილებელია.

ყოფილი ელჩი ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს სხვა გრძელვადიან მიზნებსაც უკავშირებს. მას მიაჩნია, რომ "დღეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი პრობლემა არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, არამედ ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი არ არის. ტრამპის ადმინისტრაციასთან საქართველოს გზავნილი ეკონომიკურად გაძლიერების პირობა უნდა იყოს.“

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიეთრობას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა პრიორიტეტები ექნება პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან. ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკა რუსეთის, ეგრეთ წოდებული, გავლენის სფეროს არ აღიარებს და ამით საკუთარ პრინციპებს არ გადაუხვევს.

პიკერინს მიაჩნია, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომლის პოზიცია და მიზნები ამერიკის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ ამასთან ერთად, ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს.

„თუ რუსეთი გავლენის სფეროზე საუბრობს, მაშინ ამაში მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები უნდა შედიოდეს და არა ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ამერიკა ამ პრინციპს - ვფიქრობ - დაიცავს,“ ამბობს პიკერინგი.

ექსპერტებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პრეზიდენტ ტრამპის საბოლოო პოზიცია ევრაზიის რეგიონთან მიმართებაში. ამ ეტაპზე, მათი ნაწილი საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ხედავს. ​

ატრანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს მიაჩნია, რომ "რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მოსალოდნელია," ისევე როგორც ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებმა სცადეს. "საქართველომ წარმატებით გადაიტანა წინა ორი ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკა. არ მგონია ამ ეტაპზე ნერვიულობა ღირდეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ნამდვილად აუცილებელია," ამბობს ლინდერმანი.

პრეზიდენტმა ტრამპმა საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე - მათ შორის, ნატოზეც - კამპანიის დროს დაფიქსირებული პოზიცია შეიცვალა და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის პირობა დადო, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება. მეორეს მხრივ, მან განაცხადა, რომ ამერიკას პირველ რიგში დააყენებს, რაც ექსპერტების აზრით, გარიგების პოლიტიკის გატარების სიგნალია.

XS
SM
MD
LG